სელინჯერი ზეციურ ჭვავის ყანაში!

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ სელინჯერი გარდაცვლილა.

ახალი ბლოგი უკვე თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი ამ ამბავს. შევედი Facebook-ზე. ფრენდებს უკვე აეჭრელებინათ კედელი, ცოტა ხანს მეც ჩავერთე ამ ამბავში. ზოგი წუხდა, ზოგი ხუმრობდა, სხვები ამბობდნენ: “ღმერთმა აცხონოს”, ნაწილი კი იმაზე დარდობდა, რომ მის არქივს კიდევ 50 წელს არ გახსნიდნენ და ვერ ვნახავდით მთელი ამ განდეგილობის მანძილზე დაწერილს, ჩანიშნულს თუ დაჩხაპნილს.

ფორუმზეც დიდი ამბები იყო! ერთმა ისიც თქვა, მოდით ყველამ ავატარებად სელინჯერის ფოტოები დავიყენოთო. რაზეც მეორე შეეხუმრა, მაგას ჭვავის ყანის ფოტო ჯობიაო.

იანვარი ყველაზე გაუმაძღარი თვე გამოდგა. იანვარს ყველაზე მეტი დიდი მწერალი გადაყვა, შეეწირა: ჯეიმს ჯოისი, ანდრეი პლატონოვი, ტომას ელიოტი, ალბერ კამიუ... მარტო დღევანდელ დღეს, 28 იანვარს, უილიამ ბატლერ იეიტსის, იოსიფ ბროდსკისა და ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების დღეა. სხვებიც არიან იანვრის მსხვერპლნი.

დღეს ვერაფრით ვერ დავარქვი სახელი ჩემს განცდას, რომელიც ამ ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა. ეს არ იყო წუხილი, არც “უი, საწყალი!” გამივლია გულში და არც “რა კაცი წაიქცა!”. სელინჯერი ხომ ისედაც დიდი ხნის წინ წავიდა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ბიოგრაფია მოგვისპო გულებში, რათა უფრო მნიშვნელოვანისთვის მიგვეძღვნა გულიც და ფიქრიც. გვენაღვლა, გვესევდიანა, გვეოცნება.
სელინჯერის ქალიშვილის, მარგარეტის მემუარების გარეკანი

ჩვენ ვხედავდით, როგორ ჭაღარავდებოდა და ბერდებოდა ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი და სხვები, და მათი გარდაცვალების შემდეგ ვამბობდით: “გუშინ ვნახე, იცინოდა!”: ისინი “New York Times”-ის საიტზე გამოდებულ ვიდეოზე იცინოდნენ, “CNN”-ზე იცინოდნენ, “Guardian”-ის ბლოგზე იცინოდნენ. სელინჯერზე ვერ იტყოდი, “გუშინ ვნახე, იცინოდა”. ეს კაცი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არავის თვალით არ უნახავს, მით უმეტეს - გაცინებული.

დღეს ვფიქრობდი და აღმოვაჩინე, რომ “ჰარი პოტერის” ავტორის შემდეგ, სელინჯერი მეორე მწერალი იყო, რომელიც Yahoo-სა და Google-ის საძიებლებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ისაა, რომ 50 წლის განმავლობაში არ გახსნიან სელინჯერის არქივს და ისე წავალთ ამ ქვეყნიდან, ვერასდროს გავიგებთ, რითი ცხოვრობდა ეს ადამიანი, თანამედროვე კულტურის ყველაზე გამოუცნობი გმირი.
მისი არქივის გახსნის დროს გაგანია გლობალური დათბობა იქნება, ალბათ... თუმცა, ერთი ვარიანტიც არსებობს, ყველანაირი 50-წლიანი ლოდინის გარეშე. 2012 წელს, როცა უკვე გარდაუვალი იქნება კომეტის დედამიწასთან შეჯახება, ალბათ ყველა დალუქული არქივიც დაკარგავს აზრს, მათ შორის სელინჯერისაც. და დედამიწის გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვა ბარაკ ობამა და პირდაპირ ეთერში წაიკითხავს მის უკანასკნელ მოთხრობას.

P.S.: დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ძალიან ბევრი მოიკითხავს მაღაზიებში სელინჯერს. ასე რომ, თამრიკო ლებანიძე, ჩამოყარე ახალი ტირაჟი!