აფხაზები და ქართველები თანხმდებიან, რომ მათი საერთო მტერი რუსეთია

ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელ განმუხურში, ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის სახლში შერეული, ქართულ-აფხაზური ოჯახების წევრები იმ მოტივით შეიკრიბნენ, რომ ძველი, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

შეხვედრის ორგანიზატორი “ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირი”, 10 წელზე მეტია ნათესავების შეხვედრებს კურირებს. ამ ხნის განმავლობაში კავშირმა, როგორც აფხაზეთში, ისე დანარჩენ საქართველოში, უკვე 4 ათასამდე ნათესავი დააახლოვა.

განმუხურში გამართულ შეხვედრას, ამჯერად, აფხაზეთიდან გადმოსული ორი აფხაზი, ოთხი ქართველი და ამდენივე აფხაზეთიდან დევნილი დაესწრო.

დედით აფხაზი ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დაკარგული ნდობის აღდგენა შესაძლებელია, რადგან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეუძლიათ.

”თუმცა არსებობს გარე ძალა, როგორც ჩვენთვის, ისე აფხაზებისთვის. ეს არის შიში - შიში რუსი სამხედროების მიმართ”, - ამბობს ოტობაიელი ქალი.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, აფხაზი ნელი აჟუბა, ამბობს, რომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად საჭიროა მთავრობებს შორის მოლაპარაკებები და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება. ნელი აჟუბა 50 წელი მასწავლებლად მუშაობდა, ის ქართველის მეუღლეა და ვერ იხსენებს ფაქტს აფხაზებთან კონფლიქტი ჰქონოდა.

კიდევ ერთი აფხაზი ქალი, რომელიც ტყვარჩელიდან განმუხურში მცხოვრები ნათესავების სანახავად ჩამოვიდა, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ”რუსები პასპორტებს და საშვებს გვთხოვენ, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. თუ დაგვიჭირეს, გალის მილიციაში წაგვიყვანენ და დაგვაჯარიმებენ. როდესაც აფხაზები იდგნენ ე.წ. საზღვართან, ეს პრობლემა არ გვქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა და ურთიერთობის აღდგენა”, - გვითხრა აფხაზმა ქალმა.

შეხვედრის ორგანიზატორი ”ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირის’’ თავმჯდომარე რევაზ ბენდელიანი ამბობს, რომ აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ცდილობს ომის შედეგად გაწყვეტილი კავშირების აღდგენას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

”დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზები და ქართველები შევთანმხდით, რომ რუსეთი არის ჩვენი საერთო მტერი. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ მათთანაც უნდა გვქონდეს ურთიერთობა, რადგან საჭიროა პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა. გალის აფხაზური ადმინისტრაცია ჩვენ გვეხმარება სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში. მაგალითად, მიცვალებულთა გადასვენებაში, პაციენტების გადმოყვანაში. თუმცა, ყოველთვის ვერ გვარდება ეს საკითხები. ამიტომ მე ვითხოვ, რომ ჩვენი ორგანიზაცია დაესწროს გალის ხუთმხრივ შეხვედრებს, რადგან ჩვენ შეგვიძლია ისეთი საკითხების დაყენება, როგორიცაა შერეული იჯახების ურთიერთობების აღდგენა”, - გვიხსნის რევაზ ბენდელიანი.

პროექტის მხარდამჭერი ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის’’ წარმომადგენელი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც განმუხურის შეხვედრას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ 2008 წლამდე წარმატებით მიმდინარე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა შეაფერხა აგვისტოს ომმა.

”მე მქონდა საუბარი გალის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსთან რუსლან ქიშმარიასთან და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მინიმუმ 100 ოჯახი კიდევ უნდა ჩართულიყო ამ პროცესში, მაგრამ აგვისტოს ომმა ეს პროცესი შეაჩერა და თავიდან გვიწევს ყველაფრის აღდგენა. ამასთან, მე ვიცი, რომ დღეის მონაცემებით შერეული ოჯახები აპირებენ პროექტში ჩართვას, რაც კარგია ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით”, - ამბობს პროექტის მენეჯერი.

”ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირი” ნათესავების დაახლოების პროგრამას გამოყოფილი გრანტის ფარგლებში სამ თვეში დაასრულებს. ამიტომ, ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” პროექტების მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს თხოვნით, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ქართულ-აფხაზური ნათესაური ურთიერთობების და დაკარგული ნდობის აღდგენის პროცესში.