ზურაბ ნოღაიდელი 9 თებერვალს მოსკოვში პარტია ”ედინაია როსიასთან” თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს

”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 9 თებერვალს მოსკოვში პარტია ”ედინაია როსიასთან” თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას რუსეთის მმართველი პარტიის სახელით ხელს მისი თავმჯდომარე, დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი მოაწერს. ”პარტიები ისწრაფვიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში” - ნათქვამია ხელშეკრულების ტექსტში, რომელიც ნოღაიდელის მოძრაობამ გამოაქვეყნა. ორი პარტია ასევე შეთანხმდება რეგულარული კონსულტაციები გამართონ და ”გაცვალონ ინფორმაცია” საქართველოსა და რუსეთში არსებულ აქტუალურ და ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.