რატომ ჩადის ბერლუსკონი ბელორუსიაში?

იტალიის პერმიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ორშაბათს ბელორუსიას ესტუმრება. ეს კი ნიშნავს, რომ გახდება განვლილი, დაახლოებით, 15 წლის მანძილზე პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჩავა. ვიზიტი ბელორუსიაში, რომლის პრეზიდენტსაც, როგორც ცნობილია, ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ, აქამდე ტაბუდ ითვლებოდა დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფალთათვის. მაშ, რატომ ჩადის ბერლუსკონი მინსკში?

ოფიციალური ვერსიით, ბელორუსიაში ბერლუსკონი საპასუხო ვიზიტით ჩადის, დიპლომატიური პროტოკოლის შესაბამისად მას შემდეგ, რაც ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ეწვია რომს. რომში ლუკაშენკა აპრილში იყო ჩასული, ამ ვიზიტის დროს შეხვდა პაპს და ივახშმა ბერლუსკონისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკო ფრატინისთან ერთად. ახლა ჯერი იტალიის პრემიერ-მინისტრზეა: მას მინსკში მოელიან.

და მაინც, იმის გამო, რომ ევროკავშირის და ლუკაშენკას ურთიერთობა ჯერ კიდევ ბევრ სირთულეს უკავშირდება, მინსკში ბერლუსკონის დაგეგმილ ვიზიტს ეჭვის თვალით უყურებენ. ბრუსელს 2004 წლიდან აქვს შემოღებული სანქცია, რომელიც ბელორუსიის რამდენიმე უმაღლესი რანგის წარმომადგენლის, მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკასთვის, ვიზებზე უარს ითვალისწინებს - ანუ მათ ევროკავშირში ჩასვლის საშუალებას არ აძლევს. წეღან ითქვა, რომ ლუკაშენკა აპრილში ეწვია იტალიას. ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ვიზებთან დაკავშირებული სანქცია დროებით არის შეჩერებული, თუმცა არ გაუქმებულა, ევროკავშირის გადაწყვეტილებისდა მიხედვით, შესაძლოა ისევ ამოქმედდეს.

ამასობაში კი ევროკავშირი ცდილობს ბელორუსიის დაყოლიებას ადამიანის უფლებების მეტ პატივისცემაზე, დემოკრატიზაციაზე - ბრიუსელთან ურთიერთოების გაუმჯობესების სანაცვლოდ. როგორც ცნობილია, ბელორუსიაც მიეკუთვნება იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს (საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან ერთად), რომლებთანაც წელს, მაისში ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას.

ბელორუსიაში იტალიის პრემიერ-მინისტრის მოახლოებული ვიზიტი, ზოგი ექსპერტის შეფასებით, შესაძლოა მინსკთან ევროკავშირის ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილის მორიგი გამოხატულება იყოს. თუმცა, რომში მოღვაწე პოლიტოლოგი ჟან-პიერ დარნი ბერლუსკონის ვიზიტის სხვა, შესაძლო კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას: მას მინსკში ბატონი ბერლუსკონის ვიზიტი მიაჩნია იტალიის საგარეო პოლიტიკის ერთი ტრადიციული ტენდენციის გამოხატულებად. „იტალია შეერთებული შტატების მოკავშირეა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს გზით, ეს არის ძლიერი საყრდენი რომის საგარეო პოლიტიკისთვის. ის არის ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრიც, რაც კიდევ ერთი ძლიერი საყრდენია საგარეო პოლიტიკისთვის. მაგრამ იტალიას ამ ორი საყრდენის მიღმაც რჩება შესაძლებლობა სამოქმედოდ, სამოძრაოდ, კონტაქტების დასამყარებლად ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც პრობლემურად ითვლება: მაგალითად, ლიბიასთან. იტალიისა და ლიბიის ბოლოდროინდელი ურთიერთობა გამოდგება ამის საილუსტრაციოდ“.

ჟან-პიერ დარნის შეფასებით, იტალიის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკით გარკვეულწილ გრძელდება ბიზნესისთვის ახალი გზების მთელს მსოფლიოში ძიების ხანგრძლივი ტრადიცია. ამ მოსაზრებას ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ანალიტიკოსი იან მაქსიმიუკი ამატებს მინიშნებას იტალიის პრემიერ-მინისტრის რეპუტაციაზე: საყოველთაოდ ცნობილი ექსტრავაგანტულობის წყალობით, მას შეუძლია გააკეთოს ისეთი რამეც, რის უფლებასაც თავს ვერ მისცემენ სხვა პოლიტიკოსები ...

მაქსიმიუკის აზრით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან სწორედ ბერლუსკონია საუკეთესო არჩევანი ლუკაშენკასთან ჩასასვლელად, „რადგან თუ ეს ვიზიტი აზრიანი შედეგის გარეშე დასრულდა, ბრიუსელში იტყვიან - ეს ხომ უბრალოდ ბერლუსკონი იყო, რომელსაც პოლიტიკაში უცნაური გამოხდომებისადმი მიდრეკილება ახასიათებს, ჩვენ მის საქციელზე პასუხს ვერ ვაგებთო. მაგრამ თუ ლუკაშენკა დადებითად გამოეხმაურება დასავლეთის თავაზიან ჟესტს, მაშინ ბერლუსკონის შეეძლება თავის წარმატებად ჩათვალოს ეს ვიზიტი“.

ბერლუსკონის ვიზიტის წარმატება მართლაც არ უნდა ჩაითვალოს გამორიცხულად, თუ გავითვალისწინებთ ბელორუსიის პრეზიდენტის მინიშნებებს, რომ შესაძლოა დაინტერესებული იყოს დასავლეთისაკენ გადახრით ამჟამინდელი პოზიციიდან. ამჟამინდელი პოზიცია კი, ფაქტობრივად, ხან ბრიუსელის, ხან კი მოსკოვისთვის სასურველ ნაბიჯებით გამოიხატება. რუსეთი, გარდა იმისა, რომ ბელორუსიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ლუკაშენკას სჭირდება მხარდაჭერის გამო - იმის გამო, რომ მოსკოვი,ბრიუსელისაგან განსხვავებით, ტოლერანტობას იჩენს როცა ბელორუსიაში ოპოზიციონერებს დევნიან.

მეორე მხრივ, ბელორუსიის ლიდერი თავს არიდებს მოსკოვთან მეტისმეტად დაახლოებას. ის კრემლისაგან გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს. ბალანსის ამ მცდელობას ასახავს საქართველოს საკითხისადმი დამოკიდებულებაც.

ბელორუსია არაერთხელ დაუსახელებიათ შესაძლო, მორიგ ქვეყნად, რომელიც საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამ საკითხის შესასწავლად ბელორუსიის პარლამენტში საგანგებო ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელიც საქართველოს ეწვია. ბელორუსიის პარლამენტში კი წლის ბოლოსთვის აპირებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე მსჯელობას - თუმცა, პოლიტოლოგ ილია რასოლოვის შეფასებით, აღიარებამდე საქმე არ მივა.
„რომ მიიღონ კიდეც გადაწყვეტილება აღიარების შესახებ, რაშიც მე მოცემულ მომენტში ეჭვი მეპარება, ადგილი ექნება თუ არა ვაჭრობის, მაშინ რაღაცის დემონსტრირების ელემენტს მაინც: როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან ურთიერთობაში. ახლა ბელორუსიას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში გამოუყვეს, 662 მილიონი დოლარი. და მთლიანობაში ვხედავთ, რომ საზოგადოებრივ აზრს მიმართავენ იქითკენ, თუ რა და რამდენად იქნება მომგებიანი ეკონომიკურად“, ამბობს ილია რასოლოვი.
რასოლოვის შეფასებას თუ ვენდობით, ეკონომიკურ ასპექტებზე უნდა იყოს დამოკიდებული მინსკში სილვიო ბერლუსკონის ვიზიტის წარმატებაც. ასე რომ, პერსპექტივა ურიგო არ არის: ბიზნესინტერესების დაცვა ნამდვილად ეხერხება პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის, ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს იტალიაში.