განვითარებადმა ქვეყნებმა კლიმატის შესახებ კონფერენცია დატოვეს

კლიმატის ცვლილებების შესახებ კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციაზე განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფები დატოვეს და მდიდარ ქვეყნებს მოსთხოვეს უფრო ფართომასშტაბიანი პირობა დადონ სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად. განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სამუშაო ჯგუფებს ამ საკითხის გადაჭრამდე არ დაუბრუნდებიან. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის დანიის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციას. შეხვედრაზე უნდა შემუშავდეს პროექტი შეთანხმებისა, რომლის თანახმად უნდა შემცირდეს ნახშიროჟანგის ემისია. ამასთან, კონფერენციაზე უნდა მოიფიქრონ მექანიზმი, რომლითაც ღარიბ ქვეყნებს მილიარდობით დოლარი გადაეცემათ გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად. პარასკევს - კონფერენციის ბოლო დღეს - შეხვედრაში მონაწილეობას სავარაუდოდ 120 სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ.