ზურაბ ნოღაიდელის წინამორბედები

ზურაბ ნოღაიდელი, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მუდამ იყვნენ ლიდერები, რომლებსაც მთავარი მფარველები რუსეთში ეგულებოდათ. თუმცა, ისინი თავიანთ საქმიანობას აფასებდნენ, როგორც არა პრორუსულს, არამედ, როგორც „რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების“ მცდელობას. დღეს შეგახსენებთ, როგორ და ვისი მეშვეობით ვითარდებოდა რუსული ვექტორი ქართული პოლიტიკის ბოლო ოცწლეულში.

* * *

ქართულ პოლიტიკაში რუსული ორიენტაციის ღია და თვალსაჩინო გაძლიერება აფხაზეთის ომის შემდეგ დაიწყო. პარლამენტიც და მთავრობაც იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც საქართველოს მომავალს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ორბიტაში ხედავდნენ. მათი მთავარი წარმატება იყო საქართველოს გაწევრიანება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ პერიოდში პარლამენტს ვახტანგ გოგუაძე უძღვებოდა, ხოლო მთავრობაში ყველაზე გავლენიანი ფიგურები მამა–შვილი გიორგაძეები და თენგიზ კიტოვანი იყვნენ.

1995 წლის შემოდგომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს და მთავრობაც განახლდა. ვითარება მთლიანად შეიცვალა. ძნელი სათქმელია, მაშინდელ მთავრობაში ვინ და როგორ ატარებდა რუსეთის ინტერესებს, მაგრამ პოლიტიკაში რუსული ვექტორის სიმძიმე ასლან აბაშიძეზე გადავიდა. 1995 წლის პარლამენტში მას 25 მანდატიანი წარმომადგენლობა ჰყავდა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ დროთა განმავლობაში ორად გაუყო და ერთი ნაწილი თავისკენ გადმოიბირა.

სამაგიეროდ, ასლან აბაშიძემ მეორე პოლიტიკური ცენტრი შექმნა აჭარაში და რამდენიმე პარტია მიიზიდა. ამ ალტერნატიული ცენტრის ყველაზე დიდ წარმატებად უნდა შეფასდეს 1998 წელს თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება ლეიბორისტებთან ერთად. მაშინ მოქალაქეთა კავშირს 55–დან სულ 20 მანდატი ერგო. თუმცა, დროთა განმავლობაში, საკრებულოში ძალთა ბალანსი შეიცვალა და ასლან აბაშიძის ფაქტორი მთლიანად განეიტრალდა.

პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის მწავავე ბრძოლა გაჩაღდა 1999 წლის საპარალმენტო არჩევნების წინ, როდესაც მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაგრამ ასლან აბაშიძე აჭარის საზღვრებს არ ტოვებდა, რაც მას საშუალებას არ აძლევდა, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა. ახალ პარლამენტშიც გამარჯვება მოქალაქეთა კავშირს დარჩა. ბლოკმა „საქართველოს აღორძინება“ სულ 51 პარტიული და 7 მაჟორიტარული მანდატის მოპოვება შეძლო 235 წევრიან პარლამენტში.

შემდეგი ბრძოლა გაიმართა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ედუარდ შევარდნაძეს ტრადიციული მეტოქე – ჯუმბერ პატიაშვილი დაუპირისპირდა. პატიაშვილი ყოველთვის იყო პრორუსული პოლიტიკის საყრდენი საქართველოში. მის საარჩევნო შტაბს უცვლელად ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც კრემლის იდეებს ახმოვანებდა და, რომელიც, იმავდროულად, მჭიდროდ თანამშრომლობდა ასლან აბაშიძესთან. 2000 წლის არჩევნებში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ედუარდ შევარდნაძემ ორ მილიონამდე ხმა მიიღო, პატიაშვილმა კი სულ 400 000. დაახლოებით ამდენივე ხმა ჰქონდა მიღებული ჯუმბერ პატიაშვილს წინა – 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

პრორუსული პოლიტიკის გამტარებლებს შორის იყო სოციალისტური პარტია და მისი ლიდერი ვახტან რჩეულიშვილი, რომლის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა დევიზით „რუსეთი ჩვენი მეზობელია“. მაგრამ არც ამ კამპანიას, არც მის ლიდერს რაიმე წარმატება არ ჰქონია. ვახტანგ რჩეულიშვილი ასლან აბაშიძის პოლიტიკურ ცენტრში ინტეგრირებული ერთ–ერთ პარტიის ხელმძღვანელად დარჩა. აღარაფერს ვიტყვით იგორ გიორგაძის პარტიაზე, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა.

* * *

ვარდების რევოლუციის შემდეგ პრორუსული პოლიტიკური ძალები საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან საერთოდ გაუჩინარდნენ. მთელი პოლიტიკური სპექტრი – სახელისუფლოც და ოპოზიციურიც – პროდასვლური პოლიტიკის მიმდევრად ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციულ დონეზე.

პირველი ადამიანი, რომელმაც, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, საჯარო პოლიტიკის ვექტორი რუსეთთან ახალი ურთიერთობის აწყობისკენ მიმართა, ზურაბ ნოღაიდელია. სავარაუდოდ, მას პოლიტიკური მეგობრებიც გამოუჩნდება.

წლების განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში რუსული ვექტორი უკავშირდებოდა ოთხ ადამიანს: ჯუმბერ პატიაშვილს, იგორ გიორგაძეს, ასლან აბაშიძეს და ვახტანგ რჩეულიშვილს. არც ერთ მათგანს რაიმე არსებითი წარმატება ქართულ პოლიტიკურ ველში არ მოუპოვებია. დღეს კი ისინი ერთმნიშვნელოვნად დამარცხებულები არიან. შემდეგი მცდელობის ავტორს, ზურაბ ნოღაიდელს, წარუმატებელ წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით უარეს სასტარტო პირობებში უხდება რუსეთის მიმართულებით მოძრაობა. ძნელი სათქმელია, რა არის მისი საყრდენი: მეტისმეტი თავდაჯერება თუ არასრულფასოვნების კომპლექსი.