ზოგი რუსთაველი 2010 წელს ოპტიმიზმით ხვდება, ზოგიც უიმედობამ შეიპყრო

რუსთავი

რუსთავი ახალი წლის მოლოდინშია, რაზეც მაღაზიებში გაცხოველებული ვაჭრობა და ქალაქის მთავარ მოედანზე დადგმული, თუმცა ძუნწად შემკული, ხელოვნური ნაძვის ხე მეტყველებს.

რუსთავის მერიამ ღამის ქალაქზეც იზრუნა. ცენტრალური ქუჩები საახალწლო ნათურებითაც არის განათებული.

ზოგი რუსთაველი ახალ წელს სახლში ხვდება და ზოგიც ქუჩაში - მაგალითად, მოხუცი ქალბატონი თინა, მეეზოვე, რომელსაც ახალი წლის ღამეს, საახალწლო კონცერტის შემდეგ, თავისუფლების მოედნის დასუფთავება მოუწევს.

„აქ ახალი წლის ღამეს აურზაური იქნება, მოედნის დალაგება-დასუფთავება მოგვიწევს“, - ამბობს მოხუცი მეეზოვე, რომელიც პენსიონერ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და დეკემბრის ხელფასით, 130 ლარით, საახალწლო სუფრას გააწყობს.

წინასაახალწლო ფასები რუსთავში მაინცდამაინც მომატებული არ არის, თუმცა ზოგან სიძვირეა, ზოგან კი პროდუქტს შედარებით იაფად ყიდიან.

მაგალითად, ზური შამანიდიმ იაფ მაღაზიას მიაგნო და რაც საახალწლო სუფრისთვის სურდა, უკვე იყიდა. რადიო თავისუფლება მას ქალაქის ყველაზე დიდი სუპერმარკეტის შესასვლელთან გაესაუბრა. ზური შამანიდიმ განაცხადა, რომ სუპერმარკეტში ცნობისმოყვარეობის გამო შევიდა და აღმოჩნდა, რომ აქ ფასები 20-30 თეთრით ძვირია.

რაც შეეხება 2009 წელს, შამანიდის აზრით, რუსთავისთვის ის ერთი რამით იყო გამორჩეული, კერძოდ, ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობით და გალამაზებით.

ნოდარ მიქაბერიძე, რომელიც სამშენებლო მასალების წარმოებით არის დაკავებული, აცხადებს, რომ 2009 წელს სამშენებლო ბიზნესმა გამოცოცხლება დაიწყო. ამის მტკიცების საფუძველს მას მისი წარმოება აძლევს - 2009 წლის მეორე ნახევარში მან შედარებით მეტი ცემენტისა და აგურის გაყიდვა შეძლო. მიქაბერიძის პროგნოზით, 2010 წელი ბიზნესის განვითარების მხრივ უკეთესი იქნება, ვიდრე იყო 2009 წელი.

მეწარმისგან განსხვავებით, 2010 წლისგან კარგს არაფერს ელის მოხუცი ქალბატონი ნადია, რომელიც ქუჩაში ლიმონსა და მზესუმზირას ყიდის.

„სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება, არაფერი გვეშველება“, -კატეგორიულია მოხუცი ქალბატონი.

რუსთავის მერიაში კი ამბობენ, რომ, ინვესტიციების მოზიდვისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, 2009 წელი გამორჩეული იყო.

რად ღირს თუნდაც ამიერკავკასიაში უდიდესი ავტობაზრობის გახსნა, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკრაინულმა პრივატბანკმა პროექტის განხორციელებაში, ჯამში, 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და, როგორც რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი აცხადებს, ავტობაზრობიდან მიღებული შემოსავალი ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

„მარტო ქონების გადასახადიდან ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვე ერთი პროცენტი შევა. ინვესტიციის მოცულობის გათვალისწინებით, ეს შთამბეჭდავი შემოსავალია“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

მაგრამ მოხუცი ნადიასთვის, რომელიც ქუჩაში ლიმონს და მზესუმზირას ყიდის, ქალაქის მერის ოპტიმისტური გათვლები ნუგეშის მომცემი არ არის.

„თუ გამიმართლა და ლიმონი გავყიდე, ობოლ შვილიშვილებს ქათამს ვუყიდი“, - აცხადებს მოხუცი.