გაზეთ ”ბათუმელების” მიმართვას უკვე მოჰყვა რეაქცია

  • ნინო როდონაია
დამოუკიდებელი გაზეთის, ”ბათუმელების”, რედაქციამ, რომელიც სპეცსამსახურებს ზეწოლაში ადანაშაულებს და უსაფრთხოების გარანტიებს ვეღარ ხედავს, ამ კვირაში საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა მხარდაჭერისათვის. საპასუხოდ, 4 დეკემბერს ახალი ამბების და გაზეთების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციამ და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საგანგებოდ მიმართეს. წერილში, რომელსაც ხელს გაზეთების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გევინ ო’რეილი და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმის პრეზიდენტი ხავიერ ვიდალ-ფოლჩი აწერენ, სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ქართული სპეცსამსახურები შეეცადნენ ჟურნალისტი დაეშანტაჟებინათ და სარედაქციო თავისუფლებას შეხებოდნენ. ”მსგავსი ტაქტიკა მოგვაგონებს საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურს, რომელსაც არ აქვს ადგილი თანამედროვე დემოკრატიაში”, - ნათქვამია წერილში. მისი ავტორები საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ უზრუნველყოს საქმის გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა და ”ბათუმელების” ჟურნალისტთა უსაფრთხოება, ასევე ითხოვენ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მთავრობისგან პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპთა პატივისცემა.

გაზეთმა “ბათუმელებმა,” რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული პროფესიონალიზმის, ცენზურისადმი დაუმორჩილებლობის და რეპრესიისა და ფინანსური სირთულეების პირობებში დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის 25 ნოემბერს მომხდარი ფაქტის გამო მიმართა. იმ დღეს ჯერ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს, შემდეგ კი მასთან ერთად გაზეთის გამომცემელს და მთავარ რედაქტორს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს შენობაში ესაუბრა ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც ვინაობა არ გაუმხელია. მის მიერ ნახსენები იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია და ფოტოების გავრცელების პერსპექტივა, თუკი თედო ჯორბენაძე თანამშრომლობაზე უარს იტყოდა. თანამშრომლობის აუცილებლობა კი სოდის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ გაზეთ ”ბათუმელებით” რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები არიან დაინტერესებულნი. თავად თედო ჯორბენაძე ამბობს, რომ გაზეთი საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესის სფეროა. ”მითხრეს, შენ ხომ გაზეთის რედაქტორის მოადგილე ხარ და, აქედან გამომდინარე, შენ გვჭირდებიო - აი, ეს სიტყვა იყო ნახსენები და რაღაც თანამშრომლობა”, - უამბო რადიო თავისუფლებას თედო ჯორბენაძემ. მისივე თქმით, სწორედ გაზეთისადმი არსებობს ინტერესი და არა კონკრეტულად რომელიმე პიროვნების მიმართ. თედო ჯორბენაძის განცხადებით: ”მათი მეთოდები ცნობილია და გაზეთში, ეტყობა, ვიღაც სჭირდებათ. ამ შემთხვევაში იფიქრეს, რომ ასეთი მე ვიქნებოდი.”

გაზეთ ”ბათუმელების” თანამშრომელთა მიმართ მუქარა თუ ფიზიკური ძალადობა არაერთხელ ყოფილა. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობისას საქმეებიც კი აღიძრა, თუმცა არც მაშინ და არც რევოლუციის შემდეგ არც ერთი მათგანი არ გამოუძიებიათ. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის შეფასებით, დამოუკიდებელი გაზეთის კონტროლის სურვილი ხელისუფლებას აბაშიძის მმართველობის პერიოდშიც ჰქონდა და ახლაც აქვს: ”როდესაც გაზეთში როგორც კრიმინალური, ასევე კორუფციული ხასიათის სერიოზული გამოძიებები ძალიან გახშირდა, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ გაზეთში როგორმე უნდა შეაღწიოს.” ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ფინანსურად ”ბათუმელები” ვერ მოისყიდეს, რადგან, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარდა, გაზეთს შიდა მენეჯმენტიც სრულყოფილი აქვს. ”ბათუმელების” სარედაქციო მუშაობას ხელი ვერც მისი თანამშრომლების საჯარო სამსახურებში გადაბირებამ შეუშალა, რადგან, როგორც ზვიად ქორიძე აღნიშნავს, ”წავიდოდა ერთი და მოდიოდა ორი და უკეთესი. ამიტომ უკვე სხვადასხვა ტიპის შანტაჟზე გადავიდნენ.”

”ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ შანტაჟის ბოლო ფაქტით შსს-ს გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. თავად თედო ჯორბენაძე ამბობს, რომ გაზეთს სხვა დროსაც გამოუქვეყნებია ბევრი ისეთი ფაქტი, რომელსაც, წესით, სამართალდამცავთა ინტერესი უნდა გამოეწვია. თუმცა ეს, ფაქტობრივად, არ მომხდარა. ბოლო შემთხვევისადმი გენერალური ინსპექციის ყურადღების მიზეზის გარკვევისას, ”ბათუმელებს” საფუძვლად მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია დაუსახელეს. გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უჩვენეს სოდის თანამშრომელთა ფოტოსურათები, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც თედო ჯორბენაძეს თანამშრომლობას სთავაზობდა და მისთვის გაურკვეველი ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა.

”ბათუმელების” გამო განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს არ აქვს იმის ილუზია, რომ დამოუკიდებელ გაზეთს თავს დაანებებენ. ”თემა სპეცსამსახურების აუცილებლად გაგრძელდება. რადგან საზოგადოების ნაწილისგან მაინც დაინახეს, რომ არ გაჭრა დაშანტაჟებამ და შეურაცხყოფამ, რომ ეს ბათუმში ჰომოსექსუალიზმის ბუდეა, სხვა ბინძურ მეთოდებს აუცილებლად გამოიყენებენ. ამიტომ ამ პროცესს საზოგადოება მკაცრად უნდა დაუპირისპირდეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ. საზოგადოებამ ”ბათუმელების” შანტაჟისადმი პროტესტი ამ კვირაში თბილისშიც გამოხატა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მედიის მკვლევარ ნინო დანელიას თქმით, ხელისუფლების მიერ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დამორჩილების მცდელობის ტენდენცია განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. ”შეიძლება რეგიონების პრობლემა არ იქცეს ნაციონალური მასშტაბის პრობლემად, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ”ბათუმელების” პრობლემა არა მხოლოდ მის, არამედ მთელი მედიის პრობლემად იქცეს”, - ამბობს ნინო დანელია. პრობლემები დამოუკიდებელ რეგიონალურ მასმედიას ადრეც და ახლაც არაერთხელ შეჰქმნია, თუმცა, საზოგადოების პროტესტი არასაკმარისი იყო. ნინო დანელიას თქმით, უკეთ ორგანიზებას და ერთმანეთის ინტერესების დაცვას საზოგადოება საკუთარ შეცდომებზე და მოქმედების პროცესში სწავლობს. ”ვფიქრობ, წლის ბოლომ - კერძოდ, ნოემბერმა - კარგად აჩვენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოში ძალა მოიკრიბა და კარგი დამთხვევაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მოსმენა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო დანელიამ. მისთვის შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისიამ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ბევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ექსპერტისგან მოითხოვა.