აფხაზეთში რუსი მესაზღვრეების როტაცია მიმდინარეობს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული მესაზღვრეები ახალი შენაერთით ჩაანაცვლა. ერთ-ერთი ასეთი ჩანაცვლებისას რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც წალენჯიხის რაიონთან მოსაზღვრე ოკუპირებულ საბერიოსთან არიან განთავსებულნი, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს და გალის მილიციაში გადაიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლებას ე.წ. საზღვრის გასწვრივ მცხოვრებმა შეატყობინა, დაკავებულ ხუთ მოქალაქეს გალში აფხაზურმა სასამართლომ, ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაფრთხილება მისცა. რესპონდენტი, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ხმის შეცვლა ითხოვა, ჰყვება, რომ სამ მოქალაქეს, რომლებსაც აფხაზური პასპორტი ჰქონდათ, 1500 რუბლი, ხოლო დანარჩენ ორს, რომლებსაც ქართულთან ერთად აფხაზური პასპორტიც აღმოაჩნდათ, 2500 რუსული რუბლი გადაახდევინეს. საბერიოელი რესპონდენტის ცნობით, ძველის ახალი სამხედრო შენაერთით ჩანაცვლებამ საბერიო-წყოუშის გადასასვლელთან არსებული ვითარება დაძაბა და ჩიხში შეიყვანა, რაც, მისივე თქმით, მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვითა და მათი უფლებების დარღვევით გამოიხატება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას საქართველოს ხუთი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს და განმარტეს, რომ რუსმა სამხედროებმა ვითარება არა მარტო საბერიო-წყოუშის, არამედ ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეუქცევადი გახადეს. ამ უწყების საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მორის შოგირაძის აზრით, ამის მიზეზი რუსი მესაზღვრეების ახალი ნაკადით ჩანაცვლება უნდა იყოს.

რაც შეეხება აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა უპრობლემოდ გადაადგილებას და ოკუპირებულ აფხაზეთში მათი უფლებების დაცვას, ამაზე თანხმობა თბილისის დელეგაციამ 20 იანვარს, გალის ხუთმხრივი შერეული შეხვედრისას, მიიღო. მაგრამ მას მერე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.