”ლუფტჰანზის” პილოტებმა ოთხდღიანი გაფიცვა დაიწყეს

დღეიდან ევროპაში უმსხვილესი ავია-კომპანიის "ლუფტჰანზის" 4000 პილოტი გაიფიცა. ეს პროტესტი 4 დღეს გასტანს და მასში მონაწილეთა მიზანი სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნების უზრუნველყოფაა. ეს არის გერმანიის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა, რომელიც ”ლუფტჰანზის” 3200 რეისის გაუქმებას გამოიწვევს მთელ მსოფლიოში. ტრანსპორტის მინისტრ პეტერ რამზაუერის მცდელობა მოლაპარაკებების გზით აეცილებინა თავიდან გაფიცვა, წარუმატებლად დასრულდა. მხარეები ჯერჯერობით შორს არიან მოლაპარაკებებისგან. გაფიცული პილოტების წარმომადგენლის - იორგ ჰანვერგის თქმით, კონცერნის ხელმძღვანელობა არ აპირებს წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებებს. "ლუფტჰანზის" ხელმძღვანელობა კი თვლის, რომ პილოტების მოთხოვნები არის მენეჯმენტში უხეში ჩარევა. ”უსინდისოდ ვთვლი ბრალდებას, თითქოს "ლუფტჰანზა" სამუშაო ადგილების სხვა ქვეყნებში გადატანას აპირებს. ეს ტყუილია” - აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. გაფიცვის დღეებში, ანუ ხუთშაბათამდე ”ლუფტჰანზა” მზად არის გერმანიის ფარგლებში მგზავრებს ან რეისის გადატანა შესთავაზოს, ან მათი მარშრუტის შესაბამისი მატარებლის ბილეთი. ვარაუდობენ, რომ "ლუფტჰანზის" პილოტების ოთხდღიანი გაფიცვა კომპანიას დაახლოებით 100 მილიონი ევროთი აზარალებს.