ძლიერმა წვიმებმა ქვემო ქართლში სოფლები დატბორა

16 მარტს ქვემო ქართლის სოფლებს ნამდვილი სტიქია დაატყდა. ძლიერი წვიმის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ათამდე სოფელი დაიტბორა.

აღთაკლიაში, ყარათაკლიასა და გაჩიანში ადიდებული მდინარე მტკვარი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. მთლიანად დაიტბორა სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზოგ მოსახლეს შინაური ფრინველი გაუნადგურდა.

გარდა ამისა, როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარემ ზვიად ეპიტაშვილმა განაცხადა, არანაკლები ზიანი მიადგა სოფლებს: ქესალო, ნაზარლო, ლემშვენიერა, ნაგები და ვახტანგისი. ადიდდა ჯანდარის ტბაც, რამაც მიმდებარე სოფელი ჯანდარი დატბორა. იმ დღეს მოსულ უხვ ნალექს გრიგალიც დაერთო, რამაც ელექტროსადენები დაწყვიტა. შედეგად, 60 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მიხეილ ბერინაშვილი, „ენერგოპროჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ორდღიანი მუშაობის შედეგად, ავარიის ლიკვიდირება მოხერხდა.

სტიქია მძვინვარებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

დაიტბორა სოფლები: საბირკენდი, აზისკენდი, წერეთელი და ქალაქ მარნეულის ნაწილი. წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებში შევარდა, დაიტბორა პირველი სართულები და სარდაფები, საკარმიდამო ნაკვეთები.

მაგალითად, სოფელ წერეთელში, როგორც ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენელი რომან ტაბატაძე ამბობს, 40 ოჯახს საკვები პროდუქტები გაუნადგურდა. რომან ტაბატაძის თქმით, პრობლემა იმანაც წარმოშვა, რომ მოსახლეობამ ვერ მოასწრო შიდა არხების გაწმენდა, რამაც ნალექის დაგროვება გამოიწვია.

სტიქიის დროს მარნეულში მდინარე ალგეთი ადიდდა და ჯებირებიდან გადმოვიდა, სოფლების დატბორვის მიზეზად ადგილობრივები ცენტრალური სარწყავი არხების გაუწმენდაობასაც ასახელებენ.

ხრამ-ალგეთის მელიორაციის სამსახურის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე კი აცხადებს, რომ სარწყავი არხები ჩაკეტილი იყო და წყალდიდობა დაგროვილმა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ზარალის დათვლა ჯერ არ დასრულებულა. განიხილება ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საკითხი.