ვაშინგტონი გმობს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“

ვაშინგტონმა დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 დეკემბერს ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში აშშ გამოთქვამს სინანულს არჩევნების ჩატარების გამო და აცხადებს, რომ კანონიერად არ ცნობს არც თავად არჩევნებს და არც მის შედეგებს. „შეერთებული შტატები კვლავაც ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ვკითხულობთ ვაშინგტონის საგარეო უწყების განცხადებაში. დღესვე, უფრო ადრე, ევროპის კავშირის სახელით, ამავე შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ - შვეციამ. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შაბათს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად მეორე ვადით აირჩიეს სოხუმის ხელისუფლების მოქმედი ხელმძღვანელი სერგეი ბაგაფში.