ტუტანხამონის საიდუმლო

ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი

18 თებერვალს ცნობილი გახდა ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის მუმიაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. პრესკონფერენციას, რომელიც ქაიროში გამართა ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზაჰი ჰავასმა, მოუთმენლად ელოდა მთელი მსოფლიო. მანამდე ცნობილი იყო, რომ გენეტიკური მასალის კვლევას პასუხი უნდა გაეცა მთელ რიგ შეკითხვებზე. მათ შორის - ვინ იყვნენ ტუტანხამონის მშობლები და ოჯახის წევრები და რამ გამოიწვია ახალგაზრდა ფარაონის სიკვდილი.

ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი მეფე, „მწვალებლად“ წოდებული ეხნატონი. გამოკვლევის მიხედვით, თითქმის უტყუარია, რომ ეხნატონისაა KV 55-ის სახელით ცნობილი მუმია, რომელიც მეფეთა ველზე იქნა აღმოჩენილი.

მაგრამ მთავარი სიურპრიზი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა ეხნატონის მთავარი ცოლი, ნეფერტიტი, არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის. იმავე სამარხში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ ტიაის.

ტუტანხამონი დახლოებით 3300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და სულ რაღაც ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის დამკვიდრება სცადა.

გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ცხადყო ასევე ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ზაჰი ჰავასის თქმით, ახალგაზრდა ფარაონი, როგორც ჩანს, მალარიის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა. 19 წლის ასაკში ის წაქცეულა და ამის შემდეგ მალე გარდაცვლილა.

დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ახლახან დასრულებული ანალიზი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელმაც ნათელი მოჰფინა ტუტანხამონის მუმიასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ტექნიკურად მხოლოდ უკანასკნელ ხანებში გახდა შესაძლებელი.

ტუტანხამონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა 1922 წელს. ამ აღმოჩენამ ახალი ინტერესი გააჩინა ეგვიპტური კულტურის მიმართ. ამ კულტურის სიმბოლოდ დღემდე რჩება ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი, რომლითაც ის დაკრძალეს.