ლანა ღოღობერიძის ჩანაწერები და ფიქრები

ლანა ღოღობერიძე რადიო თავისუფლების სტუდიაში

16 მარტს თიბისი გალერეაში ქართველი კინორეჟისორის, დიპლომატის, მთარგმნელის, მხატვრის - ლანა ღოღობერიძის - ფერწერული ტილოებისა და მისი ახალი წიგნის - ”პარიზული ჩანაწერების” -პრეზენტაცია მოეწყო.

ლანა ღოღობერიძესთან საუბრის დასაწყისში ვაღიარეთ, რომ გვიჭირს განვსაზღვროთ მისი ახალი წიგნის ჟანრი - რა არის ”პარიზული ჩანაწერები”? მემუარებია? ქრონიკა? ისტორიულ-ლირიკული რომანი? დოკუმენტური პროზა?. უფრო ესეისტიკააო, გვითხრა... თუმცა მთავარი ისაა, რომ წერის მოთხოვნილება მუდმივად მაქვს და ეს წიგნი ამ მოთხოვნილების ერთ-ერთი გამოვლინებააო.. პარიზში რომ ვმუშაობდი, დავურეკე ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” რედაქტორს, შორენა შავერდაშვილს, და ეს ჩანაწერები შევთავაზე და მერე გავაგრძელე წერაო.

”ასაკი, ალბათ, თავისას აკეთებს. მარადიულ თემებზე იწყებ ფიქრს - სიკვდილზე, დავიწყებაზე, მეხსიერებაზე”, - გვითხრა ავტორმა წიგნისა ”პარიზული ჩანაწერები”, რომლის პრეზენტაციაზე ქართული კულტურის განსხვავებული სფეროს უამრავ წარმომადგენელს ნახავდით.

არსებითად, ამ თემების მიმართ ლანა ღოღობერიძე არასდროს ყოფილა გულგრილი. დღეს მის ფილმებს ხშირად უჩვენებენ ქართულ ტელეარხებზე, მაგრამ ამბობს, რომ უჭირს ამ ფილმების ყურება.. კინოს დღეს აღარ იღებს, წერს, თუმცა ”პარიზულ ჩანაწერებში” აშკარად ჩანს, რომ ავტორი კინემატოგრაფისტია - ძალიან გაძლიერებულია აქ ვიზუალურ-მონტაჟური რიგი. ქალბატონი ლანა გვეთანხმება, ამბობს, რომ მონტაჟით, როგორც დროისა და სივრცის ორგანიზაციის ფორმით, იგი ჯერ კიდევ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სწავლის დროს დაინტერესდა.

ეს წიგნი აიკინძა და დასრულდა, ანუ სერია დასრულდა... სევდიანი გრძნობაა? ვკითხეთ ლანა ღოღობერიძეს.. რომ არ აკინძულიყო, ხომ გააგრძელებდა სერიას? გვითხრა, რომ ზუსტად არ იცის, რას დაწერს მომავალში. თუმცა აქვე იხსენებს თავის მთავარ პროექტს, რომლის განხორციელებაში დიპლომატიურმა სამსახურმა შეუშალა ხელი - კულტურის არხის გაკეთებას საქართველოს ტელევიზიაში.

ეს პროექტი არ განხორციელდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა წერის საშუალება გაქვთ-მეთქი, ვუთხარი... რაზე დავწერო? პოლიტიკაზე? - გვკითხა 82 წლის რეჟისორმა და დააყოლა:

” ჩავერთო ამ საგიჟეთში? ამ ურთიერთსიძულვილში? ასეთ ვნებათაღელვაში, რომელიც ხანდახან აბსოლუტურად ფუჭად მეჩვენება? ეს ყველაფერი მაწუხებს, მაგრამ განზე დგომაც არ შემიძლია... მაგას სულ ვფიქრობ, ახლა როგორ მოვიქცე...“

რაღაცას მოვიგონებ, წერის გარეშე მე მართლაც არ შემიძლიაო... გვითხრა, თუმცა თავისი ძველი გეგმაც გაიხსენა - გეგმა, რომელიც ვერ განახორციელა.

საქართველოში, როგორც ჩანს, არავის სჭირდება ტელეარხი, რომლის თემა თავიდან ბოლომდე კულტურა იქნება, - ფიქრობს ლანა ღოღობერიძე. თუმცა მისი ”პარიზული ჩანაწერების” და მისი გამოფენის სანახავად ბევრად უფრო მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე ამას შეიძლება თავად ელოდა... ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” - ახლა კი ”ლიბერალის” - რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა გვითხრა, რომ ლანა ღოღობერიძის წერილები ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რუბრიკა იყო ჟურნალში... როგორც ჩანს, კულტურა უფრო მეტ ადამიანს სჭირდება, ვიდრე ჩვენ გვგონია...