ქართული პრესის მიმოხილვა. 11 მარტი 2010

”გაჩეჩილაძემ არჩევანი უკვე გააკეთა” - იუწყება დღევანდელი „რეზონანსის“ მოწინავე სტატიის სათაური. თავად სტატიის თანახმად, გაჩეჩილაძის პოზიციას მომავალ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და, მართალია, ის ჯერ თავის პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს და ოპოზიციის ორივე ნაწილი ამბობს, რომ მასთან კონსულტაციებს აგრძელებს, მაგრამ, ”რეზონანსის” ინფორმაციით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ”ახლავე არსებობს მოლოდინი, რომ გაჩეჩილაძე არჩევანს ალასანიას სასარგებლოდ გააკეთებს და ეს შეთანხმება ალასანიასა და გაჩეჩილაძის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდებაო”, - წერს ”რეზონანსი”.

”ახალი თაობაც” წერს იმის შესახებ, რომ გაჩეჩილაძესა და ალასანიას შორის კონფლიქტი არ არსებობს. გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: ”გაჩეჩილაძეს და ალასანიას ერთმანეთი არ უცემიათ”.

”ყველა სიახლე” მომავალი არჩევნებისათვის ასეთ პროგნოზს აკეთებს: ”ხელისუფლებამ თავის პურსა და სანახაობას ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლიც მიუმატა. ამასობაში ”ნაცმოძრაობა” გამარჯვებას ნაბიჯ-ნაბიჯ ისე გაინაღდებს, რომ გაყალბება არ დასჭირდება. გვეყოლება მერად ისევ გიგი უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარედ კი - რუსუდან კერვალიშვილი”, - წერს ”ყველა სიახლე”.

აქვე წაიკითხავთ ინტერვიუს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც მოსკოვში ვიზიტზე აკეთებს კომენტარს. ”პუტინმა ჩემთან შეხვედრაზე თქვა უმნიშვნელოვანესი ფრაზა”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. - ”ჩვენ უნდა ვეცადოთ, სულ ცოტა, აგვისტოს კრიზისის წინა პერიოდს დავუბრუნდეთო. ეს არ არის უბრალოდ წამოსროლილი ფრაზა. როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ხმამაღლა ამბობენ, რომ არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომელზეც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, ამას თავისი პოლიტიკური წონა აქვს”, - უთხრა ნინო ბურჯანაძემ ”ყველა სიახლეს”.

სხვა თემებთან ერთად,ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხება ინტერვიუში ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილიც. ”ხომ ხედავთ, რომ მაგათ შეწყვიტეს ბურჯანაძის ლანძღვა. ეს იმიტომ, რომ იციან, ვისაც ხვდება ბრიუსელში და დაინახეს, რომ ცუდად აქვთ საქმე. ისიც დაინახეს, როგორ მიიღეს მოსკოვში ბურჯანაძე, სახელმწიფო მეთაურის დონეზე”, - უთხრა ”ალიას“ რამაზ კლიმიაშვილმა და დაამატა:”რატომ ჩავიდა ნოღაიდელი რუსეთში მეოთხეჯერო, სულ ამას აცხადებენ. რესპუბლიკელები სულ ვაშინგტონში დადიოდნენ, მათ გაცილებით დაბალ დონეზე იღებდნენ, საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიათ და არავინ აკრიტიკებდა.”