ამას წინათ ლაშა ბაქრაძეს ვუთხარი, რომ თუკი ოდესმე მაინც გავტეხე ფიცი და წიგნის გამოცემას დავთანხმდი, ეს იქნება წიგნი ერიკ რომერზე - რეჟისორზე, რომელსაც ყველაზე ახლობლად მივიჩნევ კინოს სამყაროში - ბაბუად, მამად, მეგობრად... სწორედ რომერი და მისი ფილმები იყო, რამდენჯერმე რომ გამომიყვანეს ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, დამაიმედეს, სიცოცხლის აზრი მაგრძნობინეს, ძალა შემმატეს. რომერი იყო პირველი, რომელმაც ყველაფრის ნგრევის, დაშლის ახალგაზრდული ვნება საწინააღმდეგოთი შემიცვალა - ყველაფრის აწყობის, კონსტრუირების, აშენების ვნებით. ზუსტად არ მახსოვს, როდის მოხდა ეს... შეიძლება 1992 წლის ბერლინის ფესტივალზე, როცა ”ზამთრის ზღაპრის” დასრულების შემდეგ ჟიურის წევრმა, ელდარ შენგელაიამ დაარღვია რეგლამენტი, ვერ მოითმინა და ”ბერლინალეზე” აკრედიტებულ ქართველ კრიტიკოსებს გვითხრა: ”რა მაგარი რეჟისორი ყოფილა ეს რომერი. თარგმანი არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავიგე!”
რომერის ფილმი, დიალოგების თარგმნის გარეშე ვიღაცისთვის შეიძლება ჯოჯოხეთი იყოს. მის სურათებში, და განსაკუთრებით ციკლში ”წელიწადის დრონი”, რომელსაც ”ზამთრის ზღაპარი” მიეკუთვნება, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ღმერთზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, ღალატზე, სექსზე... ყველაფერზე, რაზეც შეიძლება ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ რომერი ამტკიცებდა, მაინტერესებს როგორია ადამიანი, როცა ამა თუ იმ სიტყვას წარმოთქვამსო, ეს ლაპარაკი არც ისე მნიშვნელოვანია მის ფილმებში. მთავარი ადამიანთა ქცევა, ჟესტები, მზერათა თამაშია. თავადაც ხომ ამბობდა, უჩვენო ვიღაცას რაღაც - აი, ესააა კინოხელოვნებაო.
რას უჩვენებს? სასოწარკვეთილ ქალებს და კაცებს (ძირითადად ახალგაზრდებს), რომლებიც თავიანთი სივრცის ”კონსტრუირებას” ცდილობენ (ახალ ბინაში გადადიან, რემონტს იწყებენ, ეძებენ ადგილს შვებულების გასატარებლად)... არა თუ სიტყვა, სიუჟეტიც კი ბანალურია ერიკ რომერის ფილმებში!
არადა უჩვენებს. მართლა უჩვენებს ისეთ რამეს, სიცოცხლის ხალისს რომ დაგიბრუნებს. საზრისს რომ შეუქმნის შენს არსებობას. ცოტა, იცით, როგორ განცდას ჰგავს ეს? ბუნებაში რომ გადიხარ, აი, იმას. ოღონდ არა ”პიკნიკზე”, მწვადების საჭმელად, თუ სოკოს დასაკრეფად, არამედ მარტო. სრულიად მარტო როცა გადიხარ ბუნებაში! ტყეში რომ აღმოჩნდები მარტო, ანდა ზღვის პირას...
აბა, გამოტყდით, რამდენად ნაცნობია თქვენთვის ეს გრძნობა!
არა, საქართველოში არ უყვართ ერიკ რომერი. პრინციპში მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არ ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი. ბერლინის იმ ფესტივალის დასრულების შემდეგ ელდარ შენგელაიამ მითხრა, ჟიურის ამერიკელმა წევრებმა დასცინეს კიდეცო... როგორც აღმოჩნდა საფრანგეთის გარდა დიდ რეჟისორს მხოლოდ იაპონიაში წყალობდნენ.
ადამიანებს არ უყვართ მარტო დარჩენა. ეშინიათ, ეზარებათ.
საქართველოში, მაგალითად, ღმერთის რწმენაც კი - ყველაზე ინტიმური, ყველაზე მისტიკური გრძნობა, არა თუ თეატრისა და სანახაობის, არამედ უკვე ”კულტმასობრივი ღონისძიების” სახით ვლინდება; ერთად ჭამის, ერთად მარხვის, ერთად ლოცვის ეს ვნება ადამიანებს რიტუალიზებული, ფოლკლორიზებული სანახაობის ნაწილად აქცევს და ამით, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ აშორებს იმისგან, რასაც ვიღაც ”ღმერთს”, ვიღაც ”ჭეშმარიტებას”, ვიღაც კი, უბრალოდ, ”საიდუმლოს” უწოდებს.
ერიკ რომერის ფილმები ამ საიდუმლოსთან მსუბუქი შეხებაა. მთავრდება ფილმი და გრძნობ, რომ მონაწილეობა მიიღე უაღრესად მნიშვნელოვანის მშენებლობაში. გაივარჯიშე თვალი და ყური, გახდი უფრო დაკვირვებული. ამის მერე, რომერის ფილმის, ”მწვანე შუქის” გმირისა არ იყოს, იქნებ შენც დაინახო ეს მწვანე ნათება ჰორიზონტზე - შუქი, რომელიც რაღაც ძალიან დიდის ნაწილად გაგრძნობინებს თავს. ამის მერე იქნებ აღარ შეგეშინდეს მარტოობის. უფრო პირიქით, იქნებ დაიჯერო, რომ მარტოობა ”საჩუქარიცაა” გარკვეული თვალსაზრისით.
აგერ იმ ”ზამთრის ზღაპრის” გმირივით, ფელისივით, 5 წელი რომ ელოდა თავის შეყვარებულს, რომელსაც თავის დროზე შემთხვევით სულ სხვა მისამართი მისცა და დაკარგა... ფელისის, ბავშვი რომ გააჩინა იმ ბიჭისგან, სჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად შეხვდება შარლს. ამ რწმენამ იგი გაამხნევა, გაზარდა, უმნიშვნელო და მნიშვნელოვან ”საიდუმლოებს” აზიარა... ბოლოს შარლი გამოჩნდა კიდეც. ახლა ისინი უკვე ერთად არიან - ფელისი, შარლი და მათი ბავშვი. მაგრამ ფელისი მაინც და მაინც ბედნიერი არ ჩანს. აღმოჩნდება, რომ ძიება, მოლოდინი უფრო საინტერესო და უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ტრიუმფალური გამარჯვება და იმის შეგრძნება, რომ უკვე მიაგენი... დასასრული არ უნდა არსებობდეს. რადგან სიკვდილი რომ სიკვდილია, ისიც კი არ არის დასასრული!
რომერის სიკვდილით მორჩა კინო. ცხადია, ეს არაა დასასრული. კარგ ფილმებს კიდევ გადაიღებენ. მაგრამ საეჭვოა, მისი ფილმების უნიკალური რიტმის, ინტონაციის განმეორება ვინმემ შეძლოს. თანაც ვის რაში სჭირდება რომერის განმეორება, როცა არსებობს რომერის მიერ დატოვებული 24 შედევრი და კიდევ არსებობს ბუნება, სადაც საკუთარ თავს შეიძლება მიაგნო.
ტყუილად არ დაწერა ერიკ რომერის ფან-კლუბის ერთმა იაპონელმა (!) წევრმა, მისი ფილმების ნახვის მერე გგონია, რომ თავშესაფარს მიაგენიო.