რა ეტაპზეა მართლმსაჯულების რეფორმა

15 მარტს ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებით დასრულდება რეფორმის მორიგი ეტაპი, რომელიც 2008 წლის სექეტემბერში დაიწყო.

სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა 2008 წლის სექტემბერში - რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ - დაიწყო. მაშინვე ითქვა, რომ რეფორმის მიზანია საქართველოს მოქალაქე იყოს უკეთესად დაცული, ცხოვრობდეს უფრო სამართლიან და წარმატებულ საზოგადოებაში. დასახელდა რეფორმის ძირითადი მიმართულებებიც: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემუშავება და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ოპოზიციის წარმომადგენლის მიღება. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მისულმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რეფორმა წარმატებით ხორციელდება:

კოტე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
„ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიღებულია და უნდა ამოქმედდეს 1 ოქტომბრიდან. იქ დევს ნაფიც მსაჯულთა და კიდევ სხვა ბევრი განსხვავებული პრინციპი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საპროცესო სამართალში. გარდა ამისა, ძალიან აქტუალურია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხი.“

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულებას გამოკითხულთა 66 პროცენტი ენდობა. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, გარკვეული წარმატების მიუხედავად, სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია. ჯონდი ბაღათურიას თქმით, არ შეიძლება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე საუბარი, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი მოსამართლეს პროკურორზე დამოკიდებულს ხდის:

ჯონდი ბაღათურია, ოპოზიციონერი დეპუტატი
„პირდაპირ წერია: მოსამართლეს, თუკი მას სურვილი აქვს, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიიღოს შემამსუბუქებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში მან კონსულტაციები უნდა გაიაროს პროკურორთან. არადა, თავისუფალი სასამართლოს საფუძველი არის ის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს შინაგან რწმენაზე დაყრდნობით და აზრი უნდა უყალიბდებოდეს შეჯიბრებითობის პრინციპზე. ეჯიბრებოდეს უნდა პროკურორი და დაცვის მხარე. არანაირი ზედმეტი უფლება, დაცვის მხარესთან შედარებით, მას არ უნდა ჰქონდეს.“

ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, სასამართლო რეფორმის წარმატებაზე საუბარი უჭირს ექსპერტთა ერთ ნაწილსაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, მანანა კობახიძის თქმით, შედარებით კარგი ვითარებაა „სამოქალაქო დავების“ განხილვისას, როცა ერთი კერძო პირი მეორე კერძო პირს ედავება და როცა სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესი, ფაქტობრივად, გამორიცხულია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ დავებს, მანანა კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით მდგომარეობა კვლავ მძიმეა:

„ადამიანები უნდა ხედავდნენ, რომ სასამართლო სისტემა არა მარტო არსებობს, არამედ მართლმსაჯულება სრულდება და აღესრულება. განსაკუთრებით სისხლის სამართლის და იმ ადმინისტრაციულ საქმეებში, სადაც ლაპარაკია სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესებზე, ძნელია მიაღწიო სამართლიან გადაწყვეტილებას.“

მანან კობახიძის თქმით, პრობლემის სიმძაფრეზე მიუთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების სიმრავლე და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა. ექსპერტთა თქმით, ვითარებას რადიკალურად ვერც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება შეცვლის, რადგანაც პირველ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება.