ქართული პრესის დღევანდელ მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომლის პირველ გვერდზე დღესაც სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ პუბლიკაციას ნახავთ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე ეჭვების გამოთქმა პოლონურ და რუსულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გრძელდება. ამჯერად დაბრალება-თავის მართლება პოლონელ მფრინავთა და რუს დისპეტჩერთა შორის მიმდინარეობსო, წერს „რეზონანსი“ სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”ავიაკატასტროფის მიზეზი ხუთშაბათს გაირკვევა”. სხვა კუთხით ეხმიანება ტრაგედიას ”საქართველოს რესპუბლიკა”, რომელიც მკითხველს 1940 წელს კატინში ჩადენილი დანაშაულის დეტალებს აცნობს. საკმაოდ ვრცელ სტატიაში ავტორი დაწვრილებით აღწერს, თუ რა უძღოდა წინ საბჭოელების მიერ ათიათასობით პოლონელის დახოცვას და რა მოხდა შემდეგ. სტატიას, რომლის სათაურიცაა ”კატინი, ანუ ტკივილი, რომელიც არ ნელდება“, ”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ.
ქართული გაზეთები დროდადრო უბრუნდებიან ხოლმე იმ კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც, კინოთეატრებს, შესაძლოა, ფილმის გაშვება ორიგინალის ენაზე დაევალოთ. ამასთან დაკავშირებით ”რეზონანსი” წერს, ვინც ორიგინალის ენა არ იცის, ძალიან ძნელია ფილმს უყუროს, რადგან ფილმის ყურება კი არა, ტიტრების წაკითხვა მოუწევსო. გაზეთი ამატებს, ინიციატივის ავტორები ერთ-ერთ არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ ეს უცხო ენის სწავლის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ არავის ჩაუტარებია კვლევა, ამ მეთოდით რა პროცენტმა, რა დონეზე და რომელი უცხო ენების სწავლა შეძლოო. ”ახალი თაობა” კი ყურადღებას პარლამენტარ გია ცაგარეიშვილის პროტესტზე ამახვილებს. ცაგარეიშვილის აზრით, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ” ‘ლინგვისტური რევოლუციის’ მსხვერპლნი გავხდებით და კინოდარბაზებიდან საშუალო თაობის გამოწვრთნა მოხდება ინგლისურ, ანგლოსაქსურ ყაიდაზეო”.
”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ მოსაზრებას, სათაურით ”უგულავამ სააკაშვილი დააშანტაჟა”. სააკაშვილს უგულავასთან, როგორც ამბობენ, ურთიერთობა გაუფუჭდაო, წერს ავტორი და ამატებს: ”ეს ბუნებრივია, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ უყვარს, როდესაც მის გარემოცვაში ვინმეს მაღალი რეიტინგი აქვს. თავის დროზე პრეზიდენტთან სწორედ ამ რეიტინგის გამო გაუფუჭდა ურთიერთობა ირაკლი ოქრუაშვილსო.”
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ოქრუაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მისი პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელიაა, რომელთან ინტერვიუსაც ”ვერსია” აქვეყნებს. ბესელია ერთგვარი გულისტკივილით ამბობს, ოქრუაშვილს ჩემი შვილის დაკავების შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, რაც, არ ვიცი, როგორ ავხსნაო, თუმცა იქვე ამატებს, რევანშისტი არა ვარ და თავს უფლებას არ მივცემ ცუდად ვილაპარაკო იმ ადამიანზე, რომელსაც ვიცავდიო. ინტერვიუს ეკა ბესელიასთან ”ვერსიაში” წაიკითხავთ.