ქართველების სიძე ივო პოგორელიჩი

თავის დროზე რას არ წაიკითხავდი პრესის ფურცლებზე ივო პოგორელიჩის შესახებ: ”ფორტეპიანოს სამყაროს მთავარი სკანდალისტი, ღვთის რჩეული, ნევროტიკი შოუმენი, ფანტასტიკური ვირტუოზი, გაუწონასწორებელი შემსრულებელი.” დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს დახასიათება მხოლოდ ნახევრადაა სიმართლე - ცნობილი პიანისტის ყველა ქმედება არა მისი ხასიათით, არამედ გარკვეული გარემოებებით იყო განსაზღვრული. სწორედ ამიტომ, ციურიხში გამართული კონცერტის შემდეგ, ერთ-ერთმა შვეიცარიულმა გაზეთმა დაწერა: ”ივო პოგორელიჩი არ არის შოუმენი, ის არ ცდილობს შთამბეჭდავი ჟესტიკულაციის მეშვეობით მოიპოვოს მსმენელის ყურადღება. როგორც წესი, შემსრულებელს და მსმენელს შორის დაცულია დისტანცია.” რაც შეეხება ივოს ე.წ. ”სკანდალებს”, რომელთა უმრავლესობა მუსიკოსის ახალგაზრდობის პერიოდზე მოდის, მათი მიზეზი, როგორც წესი, უსამართლობას უკავშირდებოდა. მაგალითად, მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ივო ვერ ეგუებოდა ხისტი საბჭოური პედაგოგიკის მეთოდებს. 1980 წელს პოგორელიჩი დაუმსახურებლად არ დაუშვეს ვარშავის შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალში. ამას ჟიურის ერთ-ერთი წევრის, გამოჩენილი არგენტინელი პიანისტის მარტა არგერიხის, დემარში მოჰყვა - პროტესტის ნიშნად მან დატოვა კონკურსი. პოგორელიჩს არგერიხმა ”გენიოსი” უწოდა. ჰერბერტ კარაიანთან ივოს უსიამოვნება იმის გამო მოუვიდა, რომ ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტის კომპაქტდისკზე ჩაწერის დროს დირიჟორმა პიანისტს დაკვრის გაუმართლებლად ნელი ტემპი შესთავაზა. სხვა სოლისტებისგან განსხვავებით, პოგორელიჩი არ დაემორჩილა მაესტროს და, როგორც იტყვიან, ”მიუჯახუნა კარები”. მოგვიანებით იგივე ნაწარმოები პიანისტმა სახელგანთქმული მუსიკოსის კლაუდიო აბადოს დირიჟორობით და რომის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერა - დღესდღეობით ეს ჩაიკოვსკის კონცერტის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია.

ბელგრადში 1958 წელს დაბადებული პოგორელიჩის ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ჩვენმა თანამემამულემ, აწ განსვენებულმა ქართველმა პიანისტმა, ალისა კეჟერაძემ. 1976 წლიდან ივო იმხანად მოსკოვში მცხოვრები კეჟერაძისგან იღებდა გაკვეთილებს. მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში განცდილი მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა პიანისტმა ახალი პედაგოგისგან შეიძინა რწმენა საკუთარ ძალებში და საგრძნობლად გაამდიდრა თავისი რეპერტუარი. შედეგმაც არ დააყოვნა: პოგორელიჩმა კასაგრანდეს და მონრეალის კონკურსებზე გაიმარჯვა. 1980 წელს ივო და ალისა შეუღლდნენ - პოგორელიჩი ქართველების სიძე გახდა. ახლად შექმნილმა ოჯახმა საცხოვრებლად ლონდონი აირჩია. სწორედ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დააარსა კეჟერაძემ ივო პოგორელიჩის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, რომელმაც ქართველი მუსიკოსის უდროო გარდაცვალებამდე, 1996 წლამდე, იარსება.

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ ათწლედში სწავლის პერიოდში, მე ვმეგობრობდი ალისა კეჟერაძესთან. ეს იყო ცოცხალი, მხიარული გოგონა, ნიჭიერი პიანისტი, რომლის დაკვრაში სულ არ იგრძნობოდა ე.წ. ”ქალური მომენტი”. მამამისი წლების მანძილზე იყო აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დირექტორი სხვიტორში და დიდი რუდუნებით უვლიდა ამ ეროვნულ რელიკვიას. ალისას გარდაცვალება პოგორელიჩისათვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა. საყვარელი მეუღლე მან თბილისში დაკრძალა. ამას ივოს საკონცერტო მოღვაწეობაში ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ განაახლა პიანისტმა გამოსვლები სცენაზე. დღესდღეობით ის დიდი წარმატებით მართავს გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.