კლიმატის ცვლილებების სფეროში ახალი არაფერია

მსოფლიოს ლიდერების კოპენჰაგენში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე

მხოლოდ ორი თვე გავიდა მას მერე, რაც კოპენჰაგენში გაიმართა სამიტი, რომელზეც გლობალური დათბობის თეორიის მიმართ ახალი სტრატეგია უნდა შეემუშავებინათ. სამიტის ადგილს, კოპენჰაგენს, „ჰოპენჰაგენიც“ შეარქვეს იმ დღეებში სწორედ იმ იმედის გამო, რომელიც უკავშირდებოდა შეხვედრას. უნდა გადაეწყვიტათ, როგორ ემოქმედათ მომავალში, რათა მეცნიერთა ნაწილის მიერ ჰავის ცვლილებების გამო ნავარაუდევი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

კოპენჰაგენში ბევრზე ვერაფერზე შეთანხმდნენ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ. როგორც იმ პერიოდში იუწყებოდნენ, სრული მარცხისთვის თავის დაღწევა მოხერხდა მხოლოდ იმით, რომ, მიუხედავად არაერთი ქვეყნის წინააღმდეგობისა, ოფიციალურად „ცნობად იქნა მიღებული“ გლობალური დათბობის დაძლევასთან ბრძოლის შესახებ შეთანხმება. ამავე ხანებში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, როგორც უნდა დასრულდეს სამიტი, აშშ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებსო.

დღეს ვითარება ასეთია: კლიმატის ცვლილებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა საჯაროდ გახდა ცნობილი და „კლიმატგეიტად“ მოინათლა, გაეროს კლიმატის უწყების ხელმძღვანელი კი გადადგა.

მაშინ კი, კოპენჰაგენში, პრეზიდენტმა ობამამ ასე მიმართა შეკრებილებს, 193 სახელმწიფოს წარმომადგენლებს:

„კოპენჰაგენში იმიტომ ჩამოვედით, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზულ და მზარდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხებს. თქვენ არავინ არ იქნებოდით აქ, ეს საფრთხე რომ ჩემსავით რეალურად არ მიგაჩნდეთ. ეს არ არის ფანტაზია. ეს მეცნიერებაა.“

ამ სიტყვების წარმოთქმიდან ორ თვეში გლობალური დათბობის თეორია გაურკვევლობამ მოიცვა. როგორც უკვე ითქვა, კოპენჰაგენში ვერ მოახერხეს მიეღოთ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც დაავალდებულებდა სახელმწიფოებს,
კოპენჰაგენში იმიტომ ჩამოვედით, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზულ და მზარდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხებს. ეს არ არის ფანტაზია. ეს მეცნიერებაა
შეემცირებინათ ატმოსფეროში სათბურის გაზად წოდებული ნახშირორჟანგის გამოფრქვევა. ეს აირი კლიმატის ცვლილების, დათბობის გამომწვევ ფაქტორად ითვლება. მიიღეს მხოლოდ დოკუმენტი ცნობად, რომ მიზნადაა დასახული 2050 წლისთვის გლობალური დათბობის ზრდის ტემპი 2 გრადუსამდე იქნეს დაყვანილი.

თითოეულმა სახელმწიფომ თვითონ უნდა გადაწვიტოს, რა გზას დაადგეს, როგორ შეცვალოს მრეწველობის ის დარგები, რომლებიც იწვევს ამ პროცესს. არადა, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს არ უღირთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა დანადგარების ყიდვა, ანუ ისინი ითხოვდნენ ფულს ამ „მწვანე ტექნოლოგიაზე“ გადასასვლელად. ის, ვინც არ ითვლება ღარიბად, სასათბურე გაზის მთავარი მწარმოებელია და სწორედ მათგან მოელოდნენ აფრიკის და სხვა ღარიბი ქვეყნები ფულს, ასეული მილიონობით დოლარს. მაგრამ სამიტმა ჩაიარა და დღემდე არავინ იცის, ვინ, ვის, სად, რამდენი და რისთვის უნდა გადაუხადოს. ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ არა მთავარი. მთავარი ისაა, რომ მეცნიერთა შორის აზრთა ერთიანობა არასოდეს ყოფილა იმაზე, არის თუ არა მართლაც გლობალური დათბობის გამომწვევი ეს აირი. ამ საქმეს ეწოდა „კლიმატგეიტი“. ერთი სიტყვით შეგახსენებთ: ასე უწოდებენ ხოლმე სკანდალურ საქმეებს, აშშ-ში 70-იან წლებში მომხდარი პოლიტიკური სკანდალის ანალოგიით, როცა, სხვათა შორის, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა. მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობს „კლიმატგეიტი“?

ლაპარაკია კლიმატის მკვლევრების მიერ დაწერილ ელექტრონულ წერილებზე, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებს ეკუთვნით. ჰაკერებმა უშუალოდ კოპენჰაგენის შეხვედრამდე ინტერნეტში გამოაქვეყნეს ეს წერილები, როგორც იმის საბუთი, რომ ამ მკვლევრებს არ სურდათ ეღიარებინათ იმ ხალხის არგუმენტები, ვინც კლიმატის ცვლილების მათეულ ვერსიას აკრიტიკებდა. გაეროს ინიციატივით გატარებული ზომების კრიტიკოსებმა ეს წერილები იმის საილუსტრაციოდ მოიყვანეს, რომ მკვლევრებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როცა ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ეს ძვირად ღირებული ცვლილებები საჭიროა ბუნების სამართავად, მაშინ როცა ჯერ თვითონაც სათანადოდ ვერ გაურკვევიათ კლიმატის ცვლილების მექანიზმები.

კოპენჰაგენის სამიტის დროსაც გაისმა ასეთი კრიტიკული ხმა, მაგრამ მაშინ მის მიმართ ინტერესს სხვა ინტერესებმა სძლიეს. ეს კრიტიკა შეიცავდა მოსაზრებას, რომ ამ მეილებში ყველაზე ხშირად გამოთქმული ფრაზა „დამალე შემცირება“ იმის დასტურია, რომ ბრიტანეთის „ისტ ანგლიის“ უნივერსიტეტის მეცნიერები მალავდნენ მონაცემებს, რომელიც მათ თეორიას ეწინააღმდეგებოდა. ეს ფრაზა მომდინარეობდა 1999 წელს „ისტ ანგლიის კლიმატის ცვლილების“ უწყების ხელმძღვანელის ფილიპ ჯონსის წერილიდან. აშშ-ის სენატის დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, სენატორ ჯეიმს ინჰოფის თანახმად, ეს სიტყვები, „დამალე შემცირება“, იმას ნიშნავს, რომ ავტორი აფრთხილებდა მკვლევარებს, დაემალათ ტემპერატურის კლება.

„ისტ ანგლიის“ მკვლევრებმა უარყვეს ეს ბრალდება. მათი განმარტებით, ჯონსის წერილში ლაპარაკი იყო ტემპერატურის
ისინი, ვინც რამდენიმე თვის ან ერთ წლის წინ ამბობდა, რომ დისკუსია დახურულია, ახლა აცხადებენ: დიახ, მნიშვნელოვანი გაურკვევლობააო ...
საშუალო ზრდის დადგენის სხვა გზებზე, რადგან გაზომვის არსებული - ხის წლიური რგოლების დათვლის - მეთოდი ურთიერთსაპირისპირო შედეგებს იძლეოდა. ამ და სხვა მაგალითების საფუძველზე, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა, რომ ელექტრონული წერილებიდან მხოლოდ ნაწილებს აქვეყნებდნენ და, ასე ვთქვათ, ამოღებული ნაწილების ომი გამართეს, რათა საზოგადოება გადაებირებინათ.

ლონდონში დაფუძნებული გლობალური დათბობის ფონდის მრჩევლის დევიდ უაითჰაუზის აზრით, უმთავრესად ელექტროწერილების გარშემო შექმნილმა ამ დაპირისპირებამ იქონია გავლენა კლიმატის ცვლილებების შესახებ კამათზე:

„საინტერესო ცვლილება ბოლო თვეების განმავლობაში ისაა, რომ დებატები, სამეცნიერო დებატები, იმაზე, თუ რა ხდება, ახლა უფრო ჯანსაღია, ღიაა. ისინი, ვინც რამდენიმე თვის ან ერთ წლის წინ ამბობდა, რომ დისკუსია დახურულია, ახლა აცხადებენ: დიახ, მნიშვნელოვანი გაურკვევლობააო.“

უაითჰაუზი წინასწარმეტყველებს, რომ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მომავალ სამიტზე, რომელიც მექსიკაში ჩატარდება ნოემბერში, „კლიმატგეიტი“ პირდაპირ გავლენას იქონიებს:

„გლობალურ საფინანსო კრიზისში ვიმყოფებით. ზოგიერთი მთავრობა მიზეზებს ეძებს, როგორ არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებებს, რომლებიც ხარჯს მოითხოვს და მათ განვითარებას შეაყოვნებს. ასე რომ, ზოგიერთი მთავრობა მეცნიერებას მოიშველიებს და იტყვის, მეცნიერებს ვერ გაურკვევიათ, საჭიროა თუ არა ამაზე ფიქრი, რადგან რაც წლების წინ გარკვეული გვეგონა, ახლა ისე აღარ არისო.“

ეს სიტყვები თუ გამართლდა, გაეროს იმედგაცრუება მოელის, რადგან, კოპენჰაგენის წარუმატებლობის შემდეგ, ის იმედს
ზოგიერთი მთავრობა მეცნიერებას მოიშველიებს და იტყვის, მეცნიერებს ვერ გაურკვევიათ, საჭიროა თუ არა ამაზე ფიქრი, რადგან რაც წლების წინ გარკვეული გვეგონა, ახლა ისე აღარ არისო ...
მექსიკის სამიტზე ამყარებს. გენერალური მდივანი ბან კი მუნი უკვე მოითხოვს, კლიმატური ცვლილების სკეპტიკოსებს ყურადღება არ მიექცეს. „უთხარით მსოფლიოს, რომ ერთხმად ეთანხმებით აზრს,რომ კლიმატის ცვლილება აშკარა და რეალური საფრთხეა“,- ასე მიმართა მან თურქეთში, ანტალიაში, მსოფლიოს ამინდის უწყებათა წარმომადგენლებს. რისკენაც ბან კი მუნი მოუწოდებდა ანტალიაში შეკრებილთ, სავსებით ეთანხმებიან მსოფლიოს სახელმწიფოების სამეცნიერო აკადემიები, ასევე, სამრეწველო თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყნები. მაგრამ მექსიკის სამიტის წინ მაინც არ იგრძნობა ძლერი ოპტიმიზმი, რომ იქ მაინც გადაწყდება, როგორ შეებრძოლოს ადამიანი კლიმატის ცვლილებას. ბოლო პერიოდის მთავარი ახალი ამბავი ის არის, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების უწყების ხელმძღვანელი ივ დე ბიორი გადადგა. დე ბიორი, რომლის განცხადება გადადგომის შესახებ კოპენჰაგენის სამიტის მარცხს დაუკავშირეს, თვითონ ამბობს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში არ არის.