რა შეუძლია საქართველოს ჯარს?

რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სრულად აღიდგინა ბრძოლისუნარიანობა და რომ ჯარი მზადაა მის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებად. ამავე პერიოდში რუსეთის მედიაში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც საქართველოს ჯარსა და ქართველ ჯარისკაცებს დაბალი საბრძოლო სულისკვეთების გამო აქილიკებენ. რა ხდება სინამდვილეში, როგორია საქარველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონე? ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო „ეხო კავკაზას“ მთავარმა რედაქტორმა ანდრეი ბაბიცკიმ თავის საავტორო გადაცემაში თბილისიდან ირაკლი ალადაშვილი - დამოუკიდებელი სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალის, „არსენალის“, რედაქტორი - და სანკტ-პეტერბურგიდან მწერალი, საქართველოს ჯარის შესახებ გამოქვეყნებული არაერთი კრიტიკული წერილის ავტორი, გერმან სადულაევი მიიწვია. ამ უკანასკნელს ანდრეი ბაბიცკიმ იმ მიზეზების დასახელება სთხოვა, რომელთაც მისი სტატიების კრიტიკული პათოსი განსაზღვრეს. გერმან სადულაევის პასუხი ასეთი იყო:

გერმან სადულაევი: მართალი გითხრათ, ცოტა ხნის წინ ზოგიერთ საკითხზე, რომელიც მომხდარ კონფლიქტსა და მასში შეიარაღებული ძალების მონაწილეობის ხასიათს შეეხება, არაანგაჟირებულ ადამიანებთან ურთიერთობისა და მასალების უკეთ შესწავლის შემდეგ, შეხედულება შევიცვალე. არა მგონია, რომ საქართველოს არმია ბრძოლისუუნარო იყოს და ქართველებში ძალიან დაბალი იყოს საბრძოლო სულისკვეთება, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთის ჯარებისადმი ერთიან სახალხო წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და ეს რუსეთისთვის ძალიან კარგი ნიშანია, რადგან გამოდის, რომ ქართველი ხალხი არ მიიჩნევს რუსებს საკუთარ მტრად და ამიტომ არ არის მზად თითოეული გოჯი მშობლიური მიწისთვის სისხლი დაღვაროს. ამ კონფლიქტს ქართველი ხალხი მიიჩნევს მოუგვარებელ პოლიტიკურ მოვლენად, მაგრამ თუ მისი განწყობა შეიცვალა, ვფიქრობ, საქართველოს აქვს საკმაო სამხედრო ძალა იმისათვის, რომ წინ აღუდგეს აგრესიულ ქმედებებს.

ანდრეი ბაბიცკი: ირაკლი ალადაშვილს მივმართავ. გერმან სადულაევი ლაპარაკობს ქართული ჯარის არასკმარის მოტივაციაზე გასული წლის აგვისტოს ომში. მართლა იყო პრობლემა მოტივაციასთან და საბრძოლო სულისკვეთებასთან დაკავშირებით, თუ იყო სხვა მიზეზები, რომელთა გამო წინააღმდეგობა ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა.

ირაკლი ალადაშვილი: ეს ჩემთვის რიგით მეშვიდე ომი იყო. 1992 წელს ცხინვალის მოვლენებს ვაშუქებდი, 93-ში - აფხაზეთისას. მერე იყო ჩეჩნეთი, კვლავ - ცხინვალი, ერაყი და, ბოლოს, ეს - 2008 წლის - ომი, რომელსაც ძნელია ომი უწოდო, რადგანაც აქტიური საომარი მოქმედებები სულ რაღაც დღე-ნახევარი გაგრძელდა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველოს ჯარმა უცბად დაიხია უკან, ზოგიერთი ამას გაქცევას უწოდებს, მაგრამ მომხდარს თბილისის გარშემო სწრაფი გადაჯგუფებაც შეიძლება დავარქვათ, რადგანაც საქართველოს არ ჰქონდა იმდენი ძალა, რომ გზად დაცვითი ზღუდეები მოეწყო. უმთავრესი ამოცანა დედაქალაქის დაცვა იყო და ეს ამოცანა დღესაც ძალაში რჩება. რაც შეეხება გერმანის ნათქვამს, რომ ხალხმა არ იაქტიურა და არ დაღვარა სისხლი, ასეა, ჩვენ არ მივიჩნევთ რუს ხალხს მტრად და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მე ბევრი რუსი მეგობარი და ნათესავი მყავს, მაგრამ მეც და ბევრი სხვაც მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დგას, საოკუპაციო ჯარია. ისევე როგორც ფაშისტების ჯარი იდგა მოსკოვის მახლობლად, ასევე დგანან ისინი თბილისიდან ორმოც კილომეტრში და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ეს საქართველოს ტერიტორიაა, ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს.

ანდრეი ბაბიცკი: გერმან, სააკაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს ჯარის სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა აღდგა. აკეთებს საკმაოდ ხისტ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაკარგულ მიწებს დაიბრუნებს. როგორ ფიქრობთ, მართლა შესწევს ქართულ ჯარს იმის უნარი, რომ საქართველოს გაერთიანების, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთგვარ ინსტრუმენტად გამოდგეს?

გერმან სადულაევი: ამგვარი მოსაზრება სამხედრო ანალიტოკოსებს შორის არსებობს. მათ შორის განიხილება სცენარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჯარმა დარტყმის მიმართულებით სატანკო ძალების დიდი უპირატესობა შეიძლება შექმნას და ძალიან სწრაფად დაიკავოს ისეთი მნიშვნელოვანი პოზიციები, როგორიცაა როკის გვირაბი და ბლიცკრიგით განდევნოს რუსეთისა და თვითაღიარებული რესპუბლიკების ჯარები. არსებითად, მოვლენათა ამგვარი განვითარება მე შესაძლებლად მიმაჩნია, მაგრამ მასში დაფარულია უზარმაზარი საფრთხე, რადგანაც როკის გვირაბის მეორე მხარეს აღმოჩენილი თანამედრო რუსეთი ამ სირცხვილს ვერ ჭამს, ხოლო სარაკეტო შეიარაღება და ავიაცია საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიიდან წარმართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მოექცევა მასიური სარაკეტო დაბომბვის ქვეშ...

ანდრეი ბაბიცკი: მე მხედველობაში სხვა რამ მქონდა. მე ვლაპარაკობდი მოტივაციაზე. თქვენი აზრით, წარმოადგენს საქართველოს ჯარი იმ ძალას, რომელსაც აქვს სახალხო ლაშქრის მოტივები, მზადაა ეს ჯარი იბრძოლოს დაკარგული მიწების დასაბრუნებლად?

გერმან სადულაევი: მიმაჩნია, რომ რუსეთთან საბრძოლველად - არა. მეორე მხარეს მხოლოდ ოსური და აფხაზური ჯარები რომ იყვნენ, მაშინ, რასაკვირველია, მაგრამ არა რუსეთთან!

ანდრეი ბაბიცკი: ირაკლი, თქვენ ენდობით ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველოს არმია მარცხის შემდეგ - თუ ეს მარცხი იყო - სრულად გაიმართა წელში?

ირაკლი ალადაშვილი: დავიწყოთ იქიდან, რომ 2007-2008 წლებში გამუდმებით ვწერდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვეშვა ომი. ამის გამო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და სხვებმა ლამის სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადეს. ახლაც მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ საბრძოლო მოქმედებების განახლება, რადგანაც ჩვენ მოგვიწევს ომი არა ოსებთან და აფხაზებთან, არამედ უშუალოდ რუსეთთან. ასე იყო 1992 წლიდან, თუმცა მაშინ სეპარატისტების უკან რუსეთის არმია მშვიდობისდამცველის სტატუსით იდგა.

ანდრეი ბაბიცკი: მოიცათ, ირაკლი! მაშინ საერთოდ რაში სჭირდება საქართველოს ჯარი? რა საჭიროა მისი ბრძოლისუნარიანობის სრულყოფა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება?

ირაკლი ალადაშვილი: იცით, რა, ჯარი დამუკიდებელი ქვეყნის ისეთივე ატრიბუტია, როგორიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები. გარდა ამისა, უნდა დაველოდოთ ხელსაყრელ დროს. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ომი უნდა დავიწყოთ. ღმერთმა დაიფაროს! ომი რომ დაიწყოს, კვლავ რუსეთთან მოგვიწევს ბრძოლა. ის, რომ ჩვენ სატანკო დივიზიებით წავალთ როკის გვირაბზე, არარეალურია, რადაგანაც წმინდა სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოუდგენელია. მეტსაც გეტყვით, როცა ომი დაიწყო, ჩვენს ქართველ „მხედრთმთავრებს“ ცხინვალზე გალაშქრების ნაცვლად სამიზნეში როკის გვირაბი რომ არ ამოეღოთ, მაშინ ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა. დაშვებული იქნა დიდი სტრატეგიული შეცდომები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ომის დაწყება არ უნდა დაგვეშვა...

ანდრეი ბაბიცკი: დღევანდელი ქართული არმია ეს რეალური ძალაა?

ირაკლი ალადაშვილი:
რთული საკითხია, ბევრი მიფიქრა მასზე. 1992 წლიდან მოყოლებული, ათი წელი ვიმსახურე ქართულ არმიაში ოფიცრად. ეს არაა ის ჯარი, რომელიც ადრე იყო. სხვათა შორის, თანამედროვედ აღჭურვილი არმიაა და ზოგიერთი ტიპის შეიარაღებით რუსეთის ჯარზე უკეთესადაც გამოიყურება, თუმცა, რუსეთთან შედარებით, მცირერიცხოვანია. და კიდევ, მას არ აქვს სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების იარაღი, რომელიც რუსეთმა შარშან საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. რუსეთმა მაშინ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა ყველა იარაღი, რაც კი აქვს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გარდა. ასე რომ, რუსეთი ნუ მიიწერს დიდ ომში გამარჯვებას. მან, უბრალოდ, მოიგო პატარა ომი პატარა ქვეყანასთან.

ანდრეი ბაბიცკი: გერმან, ეთანხმებით ირაკლის ამ უკანასკნელ მტკიცებას, რომ რუსეთმა მოიგო ომი პატარა სახელმწიფოსთან და მას საამაყო ბევრი არაფერი აქვს?

გერმან სადულაევი: არა მგონია, რომ ნებისმიერი ომით უნდა იამაყო. ომი ყოველთვის კატასტროფაა. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთს, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ჩაეტარებინა ეს საბრძოლო ოპერაცია. მაგრამ, ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ რუსეთის დღევანდელი არმია რიცხოვნებით განუზომლად მძლავრია, ვიდრე საქართველოს არმია, და ამის გამო სათუოა, რომ საქართველოს წინააღმდეგობის პოტენციალი ჰქონდეს, რათა ჰაერში დაუპირისპირდეს ანდა რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის ორგანიზება შეძლოს. მაგრამ, ღმერთმა დაიფაროს, თუკი მოულოდნელად დაიწყება ორი-სამი ასეთი ლოკალური ომი ერთდროულად, რუსეთი ორ-სამ ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებს.