არჩევნების წინ აფხაზეთში ვითარება იძაბება

ბესლან ბუთბა

20 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში ააფეთქეს აგროსამრეწველო კომპლექს “არადუს” ოფისი, რომელიც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, პარტია “აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების” თავმჯდომარის ბესლან ბუთბას საკუთრებაა. ერთი დღით ადრე კი გაგრაში დაწვეს ამავე პარტიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის ვიტალი აჟიბას ავტომანქანა. ორივე შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.
“აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების” პარტიაში მომხდარს დაშინების მცდელობად მიიჩნევენ და სასწრაფოდ ზომების მიღებას მოითხოვენ, თუმცა იმასაც შენიშნავენ, რომ კონკრეტული შედეგის მიღების განსაკუთრებული იმედი არ აქვთ. ბესლან ბუთბას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლეონ აჯინჯალი განმარტავს:

“პირდაპირ ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რაც ჩვენში ხდება. ასე კრიმინალური და შემაძრწუნებელია ყველაფერი, რასაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ვაწყდებით. როცა პრემიერ-მინისტრს ოთხჯერ ესხმიან თავს, როცა ესვრიან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, როცა ძარცვავენ ბანკებს - ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საარჩევნო კამპანიის დაწყებას დაემთხვა პროკურორის ბინის ძარცვა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პრეზიდენტი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო პოლიტიკურ პროცესს.”

ბესლან ბუთბასთან ერთად, ტერორისტულმა აქტებმა გულგრილი ვერც სხვა ოპოზიციონერები დატოვა. რაულ ხაჯიმბას შტაბმა ხელისუფლებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მხარეთა ფიზიკური დაპირისპირება. ამასთან, ვნებები გამძაფრდა პოლიტიკურ არენაზეც. ხაჯიმბამ, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ატგურ ლუჟბას თქმით, საარჩევნო კომისიას რამდენიმე საჩივრით მიმართა: გაირკვა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ ამომრჩევლებს პასპორტების ქსეროასლების მიტანას აიძულებენ. ხაჯიმბა ასევე ჩივის იმის გამო, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საარჩევნო ხმის მქონე მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმალება.

“ზუსტი სია არ არსებობს. ასევე არავინ იცის როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტი განიხილავდა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გამოქვეყნებულა.”

გარდა ამისა, ატგურ ლუჟბას თქმით, თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის სააგიტაციო რგოლებში მონაწილეობენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები, - ძირითადად, რუსი პოლიტიკოსები, - რაც ასევე კანონის უხეშ დარღვევად ითვლება.