ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

მიმდინარე კვირას იმ მრავალ თემას შორის, რომელთა შესახებაც ქართული პრესა წერდა, ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები იყო.

ორშაბათს გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობდა:

“პრაიმერი ჩატარდება თუ არა, ამაში არ ვარ დარწმუნებული. თუ ერთიან კანდიდატზეა საუბარი, ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ეს კანდიდატი ოპოზიციამ პრაიმერით გამოავლინოს.... რომელი მექანიზმით გამოიკვეთება კანდიდატი, ეს შეიძლება არც იყოს გადამწყვეტი. ყველა საპროტესტო ხმა მერე ერთ კანდიდატთან მიდის, ვინც უნდა იყოს ეს. პრაიმერი საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა, ეს მინიარჩევნებია”, - უთხრა რამაზ საყვარელიძემ „ახალ თაობას“ და კითხვაზე - “მისი გაყალბებაც ადვილია?” - უპასუხა:

“რა არის გაუყალბებელი? ფულს აყალბებენ და პრაიმერის გაყალბება რა გახდა!”
სამშაბათს პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ამავე გაზეთს უთხრა: “ოპოზიცია ერთ თვეზე მეტია კამათობს ისეთ პრაქტიკულად განუხორციელებელ იდეაზე, როგორიც პრაიმერით ერთი კანდიდატის შერჩევაა. არავითარი პრაიმერი - ერთი კანდიდატის შერჩევას ოპოზიციაში ლიდერთა სერიოზული მოლაპარაკებები უნდა უძღოდეს.” სოსო ცინცაძე ამ საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოების მთავარ საგანზეც საუბრობს: “მსოფლიოში ბარიერის ერთი სტანდარტი არ არსებობს, - უთხრა მან გაზეთს. - სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ბარიერია. არსებობს იდეალური, პრაგმატული და ამა თუ იმ ქვეყნისთვის შესაფერისი საარჩევნო ბარიერი. ცოტა უცნაურად მეჩვენება დავა, 30% უნდა იყოს თუ 50%. არ მგონია, რომ პროცენტების გამო უნდა ჩაიშალოს მნიშვნელოვანი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალ საარჩევნო კოდექსზე, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაო“, - უთხრა „ახალ თაობას“ სოსო ცინცაძემ.
ოთხშაბათს „რეზონანსის“ პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

“მართალია, რამდენიმე დღის წინ ქრისტიან-დემოკრატები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების კანონში ასახვას მოითხოვდნენ, მაგრამ ეს საკითხი გუშინ რატომღაც ედპ-მ წამოჭრა და ყველა პოლიტიკური ძალაც დათანხმდა, “ალიანსის” გარდა. სამაგიეროდ, “ალიანსი” მიიჩნევს, რომ ეს პარტიები “ხელისუფლებისთვის სახიდან ტალახის ჩამორეცხვას ცდილობენ” და თავად ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ”, - წერს “რეზონანსი”.
პარტიის “ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ კი ინტერვიუში განაცხადა: ”მე მგონი, მთელმა თბილისმა იცის, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ 50%-იან ბარიერს. თავს შევიკავებ იმ მსჯელობისგან, რომელიც “ენდიაიში” მიდის. არ შეიძლება ამ მსჯელობის გარეთ გატანა. ეს პროცესი ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ, ერთ რაღაცაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, მერის არჩევითობა აუცილებელია”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
“საარჩევნო კოდექსის შეთანხმებულ მუხლებს მუშა ჯგუფში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა უკვე მოაწერეს ხელი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს და ჯგუფს არ უერთდება “ალიანსი საქართველოსთვის”. მმართველი გუნდი და “ალიანსი” ერთმანეთს ხისტ პოლიტიკაში ადანაშაულებენო”, - წერდა ხუთშაბათს “24 საათი”.

„რეზონანსის“ პუბლიკაციის სათაური კი იმ დღეს ამგვარი იყო: “ ‘ალიანსი’ მზადაა 45%-ზე ნაკლებ ბარიერს დათანხმდეს”.

„ალიანსის“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გაზეთს უთხრა:

“ ‘ალიანსის’ მხრიდან პოზიციების დათმობასა და 50%-იანი ბარიერის 45%-მდე დაწევას ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, თუმცა მთავარი მიზანი კონსენსუსის მიღწევაა, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების შეცვლის ცივილური ფორმები დამკვიდრდეს. თუ მმართველი გუნდი “ენ-დი-აის” ფორმატს დაუბრუნდება, მზად ვართ ბარიერის დაწევაზე ვიფიქროთ. რაც შეეხება ბარიერის ზღვრულ კომპრომისულ მაჩვენებელს, ეს მსჯელობის პროცესში გამოჩნდება. თუ “ნაციონალური მოძრაობა” მზადაა ბარიერი 30%-ზე ზევით ასწიოს, ჩვენ მზად ვართ შეთავაზებული 45% შევამციროთ. მთავარია, შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”, - განაცხადა ხუთშაბათს ზურაბ აბაშიძემ, თუმცა ისიც დასძინა, რომ “თუ პარლამენტი ახალ საარჩევნო კოდექსს “ალიანსთან” შეუთანხმებლად მიიღებს, „ალიანსი“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო დონეზე გააპროტესტებს”.
პარასკევს „რეზონანის“ პუბლიკაციაში წაიკითხავდით:

“ვიდრე უმრავლესობა და ოპოზიცია გაერკვევა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რა უნდა გააკეთონ, პროექტი პარლამენტში პრეზიდენტმა შეიტანა. ეს კი კუბლაშვილისთვის იმდენად დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება ჟურნალისტების შეცდომადაც კი მიიჩნია. არადა, პრეზიდენტის პრესსპიკერმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და კანონპროექტი პარლამენტისთვის გადასაცემად მზად არის”, - წერდა „რეზონანსი“.
“მოტყუებულად არ მივიჩნევთ თავს. ეს არ იყო მოულოდნელი, პროცესებში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, არც გამომჟღავნდება, ვინ რას წარმოადგენს. ახლა ყველამ კარგად დაინახა, ვინ ვის და რა თამაშს თამაშობს“, - განაცხადა შაბათს „ალიანსის“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა, “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

” მე მაინც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით, - თქვა ასევე მან.- თუმცა სასურველი იქნებოდა, ოპოზიციის დანარჩენ სპექტრსაც ემუშავა კოდექსზე. დღეს გამოჩნდა, რომ რასაც ხელისუფლება ამბობდა, არის ტყუილი. უცხოელებს, რომელთაც ჰქონდათ ილუზია, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ასეთ პროცესში, აღმოჩნდა, რომ იმათაც გაუწბილდათ იმედი... ჩვენ მოვდივართ არჩევნებში და გამოვრიცხავთ რადიკალურ გზებს. ჩვენ არ მოვხსნით კანდიდატურას, არ მინდა ყველაფრის წინასწარ თქმა...” - ეს გახლდათ ამონარიდი სოზარ სუბარის ინტერვიუდან. სრულად ამ ინტერვიუს შაბათის „ალიაში“ გაეცნობით.