აი, როგორ ფილმებს გადაიღებენ

აგვისტოს ომზე ამერიკული ფილმის გადაღება დასრულდა. ახლა ყველამ ვიცით, რაც მოხდება. საქართველოს ჰოლივუდი მოაწყდება და უამრავ ახალ ფილმს გადაიღებენ. ჩვენც არ უნდა დავხვდეთ ხელცარიელები და რამე უნდა დავახვედროთ. ჰოლივუდს უყვარს სიკველები, პრიკველები, რიმეიკები და მეორე სერიები. მოდი, იდეები მივაწოდოთ. მე ჩემს ვერსიებს დავწერ, თქვენ თქვენები მიამატეთ კომენტარებში და ქვეყანაც აღარ ჩამოიშლება.

ჩიორა 2: დაბრუნება
რეჟისორი: უეს კრეივენი

რატომ ეს ფილმი? თუ არ გახსოვთ ან არ გინახავთ, აი, რა ხდება 1984 წელს გადაღებულ ”ჩიორაში”: თბილისელი ნიკა და მარი ბათუმში გაიპარებიან და იქ ლაგოდეხელ ჩიორას გაიცნობენ, რომელიც ამათ დაუმეგობრდება და თან მარი შეუყვარდება. ჩიორა ფულის საშოვნელად მანქანებს უვარდება ხოლმე ველოსიპედით და მერე მანქანის პატრონებს ფულს ართმევს. ერთხელაც არ გაუმართლებს და მოკვდება. ბოლოს მარი მიხვდება, თუ სად არის სინამდვილეში დაბუდებული ნამდვილი სიყვარული და ნიკას მიატოვებს. ფილმში ხაზგასმული კი არ არის, მაგრამ წესით მარის გადაწყვეტილებაზე გავლენა ნიკას ჩაცმულობასაც უნდა მოეხდინა. უკიდურესად მოტკეცილი თეთრი შარვალი აცვია ნიკას. ისეთი, აი, ყველაფერი რომ ჩანს. არ ეგების კაცს მეტისმეტად მოტკეცილი თეთრი შარვლით სიარული.

იკითხავთ, სიუჟეტი ხომ დასრულდა, სასიკველე აქ რა არის, სასიკველე მე ვარ მხოლოდ, ასე კარგად გაზრდილიო. ესე იგი, ფილმი კარგად არ გახსოვთ. ჩიორა ფრიად საეჭვო გარემოებებში კვდება. გაიხსენეთ (ისე, თუ მოგინდათ, შეგიძლიათ აი აქ ნახოთ). ავარიის შემდეგ ნიკა და მარი ჩიორას მონახულებას ცდილობენ. უშედეგოდ. ექიმი არ შეუშვებს. ჩანს, რომ ჩიორა დაშავებულია, თუმცა არცთუ ძალიან. ლაპარაკობს, მოძრაობს, რეანიმაციის პალატის ნაცვლად ჩვეულებრივში წევს... მეორე დღეს კი, როდესაც მარი მის მოსანახულებლად შეძვრება, ჩიორა უკვე მკვდარია. რატომ მოკვდა მსუბუქად ნაავარიები, ჯანღონით აღსავსე ლაგოდეხელი ბიჭი ერთ ღამეში? რატომ არ დარჩნენ მარი და ნიკა, ცხედრისთვის მაინც რომ მიეხედათ და საკადრისად დაეკრძალათ (სხვა პატრონი ჩიორას ბათუმში არ ჰყავდა)? იყო კი საერთოდ ცხედარი? ამ კითხვებს პასუხს ფილმის ახალ, მეორე ნაწილში გავცემთ.

როგორი იქნება გაგრძელება? პირველ ფილმში მომხდარი ამბიდან 9 წელი გავიდა. მარის (ნივ კემპბელი) აღარც ნიკა ახსოვს და ჩიორაზეც ბევრს აღარ ფიქრობს. ოთხი წელია, რაც გათხოვდა. ქმარი მხედრიონელისმაგვარი ტიპია, ნიკუშა ჩაჩავა (გიორგი ნაკაშიძე). პურის რიგში დგომა არ უწევთ და ვაუჩერებიც ბევრი აქვთ. მოკლედ, ყველაფერი მშვიდადაა, ვიდრე ერთ დღეს მარის ის ძველი ნიკა (სტიუარტ ტაუნსენდი, შარლიზ ტერონის ბოიფრენდი) არ დაურეკავს აკანკალებული ხმით და სთხოვს - მოდი შევხვდეთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, მგონი ჩიორა დავინახეო. შეხვედრაზე ნიკა არ მივა. სახლში იპოვიან თეთრ, ვიწრო შარვალზე ჩამომხრჩვალს. მარი ნიკას მკვლელობის საიდუმლოს ამოსახსნელად ჩადის იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო - ბათუმში და იქაურ საავადმყოფოს მიაკითხავს. ბათუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმიც მოკლული ხვდება - პირი შნიცელით აქვს ამოვსებული და ისეა დახრჩობილი. მოკლულთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს, სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვი მარიზე აქვთ. ასლან აბაშიძემ პირადად გასცა განკარგულება - ეგ გოგო სასწრაფოდ დაიჭირეთო. მარი თან პოლიციას გაურბის და თან ცდილობს მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნას. სწორედ ამ დროს გაიცნობს საიდუმლოებით აღსავსე კაცს, ლაგოდეხელ ჩივარას (ედვარდ ნორტონი), რომელიც დახმარებას აღუთქვამს. პრობლემა ისაა, რომ ჩივარა მარის ძალიან აგონებს 9 წლის წინ, ბათუმში გარდაცვლილ ჩიორას...

მონანიება 2: ცრემლიანი სპირალი
რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

რატომ ეს ფილმი? ”მონანიების” შინაარსის მოყოლას, ბუნებრივია, არ ვაპირებ. ჯერ ერთი, ალბათ გახსოვთ. ამასთან, ამ ჩვენს სიკველს თენგიზ აბულაძის ფილმთან საერთო არაფერი აქვს. მაშ რატომ ვარქმევთ ამ ფილმს ”მონანიება 2-ს”? რატომაც არა! ცნობილი ფილმია, ”კარგი ბრენდია” და რეზონანსიც მოჰყვება.

როგორი იქნება გაგრძელება? ქართველი მეცნიერი თეო (მინი დრაივერი) შემთხვევით აღმოაჩენს, რომ შეუძლია ადამიანების წარსულში გაშვება. ოღონდ, სხეულის დროში მოგზაურობა არ გამოდის. მხოლოდ გონების გაგზავნა შეუძლია ახლო წარსულში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის სხეულში. ანუ, ის ვიღაც გარეგნულად იგივე დარჩება, მაგრამ მასში სხვა, მომავლიდან გადმოსროლილი პიროვნება დაიბუდებს. თეო იფიქრებს, რომ წარსულში ჩარევით შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიოტიული მთლიანობის აღდგენა. უფრო სწორად, ტერიტორიების დაკარგვის საერთოდ თავიდან აცილება. ამ მიზნით თეო გადაწყვეტს, წარსულში გაგზავნოს ერთადერთი ადამიანი, ვისაც, მისი აზრით, ცვლილების მოხდენა შეუძლია - გოგი გვახარია (ენდი გარსია). გეგმის მიხედვით გოგი გვახარიას გონება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უნდა ჩაუსახლდეს. თუმცა, გეგმები აირევა და გოგი გვახარია ზვიად გამსახურდიას ნაცვლად გურამ პეტრიაშვილის (პიერ რიშარი) სხეულში აღმოჩნდება. გოგი ცდილობს, რომ გურამ პეტრიაშვილში ცვლილება ვერავინ შენიშნოს და ასე, უჩუმრად შეცვალოს ქვეყნის კურსი. თუმცა, ეს ასე მარტივი არ არის. პირველ რიგში, აღმოჩნდება, რომ ცვლილება სრული არ არის და გვახარიასაც ბოლომდე არ ჩაუნაცვლებია პეტრიაშვილი. ასე, მაგალითად, გოგი ცდილობს რომ იმიჯი შეიცვალოს და მოიხადოს სვანური ქუდი, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კონსპირაციის მიზნით იტოვებდა, თუმცა მიხვდება, რომ ვეღარ ელევა. შემდეგ აღმოაჩენს, რომ გული ერევა ბერგმანის ”ცოლქმრული ცხოვრების სცენებზე”. თეო, რომელიც მომავლიდან ადევნებს თვალყურს გოგის ტრანსფორმაციას, მის დახმარებას ცდილობს და წარსულში ლაშა ბაქრაძეს აგზავნის, რომელიც ვიღაც დადებითი გამვლელის სხეულში აღმოჩნდება (კეშ უორენი, ჯესიკა ალბას ბოიფრენდი). თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. გვახარია/პეტრიაშვილს სრულიად მოულოდნელად საქართველოს მაშინდელი პირველი ლედი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია შეუყვარდება...


მოხუცებისთვის ადგილი არ არის 2: სად არის შენი ბედნიერება, რეზი?
რეჟისორი: გიორგი შენგელაია

რატომ ეს ფილმი? განა მარტო ქართული ფილმების სიკველირება შეგვიძლია. ოსკაროსან ფილმებსაც მივხედავთ!

როგორი იქნება გაგრძელება? ესეც განსხვავებული იქნება პირველისგან. ის დრამა იყო, ეს კი რომანტიკული კომედიაა. მოქმედება ასე, სამი-ოთხი წლის წინანდელ საქართველოში ხდება. ეროვნული იდეოლოგიის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - დასავლეთიდან ახლად დაბრუნებული რეზი ნემსაძე (მაკალაი კალკინი), რომელსაც რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები. სამინისტროში კადრების ოპტიმიზაციის პროცესი იწყება. აშკარად გასათავისუფლებელია ლიბერალური დემოკრატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანსუღ ძაძამია (რამაზ ჩხიკვაძე). რომელიც მანამდე დიალექტიკის დეპარტამენტს კურირებდა. თუმცა, რეზის მისი ქალიშვილი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნიცა (ნუცა კუხიანიძე) უყვარს. ახალი მინისტრი სიყვარულსა და მოვალეობის გრძნობას შორისაა გახლეჩილი. ნიცა ჯერ მაშინ გაშორდა კინაღამ, რეზის მიერ სამსახურიდან გაშვებულ გურამ ლაბარტყავას (ნიკ ნოლტი) ინფარქტმა რომ დაარტყა და მოკლა. მამის სამსახურიდან გაშვებას კი ნამდვილად ვერ გადაიტანს. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრი (ფაიზ აჰმედი, სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი ბოიფრენდი) მისგან სიმკაცრეს და პრინციპულობას ითხოვს...

ჰოდა ასე... ეს ჩემი ფილმები იყო. თქვენებს კომენტარებში ვნახავ.

PS. ტექსტში შეცდომა მაქვს დაშვებული. "ჩიორაში" მოქმედება სოხუმში ხდება და არა ბათუმში. მადლობა ალექსს შესწორებისთვის. ამ შეცდომაში დამნაშავენი უკვე დასჯილნი არიან და სასტიკი საყვედური გამოეცხადათ.