ახორციელებს თუ არა ხელისუფლება ზეწოლას არასამთავრობო სექტორზე?

არნო სტეპანიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე (მარცხნივ) და ლია მუხაშავრია, ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი

15 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ "საქართველოში უფლებადამცველების წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო-პოლიტიკურ კამპანიაზე". შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიღებულ იქნა განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ უფლებადამცველი ორგანიზაციები. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს უფლებადამცველების საქმიანობაში ჩარევისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი მოუწოდებენ, მოსთხოვონ ხელისუფლებას, იმოქმედოს ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის შესაბამისად. "განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მედიასაშუალებებმა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავიანთ საჯარო განცხადებებში მოახდინეს ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს ომი, ეთნო-ტერიტორული კონფლიქტები, უმცირესობები და ა.შ., რათა მოახდინოს საზოგადოების მანიპულირება და შეცდომაში შეიყვანოს ის უფლებადაცვითი საქმიანობის მიმართ” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში ამ საკითხზე სასაუბროდ მიიწვია 15 იანვრის შეხვედრის ორი მონაწილე: საზოგადოებრივი მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნო სტეპანიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია.