ლევან გაჩეჩილაძის დაბრუნება

ლევან გაჩეჩილაძე

„მე მძინარე ვარ,
ვწევარ და მძინავს.
დაე, მძინავდეს...“
გალაკტიონი

სულ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის საქმე მკაფიო და ნათელი იყო: ალასანია გააქტიურების პირობას დებდა, ძიძიგური და დავითაშვილი პრაიმერისთვის ემზადებოდნენ, სხვები კი ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. დღეს პროცესის სათავეში მოექცა ფიგურა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სამაგალითოდ პასიური იყო და არცთუ უმიზეზოდ. თუ ამჟამინდელ ვითარებას კარგად ავწონ-დავწონით, დავინახავთ, რომ ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია პროცესებზე არჩევნებამდე დარჩენილ დროში – ლევან გაჩეჩილაძეა.

დავიწყოთ იმით, რომ ძმებს – ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებს – არ მოსწონთ ფორმულა „ყველას მინუს ერთი“. აქედან მარტივი დასკვნა: ლევან გაჩეჩილაძისთვის დასაშვებია, იყოს იმ პოლიტიკურ ბანაკში, სადაც ცნობილი „მინუს ერთია“, – ზურაბ ნოღაიდელი. ეს სიახლე მთლიანად ცვლის ძალთა განლაგებას ოპოზიციაში და განსაკუთრებით საშიშია ირაკლი ალასანიასთვის. რადგან იმ ბანაკში ლევან გაჩეჩილაძე უპრობლემოდ დაიკავებს პირველი ლიდერის აქამდე თავისუფალ ნიშას.

„ალიანსის“ ლიდერს კი მოუხდება, რომ ბევრი იფიქროს, როგორ გაანეიტრალოს ლევან გაჩეჩილაძის ფაქტორი. ყველაზე მოკლე გზა ისაა, რომ ალასანიამ გვერდით დაიყენოს გაჩეჩილაძე, რაც ცადა კიდეც მან მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოების ერთ ნაწილთან შეხვედრისას. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ირაკლი ალასანიასთვის ლევან გაჩეჩილაძის გვერდით დადგომა მხოლოდ „ალიანსთან“ განშორების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დავუშვათ, ალასანია არ გაემიჯნა „ალიანსს“. მაშინ მას მოუხდება, არა გვერდით, არამედ, პირისპირ დაუდგეს ლევან გაჩეჩილაძეს, თანაც, არჩევნების დღეს. სავარაუდოდ, ალასანია ამას არ და ვერ დაუშვებს, რადგან მისი დაპირისპირება გაჩეჩილაძესთან საპროტესტო ხმების გაყოფას და სახელისუფლო კანდიდატის გამარჯვებას ნიშნავს. სავარაუდოდ, წაგება გაცილებით უმტკივნეულო იქნება ლევან გაჩეჩილაძისთვის, ვიდრე ირაკლი ალასანიასთვის, რომელიც პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატია.

გაჩეჩილაძე კი უკვე იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და, ოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ხმაც აქვს მიღებული ამომრჩევლებისგან.

ხოლო ალასანია ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში და თუ თბილისის მერის არჩევნებს წააგებს, თანაც, ოპოზიციის შეცდომების გამო, ცხადია, მის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება. ამიტომ, დღეს ალასანიას გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე – გაჩეჩილაძეს.

ამ დანაკარგის შესამცირებლად, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოუწევს. უფრო ზუსტად, ალასანია არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან გვერდით დაუდგეს ლევან გაჩეჩილაძეს პრაიმერში, ან მთლიანად დაუთმოს მას ასპარეზი. მესამე გადაწყვეტილება – არჩევნების დღეს ამ ორი ფიგურის დაჯახება – კიდევ უარესია, ვიდრე წინა ორი.

აქ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: თუკი ლევან გაჩეჩილაძე ფუნქციურად იმდენად ძლიერ პოზიციაშია, რომ მასზეა დამოკიდებული ირაკლი ალასანიას პოლიტიკურად გაძლიერება ან დასუსტება, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაჩეჩილაძე მაინცდამაინც ალასანიას გაძლიერებისთვის იზრუნებს? რატომ არ შეიძლება, პრაიმერში მან თავად იბრძოლოს პირველი ადგილისთვის და მეორე ადგილს არ დასჯერდეს?

ამ კითხვაზე პასუხი გამოაჩენს, რა მოტივით დაინტერესდა გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებით: ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, თუ კიდევ ერთი შანსის მისაცემად საკუთარი თავისთვის. პოლიტიკისთვის ორივე მიზანი მისაღებია. თუმცა, ფაქტია, რომ რაც მეტად ფერმკრთალდება ერთობის კონტურები, მით უფრო იზრდება ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ინტერესი. როგორც კი იგი საჯაროდ გამოთქვამს პრაიმერში მონაწილეობის მზადყოფნას, ირაკლი ალასანია ან პრაიმერისტებს უნდა შეუერთდეს, ან საკუთრი ნებით გამოეთიშოს არჩევნებს.

ასე რომ, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში უკან დაიხია და, ბოლოს, შარშან, 26 მაისს, სხვა ლიდერებთან ერთად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადააბარა, – ახლა კვლავ მოვლენების გულისგულში აღმოჩნდა.

ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია, ოპოზიციისთვის სრულიად საგანგებო – დადებითი ან უარყოფითი – როლი შეასრულოს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. იგი, შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატიც აღმოჩნდეს არჩევნებზე. გასარკვევი და გასარჩევი მხოლოდ ის დარჩება, რატომ დაუშვა ასეთი სერიოზული შეცდომები ირაკლი ალასანიას გუნდმა და რატომ ჩაიყენა ამ პერსპექტიულმა ლიდერმა თავი უპერსპექტივო მდგომარეობაში.