რუსეთის პრესის მიმოხილვა. 29 დეკემბერი 2009

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის პრესა ბევრს წერდა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენის განახლების პერსპექტივის შესახებ. ”საქართველოს სამშვიდობო გზა” - ასეთი იყო „ვრემია ნოვოსტეიში“ დაბეჭდილი პუბლიკაციის სათაური. გაზეთი წერდა: ” საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში, გასული წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ პირველად, რეალური დათბობის ნიშნები გაჩნდა. უკვე შაბათს, 26 დეკემბერს, - წერდა გაზეთი, - ქართული ავიაკომპანია აირზენა – ჯორჯიან ეარვეიზ, რუსეთის თანხმობის შემთხვევაში, პირველ ფრენას შეასრულებს იმ რეისებს შორის, რომლებიც სადღესასწაულო დღეებისათვის 15 იანვრის ჩათვლით იყო მოთხოვნილი”, - წერდა „ვრემია ნოვოსტეი“.

გაზეთი ასევე აღნიშნავდა, რომ კავშირის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება მარტის თვიდან, როცა გაიხსნება ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ეს პირველი ნაბიჯებიაო, - წერდა გაზეთი და დასძენდა: ”თუმცა ეს პირველი ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის ასაწყობად ჯერ არ მოასწავებს ურთიერთობების ფართომასშტაბიან აღდგენას, მათ შორის - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასო“.

გუშინ კი რუსეთის პრესა წერდა, რომ პირველი ავიარეისები რუსეთ- საქართველოს შორის 29 და 30 დეკემბერს აღარ შედგება. „იზვესტიას“ მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თბილისში არ მოინდომეს დროულად გადაეწყვიტათ პირდაპირი ავიარეისების ორგანიზების საკითხები.

გაზეთი წერს, რომ საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განმარტებით, 23 დეკემბერს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს ავიარეისების შესრულებისათვის საჭირო დაზუსტებული ტექნიკური ინფორმაცია მოსთხოვა. მისი განცხადებით, ამას თან ახლდა თხოვნა, პასუხი რაც შეიძლება მალე გადაეგზავნათ. „იზვესტიას“ ნესტერენკოს სიტყვები მოჰყავს: ”აშკარა მიდებ-მოდება და ბიუროკრატიული კირკიტი შეუძლებელს ხდის საკითხის გადაწყვეტას, რათა დროულად იყოს ორგანიზებული ავიარეისები, რომელთაც ასე ელოდნენ ადამიანები რუსეთსა და საქართველოში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სწორედ ეს არის ოფიციალური თბილისის მიზანი. ამგვარ სიტუაციაში მთელი პასუხისმგებლობა ასეთი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საქმის ჩაშლის გამო საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.”



საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენის პერსპექტივებზე „ნოვიე იზვესტიაც“ წერდა. პუბლიკაციაში, უმთავრესად, ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტისა და სახმელეთო კავშირების შესაძლებლობები იყო აქცენტირებული.

ასევე კავშირების თაობაზე წერდა, ოღონდ ამჯერად უკვე სრულიად სხვა სფეროში, რუსული ”გაზეტა”. გაზეთის მიხედვით, რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი არქიმანდრიტი რომან ლუკინი საქართველოში გამოგზავნოს აქ მცხოვრები რუსულენოვანი მრევლისათვის სამოღვაწეოდ. სინოდის გადაწყვეტილების მიხედვით, არქიმანდრიტ რომანს დაევალა, ” საჭიროების შემთხვევაში, ასევე წარმოადგინოს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია”.