ქართული პრესის მიმოხილვა. 8 აპრილი 2010

დღევანდელი გაზეთები ყევლაზე მეტს წერენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ რუსულ გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუზე. ”ძნელი სათქმელია ამ ინტერვიუში ნახსენები საკითხებიდან რომელია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი”, - წერს ”რეზონანსი”, - ის, თუ როგორ მართავდა ხელისუფლება შუა ომის დროს მოლაპარაკებას პირად ინტერესებზე, თუ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირის აზრის გათვალისწინებას არც კი აპირებს.” ”როცა მერაბიშვილის მიერ უცხოური პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებზე მიდგება საქმე, - განაგრძობს გაზეთი, - არსებობს მოლოდინი, რომ ეს ინტერვიუ რაღაცის მომასწავებელია... რა მიზანს ემსახურებოდა ეს ინტერვიუ რეალურად?” - კითხულობს ”რეზონანსი”. სტატია საკმაოდ ვრცელია.

”ყველა სიახლე” კი მერაბიშვილის ინტერვიუს სხვა დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ”რატომ მიიჩნევს ვანო მერაბიშვილი ბაგრატიონთა ქორწინებას პრიმაკოვის პროექტად?” - კითხულობს გაზეთი და წერს, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლება ბაგრატიონთა შტოს და მისი თითოეული წარმომადგენლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა, რადგან იცის, რომ მომავალში შეიძლება მმართველობის ფორმა შეიცვალოს და ევროპაში უძველესი ბაგრატიონთა დინასტია აღდგესო.

”ახალი თაობა” კი ბაგრატიონთა ქორწილზე კომენტარს ასეთ შეფასებას აძლევს: მერაბიშვილი ეკლესიას დაუპირისპირდა. მართალია, ამ სათაურს ბოლოში კითხვის ნიშანიც ახლავს, მაგრამ, მაინც.

სხვა თემებზეც რომ გადავიდეთ, ”რეზონანსს” მივუბრუნდებით, სადაც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ ორ პრესრელიზზეა ლაპარაკი. ერთს თბილისი ავრცელებს, მეორეს კი ვაშინგტონი. გაზეთი ამ ორ დოკუმენტს შორის არსებულ განსხვავებაზე აჩერებს ყურადღებას. აღსანიშნავია ერთი ფრაზა, რომელიც მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაშია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობაში კი არსად ჩანს: ”ყველა მხარემ თავი უნდა აარიდოს პროვოკაციულ მოქმედებებს, რათა განმტკიცდეს სტაბილურობა რეგიონში”. როგორც ”რეზონანსი” წერს, ქართველი ექსპერტები ამას, ძირითადად, ასე აფასებენ: ”ეს ობამას გაფრთხილებაა, რომელიც სააკაშვილმა დამალა და რომელიც ნიშნავს, რომ ობამამ იცის, სააკაშვილი როგორი პროვოკატორიც არის და იცის ისიც, რომ მან შეიძლება რაღაც ახალი ომი დაიწყოსო”.

დაბოლოს, ”24 საათი” წერს ახალ ქართულ ფილმებზე და ორი ახალი პრემიერისთვის გვამზადებს. ერთია ფილმი სიყვარულზე -”ოცნებათა ქალაქი”, მეორე კი - საშინელებათა ფილმი : “სპამი“. ”მთავარია ფილმმა ივარგოს. ივარგოს არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მასში გრძელფეხება, მკერდსავსე და აქტიური გოგონები გამოჩნდნენ, არამედ იმ მხრივაც, რომ არ იყოს ყალბი, გაუმართავი, ემოციებისგან დაცლილიო”, - წერს ”24 საათი”.