ზარი ზარ-ზეიმის გარეშე

ჩემ ბლოგს ”სამი ”ხ”-ს საიდუმლოებანი” (დედანში, რედაქტირებამდე, მე სამი ”X“ მეწერა) რამდენიმე ყურადსაღები გამოხმაურება მოჰყვა. მათი ავტორები არ დაინტერესებულან არც ავტორის ზეამოცანით, არც ტექსტში არსებული გამჭოლი ქმედებით. ჩემდამი მთავარი შეკითხვა ეხებოდა ფრაზას: ”რახმანინოვის ნაწარმოებების უმრავლესობაში ლაიტმოტივად ჟღერს საეკლესიო ზარები (ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ სვანური ”ზარი”)”. ”რა კავშირშია რუსული ”კოლოკოლები” სვანურ ზართან?” - ყველა თავის წერილში ირონიულად კითხულობს ჩემდამი აშკარად ანტიპათიურად განწყობილი ღრმად პატივცემული ”ჯაკლინი” (ალბათ უფრო სწორია ”ჟაკლინი” - თუმცა, არ ვიცი, ქალბატონია თუ ბატონი) ”მონაკოდან”. ის ხაზგასმით და დიდი ზარ-ზემით აღნიშნავს ჩემს, მისი აზრით, უხეშ შეცდომას და ისევ ირონიულად მთხოვს დავწერო ახალი ბლოგი სიტყვა ”ზარის” ფიზიკურ მახასიათებლებზე, რითაც მიმითითებს, დავუბრუნდე ჩემ პირვანდელ პროფესიას და ვწერო არა მუსიკაზე, არამედ ფიზიკაზე.

ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო ჩემ არქივში დაცული დიდი ხნის წინანდელი რადიოინტერვიუ ცხოვრებიდან უდროოდ წასულ ქართული ხალხური სიმღერის ცნობილ მკლევარ, უნიჭიერეს მუსიკათმცოდნე ედიშერ გარაყანიძესთან. თავის დროზე ბატონი ედიშერი კითხულობდა ლექციებს გერმანიის უნივერსიტეტებში ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. თავის ინტერვიუში მან მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ სვანურ ”ზარს” დაუთმო. აი სიტყვა სიტყვით ეს ტექსტი: ”სამგლოვიარო დატირება ”ზარი” საინტერესო სიმღერაა. ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ არის ის ასეთი ხმამაღალი, მძლავრი და სტილისტური თვალსაზრისით ”გამოძერწილი”? რაც უფრო ღრმად შევდივართ ამ ფენომენის შინაარსში, თანდათანობით ვხვდებით, რომ ეს უძველესი სიმღერა ზუსტად გამოხატავს დაკრძალვის ცერემონიაზე მისული ადამიანების სულიერ განწყობას. ეს ერთდროულად მწუხარებაც და ფილოსოფიური ოპტიმიზმია, რომელიც, გარდა რწმენისა, აგრეთვე ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის განუყოფელობის შეგრძნებას ეყრდნობა.” სხვაგვარად რომ ვთქვათ, ”ზარი” გარკვეულწილად ერის სულიერი განწყობის სიმბოლოა. მასში თავმოყრილია ქართველების მრავალსაუკუნოვანი ტრაგიკული გამოცდილებაც და სიცოცხლის დაუმარცხებელი ჟინი.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩემი ბლოგის ტექსტს. ფორმალურად ნუ აღიქვამთ ტერმინს ”ზარი” - ეს არ არის მთავარი! იქ ხომ ლაიტმოტივზეა საუბარი! გამოდის, რომ ქართული ”ზარიც” და რუსების საეკლესიო ზარები - ორთავენი ამ ერების თვითცნობიერების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ის, რომ რუსული ”ნაბატი” უდიდეს როლს თამაშობდა ჩვენი მეზობლის უმძიმეს, ხშირად ბნელ ისტორიაში, კარგადაა ნაჩვენები მსოფლიო ეკრანზე ახლახან გამოსულ პაველ ლუნგინის ფილმში ”მეფე”, რომლის მუსიკაც ზარების ჟღერადობითაა განსჭვალული.

ისე კი, ალბათ, ჯობია, უბრალოდ ჩართოთ CD-პლეირი და ყურადღებით მოისმინოთ სვანური ”ზარიც” და რახმანინოვის გენიალური მეორე საფორტეპიანო კონცერტი ან მისივე სიუიტა ორი ფორტეპიანოსთვის ”კოლოკოლა”. ყველაფერს თვითონ მიხვდებით...