პატრიარქის 2010 წლის სააღდგომო ეპისტოლე

აღდგომის ღამეს საქართველოში პატრიარქის ნახევარსაათიანი ეპისტოლე წამყვანმა სატელევიზიო არხებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ეპისტოლეს წაკითხვას სამების ტაძარში ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწო. რა აქცენტები გაკეთდა წლევანდელ ეპისტოლეში?

ეპისტოლე მწერლობის ფორმაა, რომელიც სათავეს უძველესი ეგვიპტიდან იღებს, სადაც მას პედაგოგიური დანიშნულება ჰქონდა. მოგვიანებით რომაელები და ბერძნები მას რელიგიური მიზნით იყენებდნენ, ისევე როგორც იყენებდა პავლე მოციქული.

ამ ფორმით საბერძნეთში კათალიკოსი ერს დღემდე მიმართავს. იგივე ხდება საქართველოში აღდგომის დღესასწაულის დროს, როცა პატრიარქი ერს საკუთარ ხედვას უზიარებს. ამჯერად კათალიკოსის ეპისტოლემ წამყვანი ტელევიზიების პირდაპირი საეთერო დრო ნახევარი საათით დაიკავა. პატრიარქს ეპისტოლე თავად არ წაუკითხავს. ეპისტოლე რელიგიური თემებით დაიწყო და საერო ხელისუფალთათვის კონკრეტული შეთავაზებებით გაგრძელდა. მის კითხვას, ნაწილობრივ, თავად ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრო, თუმცა მან ტაძარი იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე ეპისტოლე კონფლიქტურ ზონებს შეეხებოდა:

“დაბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო. მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის, საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობელთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს. ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.”

პატრიარქმა ქვეყნის გაერთიანების სურვილი გამოთქვა და საერო ხელისუფალთ სხვა რჩევებიც მისცა. მაგალითად, ისაუბრა პატიმართა მდგომარეობის გამოსწორებაზე, სოციალურად დაუცველ პირთათვის სახელმწიფო უფასო მკურნალობის დანერგვასა და ამ საკითხებში საზოგადოების აქტიურ ჩართვაზე. თუმცა ექსპერტებმა ეპისტოლეში სხვა ტენდენციებიც დაინახეს.

დავით დარჩიაშვილმა პირდაპირი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან მიაჩნია, რომ საერო და სასულიერო მმართველობა დემოკრატიულ ქვეყანაში ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს:

“მე არ მინდა, რომ საეკლესიო დოკუმენტებზე საერო კომენტარები ვაკეთო, ისევე როგორც არ მგონია, რომ წმინდა საერო ნაბიჯებზე ეკლესიამ უნდა აკეთოს ხოლმე კომენტარები.”

სხვა ტენდენციები პატრიარქის წლევანდელ ეპისტოლეში სხვებმაც შეამჩნიეს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ პატრიარქი ჯერ კიდევ საუბრობდა მონარქიული სისტემის ლეგიტიმაციაზე, რაზეც, მაგალითად, სახალხო დამცველის ოფისში თებერვლის თვეში ექსპერტი ამ სფეროში ბექა მინდიაშვილი საუბრობდა:

“საუბარია იმაზე, რომ საქართველოში აღდგეს საკონსტიტუციო მონარქია. ამით ამბობენ იმას, რომ სახელმწიფო ძალაუფლება უნდა მოდიოდეს ეკლესიიდან. თავად პატრიარქი ამბობს, რომ პატრიარქი უნდა იყოს ლეგიტიმიზატორი ამ ძალაუფლების.”

თუმცა ამ ჯერზე პატრიარქის ეპისტოლეში აქცენტები, ექპერტების აზრით, შეიცვალა. მაგალითად, თეოლოგი და მოძღვარი კახაბერ კურტანიძე დემოკრატიული ელემენტების შემოტანას ხედავს:

“აქ ლაპარაკობს, რომ ქრისტიანობაში იერარქია - საზოგადოებრივი იერარქია იქნება ეს თუ საეკლესიო იერარქია - არის მხოლოდ პირობითი ხასიათის, მხოლოდ სამსახურებრივი ფუნქცია აქვს, რომ მოემსახუროს და ემსახუროს საზოგადოებას და არა თავისთავადი, პირველადი მნიშვნელობა. ეს ძაან მნიშვნელოვანი არის.”

ეპისტოლეზე აზრი ვკითხეთ მოქალაქეებს, რომელთაც მისდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში პატრიარქის სიტყვებზე წინ მისი პიროვნება დგას.

ქალბატონი: “თითქმის ყველაფერში მე პირადად მინდა, რომ მთელმა ერმა ვუსმინოთ ამ კაცს, ამ ჭკვიან კაცს, ხელისუფლებამაც, უბრალო მოქალაქეებმაც და ოპოზიციამაც. მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი აზრით.”

მამაკაცი: “ნამდვილად ეგ ერთადერთი კაცია საქართველოში, რომელსაც უნდა დავუჯეროთ.”

-ვთქვათ, კონკრეტული შემოთავაზებები ჰქონდა კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით?

“აღარ მახსოვს ეგრე.”

საზოგადოების ამ დამოკიდებულებაში თეოლოგი კახაბერ კურტანიძე პრობლემას ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ეპისტოლე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც საზოგადოებამ და მედიამ რაციონალურად უნდა იმსჯელოს:

“აუცილებელია რომ მისი ტექსტი მოვისმინოთ და აუცილებელია, რომ მის ტექსტზე ვიფიქროთ. ფიქრი კიდევ ღიაობას ნიშნავს, დემოკრატიულ საჯარო სივრცეში ჩვენი აზრები უნდა გამოვიტანოთ, ვალდებულებიც კი ვართ.”