ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

მიმდინარე კვირას კვლავ გრძელდებოდა საუბარი და განსჯა ტირძნისელი მოზარდების ცხინვალის საპყრობილიდან გამოხსნის თაობაზე.

გაზეთი „მთელი კვირა“ ორშაბათს წერდა: “ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმირ ლუკინი, პაატა ზაქარეიშვილი, ვახტანგ კომახიძე, მანანა მებუკე, თემურ შაშიაშვილი, გოჩა ძასოხოვი და თომას ჰამარბერგი! - ეს იმ ადამიანთა ნუსხაა, რომლებმაც 4 ნოემბერს “ოფიციალური” ცხინვალის მიერ დაჭერილი ტირძნისელი მოზარდების გამოსახსნელად გარკვეული წილი გაიღეს. მართალია, აქედან ზოგიერთი მათგანი ბავშვების გათავისუფლებაში მარტო საკუთარ ღვაწლს ხედავს, მაგრამ ამ სიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პაატა ზაქარეიშვილი, “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ჰამარბერგის დამსახურებაა.“ გაზეთს მოჰყავს პაატა ზაქარეიშვილის სიტყვები: “ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მხოლოდ და მხოლოდ ჰამარბერგს, რადგან ყველაფერი დაიძრა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა მიაღწია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხუთი ეთნიკურად ოსი ადამიანი, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ცხინვალში ჩაიყვანა.”

მოახლოებული ახალი წლის წინა დღეებში ქართულ პრესაში გასული წლის შემაჯამებელი პუბლიკაციების გამოქვეყნება დაიწყო.

“2009 წელი ქართული ეკონომიკისთვის, ასე ვთქვათ, “შოკების” წელიწადი იყო. პირველი შოკი წლის დასაწყისში “ენგურჰესის” მართვის რუსეთისთვის გადაცემა იყო“, - უთხრა გაზეთს „ყველა სიახლე“ “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკო ორველაშვილმა. - ” ეს მოხდა ბურუსით მოცულ პირობებსა და ვითარებაში“, -განაგრძო მან. – ” სამწუხაროდ, გავიგე, რომ მზადდება “ენგურჰესის” რუსეთისთვის სამუდამოდ გადაცემის მზაკვრული გეგმა. სააკაშვილის ხელისუფლება უკვე მერამდენედ იყენებს ერთსა და იმავე სქემას - ჯერ ატარებს ობიექტების გაკოტრების მიზანმიმართულ პოლიტიკას, შემდეგ კი ჩალის ფასად ასხვისებს. ახალი პატრონი კი ხშირად რუსული სახელმწიფო ან ნახევრად სახელმწიფო კომპანია აღმოჩნდება ხოლმე”, - აცხადებს ნიკო ორველაშვილი. მისივე თქმით, დაახლოებით მსგავსი მოდელის გამოყენებას აპირებს ხელისუფლება „ენგურჰესსა“ და რკინიგზასთან მიმართებაშიც. - ” გამოდის, სააკაშვილი, დასავლეთში კაკანებს და კვერცხს კი რუსეთში დებს. მისი ეს მოქმედება კი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს. მსხვილი ინვესტორები არც მანამდე იკლავდნენ თავს, მაგრამ ომის შემდეგ უცხოური კაპიტალის შემოსვლა უკიდურესად შემცირდა”, - წერს გაზეთი.

და, რა თქმა უნდა, მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავ არჩევნები იყო. “როგორც ჩანს, ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების ახალ მეთოდს მიაგნო“, - წერს “რეზონანსი”: “გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა საზეიმოდ, რომ პარასკევს მესამე მოსმენით მიიღებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტს. ის ცვლილებები, რაც იმ კანონებში შედის, საზოგადოებისთვის ცნობილია და, ასე თუ ისე, დადებით ფაქტად ფასდება. მაგრამ მთავარი ის არის, ეს ცვლილებები რეალურად რამდენად უშველის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ შეხებია არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არც პოლიციის როლსა და არც სიების გადამოწმების საკითხს. ”

გაზეთი წერს, რომ, „‘რეზონანსის’ ხელთ არსებული გადამოწმებული ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტიამ რამდენიმე დღის წინ გამართა კოორდინატორების კრება, სადაც მათ სთხოვეს, დედაქალაქის მერის არჩევნებთან დაკავშირებით უზრუნველყონ ისეთი ოჯახების მოძებნა, რომლებიც თანახმა იქნებიან, ბინაში ჩაიწერონ რამდენიმე ადამიანი... “რეზონანსი” პირადად გახდა მოწმე, მოსახლეობას როგორ ავალებენ საკუთარ კორპუსში ასეთი ოჯახების მოძებნას, შემდგომი პერსპექტივისა და დასაქმების გარანტიითაც კი... ” - პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ, ნაცმოძრაობის გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, “ეს ინფორმაცია აბსოლუტური სისულელეა”.

უკვე შაბათს გაზეთი წერდა, რომ “ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “კონსერვატიული პარტიისა” და “ხალხის პარტიის” წარმომადგენლები შედიან, პრაიმერის წესდების პროექტი შეიმუშავა. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო “ბეტსიში” პარტიების ლიდერებმა ზურაბ ნოღაიდელმა, ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა წარმოადგინეს და კოლეგა ოპოზიციონერებს პრაიმერში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.”

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პრაიმერის ინიციატორი ჯგუფისგან მიწვევა მხოლოდ “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” მიიღო”, - წერს „რეზონანსი“ და კობა დავითაშვილის კომენტარი მოჰყავს:
“თუ ვინმეს ეს არგუმენტი ექნება, ძალიან გაუგებარია. დებატებს ვაპირებ სწორედ ნოღაიდელთან და მე უნდა დავარწმუნო ამომრჩეველი, რომ ხმა მას კი არა, მე მომცეს. პრაიმერი არ ნიშნავს გაერთიანებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყველანი ძმები ვართ და ყველა კაი კაცია, ვინც აქ მონაწილეობს. არამედ გულისხმობს ამომრჩეველთა ხმების მოპოვებისთვის შეჯიბრებას“, - აცხადებს კობა დავითაშვილი.

“ალიანსის” ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ კი გაზეთს უთხრა: .

” ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვინ მონაწილეობს არჩევნებში და თუკი საქართველოში ყველა პოლიტიკური ოპოზიციური ძალა შეთანხმდება, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება და პრაიმერი არის გამოსავალი, რა თქმა უნდა, მაშინ ამაზე ფიქრი შეიძლება. ერთიანი აზრი და გეგმა თუ ჩამოყალიბდება ოპოზიციის შიგნით არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ შესაძლებელია უკვე არა პრაიმერზე, ფართო სოციოლოგიურ გამოკითხვაზეც შევჯერდეთ და სწორედ ასე გამოვავლინოთ, ვინ შეიძლება იყოს ერთიანი ოპოზიციური სპექტრის ლიდერი არჩევნებში... მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის, კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის თანხმობა პრაიმერთან დაკავშირებით საკმარისი არ არის.”