თამარ მეარაყიშვილი - პედაგოგი

1 იანვარი, ხუთშაბათი
ადრე გავიღვიძეთ. ჩვენმა მეკვლემ, ანდრომ, დილით დაარღვია კომენდანტის საათი და რვამდე მოგვილოცა ახალი წელი. ყოველთვის ღამით, 12 საათის მერე მოდიოდა ჩვენი მუდმივი მეკვლე. მის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავით, მაგრამ ჩემმა ანამ იყოჩაღა განწყობისათვის: ოთახის ფანჯრები მოგვიხატა გუაშით! მთელი კვირა ცდილობდა, რომელიმე ნათესავი ჩამოეტყუებინა სტუმრად, მაგრამ ამაოდ, ვერავინ გაბედა. მხოლოდ ჩემი და, მარინა ჩამოვიდა, ისიც ანას საახალწლო ვარცხნილობის გასაკეთებლად. ორი ჭიქის თამადა ანა იყო: პირველით მოგვილოცა, მეორით კი თავისი 23 კლასელის დაბრუნება ისურვა. რას ვიფიქრებდით, რომ რუსების არსენალის პატრონ ახალგორში მაშხალებიც გაგვიჭირდებოდა. ოსების ბათქიც მხოლოდ სამ წუთს გაგრძელდა. ამ ახალ წელს ძალით ახალი წელი დავარქვი და სულ ასე დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

2 იანვარი, პარასკევი

დღეს ინგა იმნაძესთან მივდივარ, თბილისში. პროექტს ვწერ გრანტზე, რომელიც კონფლიქტური რეგიონებისთვის ხორციელდება. მშვიდობით ვკვეთთ რუსების მიერ დადგენილ საზღვარს. ნერვიულობა ქართულ საგუშაგოზე გველის. ბარგის ჩხრეკას იწყებენ. ჩანთა გაგვახსნევინეს, ამოწმებდნენ, იქნებ ბომბი მიჰქონდა ვინმეს თბილისში.
„რა ბომბი, შვილო, საჭმელი მიმაქვს შვილებთან, წეროვანში“ - პასუხობს მგზავრი. მგზავრს ჩანთაში რუსული ჰუმანიტარული საკვები აღმოაჩნდა. სულ „მათხოვრები“, „დაუნახავები“ და „სამშობლოს მოღალატეები“ გვეძახეს!
მგზავრები ჩუმად არიან, მამაკაცებისთვის დუმილი ოქროა. ჩავდივარ და ვკითხულობ, თქვენ ხომ არ იყავით, ტანკებს ახალგორში რომ არ ატარებდით-მეთქი. უხეში პასუხი მივიღე: „ადი, შენ ადგილზე დაეგდე! რა გინდა, რას ექომაგები, ცოლი ხარ თუ შვილი, თუ ჩვენზე მეტად გტკივა გული?!“
ამასობაში მეზობელი სოფლიდან დამატებითი ძალა გამოიძახეს, ალბათ ინციდენტის აღსაკვეთად. ცდილობენ, მძღოლს აქტი შეუდგინონ კონტრაბანდის მოტივით.
საღამოს ჩავედი ინგასთან. ინგა ჩემი საუკეთესო მეგობარი, თანამოაზრე და ძველი თანამშრომელია. რამდენიმე წელი ვიმუშავეთ ერთად. ძალიან მიყვარს. გვიანობამდე მოვუნდი წერას, უფრო გვიანობამდე კი - ჭორაობას. ინგა რომ არა, ასე მალე ვერ დავწერდი. ვნახოთ, რა გამოგვივა.

3 იანვარი, შაბათი
მე და ანდრო თბილისში შევხვდით ერთმანეთს. წამოსვლას ვაპირებდით, რომ მოულოდნელი ზარის წყალობით კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან მოვხვდით. მავიწყდება, ვისთან ვარ და გულწრფელად გამოვხატავ უკმაყოფილებას ხელისუფლების დამოკიდებულებით ახალგორთან მიმართებაში. გაბრაზებას ვერ მალავს, რაღაც არ მოეწონა, მაგრამ ძირითადად ჩვენ მხარესაა. მომავალ თანამშრომლობასა და თანადგომას გვპირდება.
რა საოცარია ჩვენი ყოფა ახალგორში! არც ტყვეები ვართ და არც თავისუფალი ადამიანები. ანდრო მეკითხება, შემეშინდა თუ არა, მე კი უფრო დაზაფრული ვიყავი, როგორც წინა მინისტრმა ბრძანა. დღესაც თბილისში მიწევს დარჩენა. ანას ნათლიასთან, ქეთისთან ვრჩები. აგვისტოს დღეები ანამ ქეთისთან გაატარა. თვითონაც ვიწროდ ცხოვრობენ, მაგრამ ერთი ოთახი მაინც დამითმეს. ბოლოს ისე გავთამამდი, ახალგორელებს ვეუბნებოდი თუ გაგიჭირდათ, ქეთისთან წაგიყვანთ-მეთქი.

4 იანვარი, კვირა
დღეს ჩემი მოსწავლეები მოდიან ჩემთან. ისინი, ვინც დღემდე აქ სწავლობს, თბილისში მიმყავს ცნობილ ადამიანებთან შესახვედრად. ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ, თან ცდილობენ, სტუმრების ვინაობა დამტყუონ.
ჩვენთან საახალწლო ზეიმი არ ჩატარებულა. გულდასაწყვეტია, რომ ახალგორის ხელისუფლება აქ დარჩენილებისათვის ღია დახმარების სურვილს თუ ვერა, დაფარულ სურვილსაც რომ არ იჩენს. ისე კი ამბობენ, ხშირად ჩავდივართ ახალგორშიო, ეგრე მეც ხშირად ჩავდივარ ხოლმე ჩვენი სახლის სარდაფში, ჩემი საჭიროებისათვის.
დახმარებას ვინ ჩივის, საკრებულოს თავმჯდომარის გაოცებული საყვედურიც კი დავიმსახურე: რაღაც 20 ბავშვზე ლაპარაკობ, ეგენი რისი გამკეთებლები არიან? ჩვენ გვინდა, ხალხი გამოვიყვანოთ, შენ კი, პირიქით, მანდ ამაგრებ. ეგრე არ გამოვაო. მან ისიც კი არ იცის, რომ 20 კი არა, 200 ბავშვია ახალგორში, მათ ქსნის ხეობა ჰქვიათ. სამშობლოს სიყვარულის გარდა კი მათ აქ რა გააძლებინებთ?! ჩვენი ცხოვრება ხომ 80-იან წლებშია გადაწეული!..
ერთი შეტყობინება მაქვს ტელეფონში. მოსწავლე მწერს, ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა ჩამოსვლა, არ შემიძლია, არც მეშინია, ჩემი ნება რომ იყოს ახლავე ფეხით გამოვიქცეოდი. აქ, მართალია, კარგი გარემოა, სკოლაც კარგი შემხვდა, მაგრამ შიგნით რაღაც მაკლია, ეს „რაღაც“ ახალგორიაო.
აქაც არავის აინტერესებს უპატრონო დევნილი, ყველა თავის გადარჩენისთვის იბრძვის, მე ჩემებურად ვიბრძვი. „ნეტავი თქვენ, რომ ახალგორში ხართ, თუნდაც დაცარიელებულში“, ასე ფიქრობენ ბავშვები.

5 იანვარი, ორშაბათი
დილით ადრე ვდგები, ღუმელს ვანთებ და ანას ვაღვიძებ. თურმე, 6 საათიდან ღვიძავს, თან მიმხელს, მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ შეხვედრაზე ვფიქრობდიო. ოცივე ბავშვს იგივე განცდა აქვს. პირველი გაჩერება „ტელეიმედია“, არხის ცნობილ სახეებს და „შუა ქალაქის“ მსახიობებს ვხვდებით. სითბოთი და სიხარულით ვტოვებთ, ყველას უხარია ჩვენი სტუმრობა. ცდილობენ, აალაპარაკონ კონფლიქტის ზონიდან ჩასული ბავშვები.
2 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შეხვედრაა, სტუმრები მოდიან და ბავშვებსაც თვალები უფართოვდებათ. შეხვედრა არ დამიგეგმავს, მინდოდა ბავშვები თავისუფლად მოქცეულიყვნენ და ჩემთვის არ ეცქირათ თვალებში. პოლიტიკური კითხვებიც დაისვა, რასაც, ბუნებრივია, ვერ ავცდებოდით, თუნდაც იმ მიზეზით, რომ, ბავშვების თქმის არ იყოს, რომ არა რუსეთის ჯარი, ჩვენ ამ ადამიანებს როგორ შევხვდებოდითო.
უამრავი სურათი, ავტოგრაფი, საჩუქარი და იდეა მოგვაქვს, ძირითადად ასეთი: „რითი დაგეხმაროთ?“ „რა შეგვიძლია თქვენთვის გავაკეთოთ?“ ლევან ყიფიანი თებერვალში საქართველოს ნაკრების თამაშზე გვეპატიჟება. შეხვედრისათვის განკუთვნილი დრო იწურება, მაგრამ არ მთავრდება. აჩი არველაძე ყველას „მაკდონალდსში“ გვეპატიჟება. მთელი გზა არ გაჩუმებულან ბავშვები. 9 წლის ანი მეუბნება, ყველაზე ბედნიერი დღეს ვარო.
მივუახლოვდით რუსების საგუშაგოს. ბავშვები საჩუქრებს იხუტებენ, მე შიში მეპარება გულში. სასწავლო წიგნები, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოგვატანა ქართული სკოლისათვის, არ ჩამოგვართვეს, გადავრჩით.
სახლში მისულს ჩემი მამიდაშვილი ია მირეკავს, დღეს ყველა არხზე გხედავდი, ავტოგრაფს არ მომცემო?

6 იანვარი, სამშაბათი
დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. განსაკუთრებული ამაღამ იქნება, შობაა და ღამისთევით ახალგორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მივდივარ.

7 იანვარი, ოთხშაბათი
შობის დილა გათენდა. წუხელ წირვას ოცამდე ადამიანი დაესწრო. ახალგორში ტრადიციული ალილო არ ყოფილა. დღეს სახალხო დამცველს ველით. ჩამოსვლა აქაურ ადმინისტრაციასთან შევათანხმე, მაგრამ საგუშაგოსთვის ეს არაფერი აღმოჩნდა. არც წინ გვიშვებენ, არც უკან. ბოლოს ბოდიშით ისტუმრებენ თბილისში, ოფიციალური თანხმობა გვინდაო. უამრავ მოლოცვას შორის ოსების პოლიციის ყოფილი უფროსის ზარს გამოვარჩევ. შობას მილოცავს და მშვიდობიან ახალგორში მისურვებს ცხოვრებას. საოცარია!

8 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს აქაურ გამგეობაში მივდივარ, სწავლა იწყება, მაგრამ არც ღუმელი გვივარგა და არც შიგ დასანთები გვაქვს რამე. ხალხში ძლივს ვძვრები, გაოცებული ვარ. თავი ლენინგორში კი არა ახალგორში მგონია. ორი დღეა ხელფასებს არიგებენ ოსები და ხუთი თვის წინ წასულები ჩამოსულან, თან ბობოქრობენ, როგორ თუ გათავდა, რატომ იმდენი რუბლი არ ჩამოიტანეთ, ჩვენც რომ გვრგებოდაო. კიბეების თავში ამათი კულტურის განყოფილების უფროსი ტამერლან ჭოველიძე მხვდება საყვედურით, ბავშვებს რატომ არ ჩაუტარე კარნავალი, ცოდოები არიანო. მიკვირს, ყველა შარზე მყოფი მე რატომ მხვდება?! უსინდისობა იქნებოდა ჩემგან, სკოლიდან ვადაზე ადრე დათხოვნილი, გაყინული ბავშვები ფიფქებზე და ნაძვებზე მემღერებინა და იმიტომ-მეთქი. ხმას არ იღებს.
13 დეკემბერს ჩემ შვილს, ყინვის გამო, სწავლა შეუწყდა. ქართული მხარე კი ჯიუტად არ გვირთავს გაზს. ავარიაა დაუზიანებელ მილებზე, წეროვანში წამოდით, იქ გექნებათო...

9 იანვარი, პარასკევი
დღეს ბავშვები მოვიდნენ ჩემთან, ვარჩევთ თბილისურ შეხვედრას. ბავშვები იმას გაუკვირვებია, რომ ჩვენი მირთმეული ახალგორული ნამცხვარი „მიქადო“ ინგა გრიგოლიამ, სალომე ზურაბიშვილმა და ელენე თევდორაძემ მიირთვესო. თან აყოლებენ, რა მაგარი დუხები ესხათო, ეჰ სუნამო მეც მასხია, თანაც ფრანგული, მაგრამ ჩემსას ვერ ამჩნევენ! ეს -ხუმრობით.
დავალებები მივეცი და ადრე ვუშვებ. ჩემ მეზობელს ამირან ქისიევს თბილისელი ქალი მოჰყავს ცოლად, მისმა მშობლებმა დამირეკეს ათენიდან, შენი ჭირიმე, ჩვენ მაგივრად მიიღეო. დავტრიალდით მეზობლები. თეფშიც გავატეხინეთ, თაფლიც ვაჭამეთ, სუფრაც გავუწყვეთ და ლოგინიც. მათ შეუღლებას კი, ერთი ნაწარმოების მსგავსად, დავარქვი „ოჯახი კონფლიქტის ზონაში“.
სახლში შესვლისას, ანა მეკითხება: „თუ ახალგორიდან რუსები წავლენ, მაინც გაგვიშვებს ნიკა რურუა თურქეთში ფესტივალზე?“ „კი, რა თქმა უნდა!“ - ვუპასუხებ მე. შემდეგ თავისი საყურეები და მაისური გამოაქვს და მთხოვს, რადიოში წასვლისას, ჩავიცვა. მე მეღიმება, ვინ დაინახავს-მეთქი. უხარია ბავშვს და მეც ვთანხმდები. ახლა ანდრო მიგზავნის ჩამჭრელ სმს-ს - ნეტავ ნინუცას რატომ არ ვუყვარვარ?

10 იანვარი, შაბათი
ვერტმფრენების ხმაური მაღვიძებს. ჩვენი ფანჯრების გასწვრივ დაფრინავენ. მე და დედაჩემს განსხვავებული ვერსიები გვაქვს. მე ვამბობ, რომ ალბათ ისევ გაყინული ჯარისკაცის გადასასვენებლად მოვიდნენ, დედამ კი - მოსკოვში, დასასვენებლად წასულ ბავშვებს ჩამოიყვანდნენო. მათი სტუმრობა ორივე შემთხვევაში არასასურველია.
თბილისში მივდივარ დღიურების ჩასაწერად. რადიომდე რატი ამაღლობელს ვხვდები. მომავალ შეხვედრას ვგეგმავთ. დღიურებს აქამდეც ვწერდი, მაგრამ შემდეგ ბუხარში ვყრიდი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი ჩანაწერები არ დაიწვება, წავიკითხავ და მომისმენენ. ბოლომდე გულრწფელი ვიყავი წერისას. რაც ვერ დავწერე, იმასაც გულრწფელად ავარიდე თავი. არ მინდა ჩემს პირად ამბებზე საუბარი: არც ამის დროა და, ალბათ, არც არავის აინტერესებს.