კონტროლის პალატის ინტერესის სფეროში 2010 წელს მოექცევა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამები, სახელმწიფო საწარმოები და ინფრასტრუქტურულ პროექტები. ასევე განხორციელდება საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებების კონტროლი.
კონტროლის პალატამ 2010 წლის ათი პრიორიტეტული საკითხის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფინანსური მონიტორინგის განხორციელება იქნება. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ეს უწყება კონტროლის პალატისათვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაახლოებით 70 მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინა.
”განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ამ უწყების მიერ თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს რეფორმები საზოგადოებრივ მაუწყებელში. შესაბამისად, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს რეფორმებისა და მისი შედეგების აუდიტის ჩატარება”, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური აუდიტის ჩატარების კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, შეირჩევა ისეთი დრო, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სრულყოფილად და ხარისხიანად განახორციელონ ფინანსური აუდიტი. ლევან ბეჟაშვილის თქმით, მონიტორინგის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეს გასტანს და ის 2006-2009 წლებს მოიცავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან გახელაძე კონტროლის პალატის ამგვარ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმება და აცხადებს, რომ საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება სახელმწიფო სახსრების განკარგვა საზოგადოებრივ მაუწყებელში:
”კარგია, რომ ასეთი შემოწმება განხორციელდება. სამწუხაროდ, მსგავსი შემოწმება უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში არ ჩატარებულა და, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, რათა ჰქონდეს მოსახლეობას ინფორმაცი იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა და ხდება თანხების განკარგვა საზოგადოებრივ მაუწყებელში. მე მხოლოდ მივესალმები ამგვარ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან გახელაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური აუდიტის გარდა, კონტროლის პალატა კიდევ დანარჩენ 9 პრიორიტეტზე საუბრობს. 2010 წელს ფინანსური მონიტორინგის ინტერესის სფეროში მოექცევა სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტი.კერძოდ, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წინასწარი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ”საბიუჯეტო კოდექსის” შექმნისათვის 180 ათასი აშშ დოლარი გახარჯა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ დაიხარჯა ამ რაოდენობის თანხა აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე”. გარდა ამისა, კონტროლის პალატა ფინანსურ მონიტორინგს გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებს, სახელმწიფო საწარმოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე განხორციელდება საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებების კონტროლი. ბეჟაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე შემოწმდება გერმანიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, მონაკო-პორტუგალიასა და იუნესკოში საქართველოს საელჩოების საქმიანობა.
დამოუკიდებელი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოს პრიორიტეტი, პირველ რიგში, უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების სიღრმისეული კონტროლი და არა კონკრეტული საწარმოებისა და პროგრამების ფინანსური მონიტორინგი.
”ასეთი აქცენტის გადატანა ცალკეულ ორგანიზაციებზე, როდესაც არ არის საუბარი მთლიანად ბიუჯეტის ფუნდამენტურ კონტროლზე, ჩემთვის გასაგები არ არის და მიუღებელია”, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, პრიორიტეტები უკვე საბოლოოდ განსაზღვრულია. უახლოეს მომავალში დადგინდება კონკრეტული ობიექტების ნუსხა და 2010 წლის იანვრიდან ძალაში შევა.