პირველად იყო... ლაქა

დღეს 7 იანვარია, ქრისტეშობა. სულ რამდენიმე დღეა, ახალი წელი დაიწყო. როგორც ყოველ შობა-ახალწელს, ახლაც მაქვს განცდა, რომ ჩემ წინ გაშლილია დრო, ისეთივე ხელუხლებელი, ისეთივე მიმზიდველი, როგორც პირველი თოვლი ტრიალ მინდორზე.

რა მოუვა ამ დროს? რა დაიწერება მასზე? რა დაიხატება? რა ლაქები დაედება? რა შუქი მოეფინება? ვისი ვარსკვლავი აინთება? ვისი – ჩაქრება?

* * *

2010 პირდაპირ ვარდის მურაბის ლაქით დაიწყო.

4 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გვაცნობა, რომ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხულთა 60% მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის მომხრეა.

კარგად მახსოვს, რუსეთშიც ზუსტად ასე დაიწყო: 2006 წელს, „ლევადა–ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 58% დადებითად აფასებდა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემდა, კენჭი მესამე საპრეზიდენტო ვადით ეყარა. რაც გამოვიდა ამ საქმიდან, ყველამ ვნახეთ: პუტინი რუსეთის ხელისუფლებიდან არსად წასულა. 4 იანვრის „ქრონიკის“ ინფორმაციასაც ქარი რომ არ წაიღებს და ეს ლაქა სულ უფრო მეტად რომ ჩააკვდება ქართულ პოლიტიკას, ეჭვი არ მეპარება.

* * *

ბერტოლდ ბრეხტის ერთ პერსონაჟს ეკითხებიან, რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართო. ისიც პასუხობს – პროექტს ვადგენ და მერე ვზრუნავ, რომ ისინი ერთმანეთს მოერგონო. ეკითხებიან – ვინ ვის უნდა მოერგოსო, ადამიანი პროექტს თუ პროექტი ადამიანსო. ისიც პასუხობს, ცხადია, ადამიანი პროექტსო.

როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი სიყვარული სამშობლოს მიმართ ზუსტად ასეთი პროექტის შედგენით გამოხატა. პროექტი ჩვენს რეფორმაციას გულისხმობს და ერთი დღითაც არ წყდება ზრუნვა, რომ როგორმე ამ პროექტს მოგვარგონ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ორი ვადა ამისთვის ვერ იკმარებდა. „დომინანტი პარტიის“ მოდელზე საუბარიც 2004 წლიდანვე დაიწყო.

ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, იცის, როგორ გამაძლიეროს, როგორ გამხადოს უფრო თანამედროვე, უფრო ლიბერალური, უფრო კონკურენტუნარიანი. სწორედ ჩემი სიყვარულის გამო, ის გარდამქმნის ისეთად, როგორიც გაცილებით ძლიერი და ახალ სამყაროსთან უკეთ ადაპტირებული ვიქნები. მე კი, ამ სიყვარულის პასუხად, მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით უნდა ავირჩიო.

ახლა იმას ვიტყვი, რაც არასოდეს მითქვამს: მე მჯერა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს საერთო სამშობლოს აღიქვამდა, როგორც ახლად დაბადებულ ბავშვს, რომელიც მან შექმნა და რომლის აღზრდის უფლებაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა. ისიც შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მას დღემდე მშობლიური გრძნობის მსგავსი რამ აკავშირებს თავის პირმშოსთან – რევოლუციურ საქართველოსთან, რომელსაც უკვე ექვსი წელია, ისე უვლის, როგორც ახერხებს. ის განცდაც შემიძლია გავიგო, რომ მას არ მიაჩნია ქვეყანა იმდენად წელგამართულად, რომ ხელი გაუშვას და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად გაიმეტოს. თავისებურად მძაფრად უყვარს და იმიტომ.

* * *

ბოლო აბზაცში რაც აღვწერე, ბევრ ადამიანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ეს მეც მეხება, რადგან ათი წელი ერთი და იმავე კლასის მასწავლებელი ვიყავი. როდესაც სკოლაში მივედი, ჩემი მოსწავლეები შვიდი წლის იყვნენ და, ბოლოს, სკოლიდან ერთად წამოვედით. ჩემ თვალწინ გაიარა მათი პიროვნებად ჩამოყალიბების წლებმა. და ზუსტად მახსოვს ის მძიმე განცდა, როდესაც მათთვის ხელი უნდა გამეშვა და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მიმეცა. ორი რამის მეშინოდა: პიველი იყო შიში, რომ ბავშვმა საკუთარ თავს რამე არ ავნოს; მეორე კი ის, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს, რომელსაც სულს უბერავ და საკუთარი თავის პოვნაში ეხმარები, თავისუფლებას მიანიჭებ თუ არა, თავის გზას გაუყვება და შენსკენ აღარ მოიხედავს. აი, როგორც გიორგის აღარ მოუხედავს ოთარაანთ ქვრივისკენ, რომელიც შვილის გამოსამშვიდობებელ, სიყვარულიან მზერას სუნთქვაშეკრული ელოდა.

ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხიმგებლობას, რომ სული შთაბეროს ბავშვს თუ დიდს, ერთ კლასს, საზოგადოების რაღაც ნაწილს თუ მთელ ქვეყანას, მზად უნდა იყოს, რომ ერთ დღეს უარყოფილი აღმოჩნდება. ეს ნორმალურია. ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, რომ მის მიერ მხარდაჭერილი, მის მიერ აღზრდილი ქმნილება დამოუკიდებელი არსებობისთვის მოამზადოს და მერე – გაათავისუფლოს კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ან ძალით გაითავისუფლებს თავს, ან განუვითარებელი დარჩება. თუ შევძლებთ, რომ გვიყვარდეს ის, ვინც ჩვენ უარგვყოფს და ჩვენგან თავისუფლდება, სწორედ ამ დროს ვყალიბდებით ჩვენც თავისუფალ ადამიანებად. ამის გაკეთება კი იმას შეუძლია, ვინც გულის სიღრმეში გრძნობს შესაბამის ჯანსაღ ძალას და რწმენას საკუთარი თავისადმი.

გამოდის, სხვისი სიყვარული მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ საკუთარი თავი გვიყვარს; სხვისი გათავისუფლება მაშინ შეგვიძლია, თუ თავად ვესწრაფვით თავისუფლებას და სხვისი მაშინ გვწამს, თუ საკუთარი თავის გვჯერა.

* * *

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, შეიყვარეთ საკუთარი თავი მეტად, ვიდრე გიყვართ. შეგვიყვარეთ ჩვენ ნაკლებად, ვიდრე გიყვარვართ. მოგვანიჭეთ თავისუფლება და თავადაც გათავისუფლდით!