ნიქოზელთა უსაფრთხოება ჯერაც არ არის უზრუნველყოფილი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი

წუხელ სოფელ ნიქოზში, ცხინვალის მხრიდან, სროლის ხმა ისმოდა. შეშფოთებულმა მოსახლეობამ სარდაფებს შეაფარა თავი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ზემო ნიქოზშია, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება და სოფლის რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რაც გორის რაიონის ოკუპირებული სოფლები რუსულმა საჯარისო ნაწილებმა დატოვეს და იქ ქართული პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა, ქართული სოფლების მიმართ ინტენსიური სროლა შეწყდა, სოფლებში მოსახლეობამაც დაიწყო დაბრუნება, მაგრამ ზემო ნიქოზში ბავშვების დაბრუნებას მაინც ერიდებიან, რადგან ცხინვალის მხრიდან თითოეული გასროლა ეგრეთ წოდებულ საზღვართან ახლოს მცხოვრებთ პანიკაში აგდებს.

ბოლო პერიოდში, ნიქოზელების დაკვირვებით, ოსური და რუსული შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლები უმისამართო სროლას სადღესასწაულო დღეებში იწყებენ ხოლმე. სოფელში არ გამორიცხავენ, რომ სროლა დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული კრიმინალური ჯგუფების გარჩევებსაც უკავშირდებოდეს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, მათი აზრით, უმისამართო სროლას მთვრალი ჯარისკაცები იწყებენ ხოლმე. ნიქოზელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გასასვლელთან ქართული პოლიციის საგუშაგოა, ცხინვალთან ახლოს მცხოვრებნი თავს მაინც დაუცველად გრძნობენ.

კონფლიქტის ზონაში დიდი ხანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აღარ ჩატარებულა. ამიტომ თითოეულ ინციდენტზე რეაგირება შეუძლებელია. ოსური მხარე შეხვედრაში მონაწილეობას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე ქართული მხარე დე ფაქტო რესპუბლიკის დაკავებულ მოქალაქეებს არ გაათავისუფლებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არ მოიძიებს. ბოლო მონაცემებით, ოსური მხარე აგვისტოს ომამდე დაკავებული 39 პატიმრის გათავისუფლებას და 7 უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქის მოძიებას ითხოვს. ქართული მხარე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული მოქალაქეების გათავისუფლებას არ აპირებს.