"თმაგაჩეჩილი ანგელოზი" სიუზან ბოილი

სიუზან ბოილი, შოტლანდიელი მომღერალი

48 წლის შოტლანდიელი დიასახლისის სიუზან ბოილის სადებიუტო ალბომმა "I Dreamed a Dream" პირველი ადგილი დაიკავა შოტლანდიურ და ამერიკულ ჰიტ-პარადებში და, გაყიდვის ტემპის მიხედვით, ყველა რეკორდი მოხსნა. ალბომი გასული წლის 23 ნოემბერს გამოიცა – დღეისათვის კი მსოფლიოში ამ დისკის უკვე 4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

სიუზან ბოილმა მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც პოპულარული ტელეპროგრამის "ბრიტანეთი ეძებს ტალანტებს" ფინალში შეასრულა სიმღერა "I Dreamed a Dream" მიუზიკლიდან "გარიყულნი". მორიდებული, მორცხვი, არტისტული გარეგნობის არმქონე, საკმაოდ მსუქანი შოტლანდიელი დიასახლისის ხმის იშვიათმა სილამაზემ როგორც ჟიურის, ასევე მილიონობით ტელემაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მას ყველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მაყურებელთა სიმპათიების შეჯამების შემდეგ გაირკვა, რომ გამარჯვება არაფრით გამორჩეულ საცეკვაო კოლექტივ "Diversity" -ს ხვდა წილად. ასეთი უსამართლობა ბოილისათვის თავზარდამცემი იყო - ის ნერვული მოშლილობის ზღვარზე აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ კლინიკაში. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სიუზანმა არაჩვეულებრივად წარმატებული ტურნე გამართა ამერიკაში, სადაც თავისი სადებიუტო ალბომიც ჩაწერა და ტელევიზიითაც გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ბოილმა სწორედ ამერიკაში გაითქვა სახელი და მიაღწია წარმატებას.

სიუზან ბოილი პატარა შოტლანდიურ დასახლება ბლექბერნში დაიბადა, მეშახტეთა ოჯახში. მომავალ მომღერალს ოთხი ძმა და ექვსი და ჰყავდა. სკოლაში სიუზანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა სწავლის მხრივ. სკოლის დამთავრების შემდეგ მას არსად უმუშავია, თუ არ ჩავთვლით მზარეულის მოწაფედ ექვსთვიან სტაჟირებას. ბოილი ღებულობდა სოციალურ დახმარებას და უვლიდა მოხუცებულ დედას, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა, 91 წლის ასაკში. თვით სიუზანის თქმით, სწორედ დედის გარდაცვალებამ აიძულა ეცადა მომღერალი გამხდარიყო. მანამდე ის მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიაში და პაბში მღეროდა. მოკლე ხნის განმავლობაში ბოილი იღებდა ვოკალის კერძო გაკვეთილებს, თუმცა სიმღერას, უმეტესწილად, თავისი ვოკალური კერპების ჩანაწერების მეშვეობით სწავლობდა. აი, რას ამბობს სიუზან ბოილზე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი გევინი: ”სიუზან ბოილს პოპულარობა, მეტწილად, ორი მიზეზის გამო ხვდა წილად. პირველი მიზეზი ისაა, რომ სიუზანს შესანიშნავი, ნამდვილად ანგელოზის ხმა აქვს. "თმეგაჩეჩილი ანგელოზი" _ ასე უწოდეს მას შოუში "ბრიტანეთი ეძებს ტალანტებს" პირველი გამოსვლის შემდეგ. გარდა ამისა, მისი წარმატება იმედს იძლევა, რომ თითოეულ ჩვენგანსაც შეიძლება აუხდეს ოცნება და წარმატებას მიაღწიოს. ერთ-ერთ სიმღერას, რომელიც მან კონკურსზე შეასრულა, ეწოდება: "მე მესიზმრებოდა ოცნება". ვფიქრობ, რომ სწორედ ეს უბიძგებს ადამიანებს ექომაგონ და მხარი დაუჭირონ. როდესაც მე მასთან მივედი და კარზე დავაკაკუნე, კარი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავმა კი არა, რიგითმა ადგილობრივმა დიასახლისმა გამიღო.”

ამ დღეებში სიუზან ბოილმა ჩაწერა დუეტი თავის საყვარელ მომღერალ ელეინ პეიჯთან ერთად, ხოლო 17 იანვარს ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას, დაბადების დღეზე თავისი სადებიუტო ალბომის მთავარი სიმღერა შეასრულა.