პარლამენტარების „სიმბოლური მისია“ ავღანეთში

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც იქნა, გაახსენდა საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, რომელიც გასული წლის ნოემბერიდან იმყოფება ავღანეთში. 14 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძე, პარლამენტართა მცირე ჯგუფთან ერთად, ერთი დღით ჩავიდა ქაბულში, სადაც საფრანგეთის კონტინგენტის შემადგენლობაში მეექვსე თვეა, იმყოფება საქართველოს 175 სამხედრო მოსამსახურე. ამ ძუნწი, თითქმის არაფრისმთქმელი ინფორმაციის გარდა, საქართველოს კონტინგენტის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. არ ვიცით, თუ ვინ არიან, როგორ ცხოვრობენ, რაზე ფიქრობენ, რა ენატრებათ და ეფიქრებათ სამხედროფორმიან ადამიანებს, რომლებიც სამშობლომ გაგზავნა იმ ქვეყანაში, საიდანაც ყოველდღე მოდის ინფორმაცია მემბოხეთა მიერ მოწყობილი თავდასხმებისა, შეტაკებების და სამხედროების დაღუპვის შესახებ.

ძალაუნებურად მახსენდება „ნატოს სამოქალაქო მომზადების ცენტრში“ სექტემებრში გამართული ლექცია-სემინარი, რომელსაც ლატვიელი, ლიტველი და ესტონელი ექსპერტები ატარებდნენ ქართველ კოლეგებთან ერთად. ბალტიისპირელებმა, რომლებსაც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობის უფრო ხანგრძლი გამოცდილება აქვთ, საქართველოს სამხედრო ხელისუფლებას ურჩევდნენ მაქსიმალური ყურადრების ცენტრში ჰყოლოდათ ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები. რეგულარულად გაეგზავნათ ჟურნალისტები ავღანეთში მშვიდობისდამცველთა ყოფა-ცხოვრების შესახებ სიუჟეტების მოსამზადებლად, მოემზადებინათ სხვადასხვა ფოტო-გამოფენა და პრეზენტაციები საქართველოს სამხედრო მისიაზე, გამოექვეყნებინათ გამორჩეული ჯარისკაცების ფოტოები და ბიოგრაფიები თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებულ ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში, გაეგზავნათ სამადლობელი წერილები მათი ოჯახებისათვის, მოემზადებინათ სპიკერები თავად ქვედანაყოფის შიგნით, რომლებიც დალაგებულად და დამაჯერებლად განუმარტავდნენ აუდიტორიას, თუ რა საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ქართველი მშვიდობისდამცველები ავღანეთში, როგორია მათი მოტივაცია, საბრძოლო სულისკვეთება, ურთიერთობა ავღანეთის ხელისუფლებისა თუ მრავალეროვნული კონტინგენტის წარმომადგენლებთან. საერთოდ, როგორ ეკიდებიან ავღანელები მათ ქვეყანაში ქართველი სამხედროების ყოფნას და ასე შემდეგ.


ავღანეთში ქართველი სამხედროების გაცილების საზეიმო ცერემონია. ვაზიანი, 2010 წლის 7 აპრილი.
არც ერთი ეს რეკომენდაცია ჯერჯერობით არ შესრულებულა. საქართველოს კონტინგენტი ავღანეთში სრულ საინფორმაციო იზოლაციაშია. გინდა ქაბულში ყოფილა ჩვენი სამხედრო დანაყოფი და გინდაც - მთვარეზე. და აი, ამ ექვსთვიანი საინფორმაციო ვაკუუმის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიიღო გადაწყვეტილება, ჩასულიყო ქაბულში და ერთი დღით დარჩენილიყო იმ სამხედრო ბაზაზე, სადაც ქართული ბატალიონი მსახურობს. „ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მოვალეობაა, მორალურად და ფიზიკურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ჯარისკაცებს“, - განუცხადა დავით ბაქარაძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „ჩვენ სიმბოლურად მათთან ერთად გავივლით იმ პრობლემებს და ხიფათს, რომლებსაც ავღანეთში სამსახურის პირობებში ხვდებიან.“

ჯარისკაცს, რაც საკუთარ თავზე განმიცდია, მცირედი ყურადღება და გამხნევება ჰაერივით სჭირდება, მით უფრო საომარი დავალების შესრულების დროს. არ ვიცი, რას ნიშნავს „პრობლემებისა და ხიფათების სიმბოლურად გავლა“, მაგრამ ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს, რომ ხშირად, სიმბოლოებისა და პროტოკოლების გარეშე მოუსმინოს ჯარისკაცებს და არა მხოლოდ სარდლებს, რომლებსაც სუბორდინაცია ბოჭავთ, დასვან ისეთი შეკითხვები, რასაც დასვამდა რიგითი ჯარისკაცი, ყოველდღიურად რომ დგას ხიფათის წინაშე. ავღანეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცის ახლობლისაგან ცოტა ხნის წინ იმეილით მივიღე რამდენიმე შეკითხვა, რასაც სიამოვნებით ვუგზავნი ავღანეთში მყოფ ბატონ დავით ბაქრაძეს და მის თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციას

- რატომ ეთვლებათ მსოფლიოს ყველაზე უფრო ცხელ წერტილში საბრძოლო დავალების შესრულება, მხოლოდ და მხოლოდ მივლინებად და არა ომში მონაწილეობად ქართველ მშვიდობისდამცველებს?
- დაწესდება თუ არა სპეციალური ჯილდო საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში მყოფი ქართველი სამხედროებისათვის?
- ექნებათ თუ არა მათ შეღავათები და სახელმწიფო დახმარება სამხედრო და სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში?
- შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად რამდენიმე, თუნდაც ყველაზე გამორჩეული ჯარისკაცის მშობელიც ჩავიდეს ავღანეთში?
- იგეგმება თუ არა პირველი ქვედანაყოფის როტაცია დადგენილ ვადებში, რადგან ექვსი თვე თითქმის მიიწურა?