12 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მელაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი. მან დაწვრილებით ისაუბრა ”ეროვნული ფორუმის” ინიციატივებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ. მელაშვილმა ოთხ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც შეეხება ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში მოქალაქის ბიომეტრული ფოტოსურათის ჩართვას, ბიულეტენების გაყალბების თავიდან ასაცილებლად ბეჭდის ნამდვილობის დასაცავ მეთოდს, არჩევნების დასრულებისას გამოუყენებელი ბიულეტენების დათვლისას ოქმის შედგენასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისული დოკუმენტაციის დამუშავების პროცესის გამჭვირვალობისთვის საჭირო ღონისძიებებს. 12 თებერვალს, საღამოს ”ეროვნული ფორუმი” ამ ინიციატივებზე სამსჯელოდ იწვევს პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მელაშვილი თვლის, რომ, თუკი იქნება ფართო კონსენსუსი, ამ ინიციატივების განხორციელებას დიდი დრო არ დასჭირდება.