უგზოობაც გზაა...

ვიცი, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი წერილი დაიწერა უკრაინაზე. ქართველმა ექსპერტებმა უკრაინული და ქართული პოლიტიკური პროცესებიც შეადარეს ერთმანეთს. ისე მოხდა, რომ არც ეს სტატიები წამიკითხავს, არც უკრაინაში ვყოფილვარ ოდესმე და არც რაიმე ექსპერტული ცოდნა მაქვს უკრაინასთან დაკავშირებით.

მაგრამ რაკი მასალას ბლოგისთვის ვწერ და შემიძლია, ის კი არ ვთქვა, რაც მგონია, რომ კარგად ვიცი, არამედ ის, რაც გულწრფელად მაწუხებს, – გადავწყვიტე, საჯაროდ დავსვა ერთი შეკითხვა. ალბათ, იმ ანალიტიკურ წერილებშიც, რომლებიც არ წამიკითხავს, ავტორები ამავე შეკითხვის პასუხს ეძებდნენ.

საქართველომ აირჩია განვითარების ერთი გზა, უკრაინამ – მეორე. ორივე ქვეყანას პრობლემები აქვს, ორივე ბორძიკობს, ორივე ყანყალებს. რომელი უფრო მალე მივა იმ მიზანთან, რასაც დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფოს დაფუძნება შეიძლება დავარქვათ?

ვგრძნობ საფრთხეს, რომ მკითხველი, ვისაც ამ თემამ უკვე თავი მოაბეზრა, ან ვინც ფიქრობს, რომ ამ კითხვის პასუხი უკვე იცის – აქ შეწყვეტს სტატიის კითხვას. მე კი ვაგრძელებ, რადგან პასუხი არ ვიცი. მაგრამ ერთი საინტერესო ისტორია ვიცი.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში პრეზიდენტი უკვე მიხეილ სააკაშვილი იყო, ხოლო უკრაინაში – ვიქტორ იუშჩენკო, ერთ შეხვედრაზე ზუსტად ეს შეკითხვა დავუსვი საქართველოში აშშ საელჩოს ერთ-ერთ ოფიციალურ პირს. მან გადაჭრით თქვა, რომ ძლიერი აღმასრულებელი ვერტიკალი და სუსტი დემოკრატია საქართველოს უფრო მალე მიიყვანს მიზანთან, ვიდრე უკრაინას – შედარებით ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და სუსტი მთავრობა.

ამავე შეხვედრა-სემინარს ერთი გერმანელი ჟურნალისტი ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. როდესაც მისი გამოსვლის ჯერი დადგა, ევროპელი ჟურნალისტი თავისი ნებით დაუბრუნდა ჩემს შეკითხვას უკრაინისა და საქართველოს შესახებ და კატეგორიულად დაიწუნა ამერიკელი დიპლომატის არჩევანი. „არ დაიჯეროთ, რომ ძლიერი ვერტიკალი უფრო მოკლე გზაა თანამედროვე სახელმწიფოს დაფუძნებისკენ, ვიდრე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. გავა წლები და თქვენ დაინახავთ, ვინ იყო ჩვენ შორის მართალი“.

საგანგებოდ ვყვები ამ ამბავს სახელ-გვარების გარეშე, რადგან იმ შეხვედრის წესი მოითხოვს, დეტალებს თავი ავარიდო. თუმცა, ორმოცამდე ადამიანი ისმენდა ამერიკელი დიპლომატისა და ევროპელი ჟურნალისტის განსხვავებულ მოსაზრებებს საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივების შესახებ.

სულ ორიოდე კვირის წინ, როდესაც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უკვე ჩატარებული იყო და მეორე ტურს ელოდნენ, უკრაინელი ახალგაზრდები გავიცანი. ცხადია, საუბარი ისევ იმის ირგვლივ წარიმართა, თუ რომელი ქვეყანა უფრო ახლოსაა დეკლარირებულ მიზანთან – თანამედროვე დასავლური სტანდარტების სახელმწიფოს აშენებასთან – საქართველო თუ უკრაინა. უკრაინელებს მოსწონდათ ის, რომ საქართველოში ცვლილებებია, რომ ჩვენთან შენდება, იღებება, ნათდება... რაც მთავარია, მოსწონდათ, რომ თუნდაც დაბალ და საშუალო ჩინოვნიკურ დონეზე აღარ არის კორუფცია. სამაგიეროდ, მე მომწონდა, რომ უკრაინაში ყოველ ჯერზე სამართლიანი არჩევნები ტარდება და რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. „იცით, რომ ჩვენთან ყოველი ფეხის ნაბიჯზე კორუფციაა?“ – მეკითხებოდნენ უკრაინელი ახალგაზრდები. „და იცით, რომ ჩვენს პარლამენტში ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს?“ – ვეკითხებოდი მე. „ჩვენ ძალიან მოგვწონს მიშა, მან ბევრი რამ რეალურად შეცვალა“, – ამბობდნენ ისინი. „მე კი თქვენი პრეზიდენტი მომწონს, რომელმაც დაუშვა, რომ მისმა პარტიამ არჩევნებში მხოლოდ 5,5% მიიღო“, – ვამბობდი მე.

საქართველოც და უკრაინაც – ცალ-ცალკე – საკუთარი, ერთმანეთისგან განსხვავებული, დილემის წინაშე დგას. მაგრამ ამ დილემების შინაარსი საერთოა: ქვეყანა უნდა იმართებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტებით. საქართველოში პრობლემა დემოკრატიული ინსტიტუტებია, უკრაინაში – მართვა. ორივე ქვეყანა ერთნაირად განიცდის კანონის უზენაესობის დეფიციტს და მთავარი საფრთხეც ერთია – საზოგადოების გახლეჩა. უკრაინაში ამ ხლეჩის საფუძველი უფრო პოლიტიკური ორიენტაციაა, საქართველოში – უფრო თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნა.

სტატიის დასაწყისში შეკითხვა კი დავსვი, მაგრამ მასზე პასუხი არც სტატიის ბოლოს მაქვს. უახლოესი 4-5 წელიწადი, ალბათ, გამოაჩენს, რომელი იყო მართალი: ძლიერი ვერტიკალის მომხრე ამერიკელი დიპლომატი, თუ ძლიერი ჰორიზონტალის მომხრე ევროპელი ჟურნალისტი.

მე კი დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცი, რომ უკეთეს საქართველოში მინდა ცხოვრება. ჩემთვის „უკეთესი“ ნიშნავს უფრო თავისუფალს, უფრო შემოქმედებითს, უფრო კულტურულს, უფრო ჰორიზონტალურს; ორიენტირებულს ადამიანზე, მის უფლებებზე, მის განათლებაზე, მის კეთილდღეობაზე...

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენში, ჯერჯერობით, უპირატესად საუბრობენ თავდასხმის საფრთხეზე, თავდაცვისთვის მზადებაზე, სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე, მტრებზე, მოღალატეებზე და შიგადაშიგ – ტურიზმზე. ტურიზმი ვერ შველის, რადგან ყველაფერი დანარჩენი ვერტიკალის სულ უფრო მეტ გაძლიერებას მოითხოვს. და ასეც ხდება.

კი უნდათ, დამარწმუნონ, რომ ეს გზა მიდის იქით, საითაც უკეთესი საქართველო მეგულება. მაგრამ ამ ახლად დაგებული გზების ქვეყანაში მაინც უგზოობის განცდით ვცხოვრობ.

ჩემი მეგობრების შვილმა, როდესაც პატარა იყო, ერთი დაუვიწყარი ფრაზა დაწერა: „უგზოობაც გზაა...“ აი, სადღაც მანდ ვტრიალებთ. მაგრამ, რას ნიშნავს ეს ორსიტყვიანი ფრაზა?

უიმედობას?

იმედს?