ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

იმ მრავალ პრობლემათა შორის, რომლებზეც მიმდინარე კვირას წერდა ქართული პრესა, ერთ-ერთი უმთავრესი არჩევნები იყო.

“ხელოვნური რევოლუციის არ მჯერა. რევოლუციას სხვა ფონი და გამოკვეთილი ლიდერიც სჭირდება. საქართველოში დღეს ვერ ვხედავ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია რევოლუციის ლიდერობა იკისროს. თანაც რევოლუციური სიტუაცია “ქვემოდან” მოდის, ზემოდან ვერავინ დაუკვეთს”, - უთხრა

რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ “ვერსიას” ორშაბათს და დასძინა:“ამ ყველაფერს კი შეიძლება ვებრძოლოთ მხოლოდ არჩევნებში წარმატებული მონაწილეობით. მანამდე საარჩევნო გარემო უნდა შევცვალოთ. რევოლუცია მაშინ უნდა მოაწყო, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არსებობს. ამას ზოგი უკვე ხვდება. ადრე, როცა პირველებმა ვთქვით და კანდიდატებიც დავასახელეთ, გვსაყვედურობდნენ. ნელ-ნელა კი სხვებიც აცხადებენ, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობა. ყველაფერი იქით მიდის, რომ იქნებ გავმართოთ რაღაც, რომელსაც პრაიმერს ეძახიან. “პრაიმერი” არ ჰქვია მრავალპარტიულ წინასწარ მოთელვას საარჩევნოდ - თუ მოეწყობა, სხვა სახელი უნდა შევარჩიოთ. ვფიქრობ, ამ კორექტულ და პატიოსან ბრძოლაში, რომელსაც ოპოზიცია ერთმანეთში გამართავს, ალასანიას სრული უფლება აქვს იფიქროს, რომ შეუძლია ისეთი გამოცდილი პოლიტიკური ფიგურების დამარცხება, როგორიც, მაგალითად, კობა დავითაშვილია. ჩვენ სხვა კანდიდატებიც არ გვაშინებს.... თუ ეს ბრძოლა არ გაიმართება, არც ეგაა პრობლემა”, - ვკითხულობთ “ვერსიაში”.

იმავე დღეს კობა დავითაშვილმა “ახალ თაობას” უთხრა:

“მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ კანდიდატობას, თუ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესი არ ჩატარდებაო.”
კვირის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია დაიბეჭდა. ძირითადად, ეს იყო ინტერვიუები ოპოზიციის ლიდერებთან. სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გაზეთში “ყველა სიახლე”: “მიმაჩნია, რომ ეს არჩევნებიც “სიაფანდი” იქნება, თანაც ადგილობრივი არჩევნების შედეგით რეალურად არაფერი შეიცვლება. თუმცა თვითმმართველობის არჩევნებამდე თუ სხვა არჩევნების დანიშვნა ვერ მოვახერხეთ და ეს ვითარება გაგრძელდა, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეთ ამ არჩევნებზე და ვიბრძოლოთ. ოღონდ იქაც ერთიანი ოპოზიცია ერთი კანდიდატით უნდა დაუპირისპირდეს ამ ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში იქნებ გამართლებული იყოს პრაიმერი, თუმცა დიდად არ ვარ პრაიმერის მომხრე. მე ვთავაზობ ოპოზიციას, ყოველგვარი პრაიმერის გარეშე დავუჭიროთ მხარი ირაკლი ალასანიას და ვნახოთ, რა და როგორ მოხდება”, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ”ყველა სიახლეს”.

“ხელისუფლება და ოპოზიცია თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებისას ბარიერის საკითხზე შეთანხმებას აპირებს. ხელისუფლებამ ნულოვანი ბარიერის შემდეგ ცოტა დათმო, ოპოზიციას 30%-იანი ბარიერი შესთავაზა და ოპოზიცია კინაღამ დათანხმდა - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით 50%-იან ბარიერს მხოლოდ “ალიანსი” არ თმობს. თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. ხელისუფლებამ კი, კეთილი ნების ნიშნად, ცესკოს თავმჯდომარე უკვე მოხსნაო ”, - წერდა პარასკევს “რეზონანსი”.

შაბათს კი ამავე გაზეთში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი განმარტავს, რატომ უჭერს მხარს “ალიანსი” 50 პროცენტიან ბარიერს. ” მერი უნდა სარგებლობდეს მაღალი ლეგიტიმაციით და ამომრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა უნდა გადაწყვიტოს მისი ვინაობის საკითხი”,- უთხრა მან გაზეთს. - საპრეზიდენტო არჩევნებზე ასეთი ბარიერია და ასევე უნდა აირჩეს თბილისის მერი. არ უნდა მივიღოთ ისეთი ვითარება, როდესაც ვინმე ჩაიბარებს ქალაქს სამართავად 4 წლის ვადით და მას ექნება მხოლოდ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 31 პროცენტის მხარდაჭერა. ის ხალხი, ვინც მივა და სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს, ამ ვარიანტით, შესაძლოა, აღმოჩნდეს 68 პროცენტი. დავით უსუფაშვილი დასძენს, რომ როცა არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდობლობა, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია და განმარტავს, რომ ეს ასეა აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი მეტად მნიშვნელოვანია. დავით უსუფაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა კონცენტრირებულია იმაზე, რომ ბარიერი გაიზარდოს. - მოტივირებული ვართ, რომ ამ საკითხში მეტი პროგრესი იყოსო, - დასძინა მან.

ნინო ბურჯანაძე კი ამ პრობლემაზე შაბათის „ალიას“ ესაუბრა და უთხრა: “ნამდვილად არ მინდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ჯერჯერობით ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რამე ტიპის ბრალდებები წავუყენო. ჩვენ ამ ეტაპზე სააკაშვილის გადაყენების გზაზე განსხვავებული ხედვები გვაქვს. .. ნამდვილად არ მინდა გითხრათ, რომ ვინმე სააკაშვილთან შეკრულია, მაგრამ არის ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი, რომლის პოზიციაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.”

და კიდევ ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან:

“არის ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც, ალბათ, ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ შეიძლება შიდა ან დასავლეთის ზეწოლით გარკვეული ცვლილებები იქნეს მიღწეული სააკაშვილის პირობებში. სააკაშვილთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება მაქვს, რათა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა - ასეთი ცვლილებები არ იქნება. როგორც უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიარული გადაიფიქრეს, რადგან დაინახეს, რომ აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ სააკაშვილის პიარს ემსახურება, ასევე იქნება არჩევნებთან დაკავშირებითაც...” - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შაბათსვე „რეზონანსის“ მთავარი პუბლიკაციის სათურში ვკითხულობთ:

”უგულავამ წინასაარჩევნოდ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო დაიპყრო. გაზეთი წერს, რომ 2009 წლის 3 აპრილს თბილისის მერიის მიერ თბილისში გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ორმა კომპანიამ მიიღო. ესენია კომპანია ”მაგი სტილი მედია” და კომპანია ”აუთ დორ ჯი”. ეს იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ორივე კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა თბილისის მერს გიგი უგულავას უკავშირდება და ორივე კომპანია უგულავას გარემოცვას ეკუთვნის“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ შაბათს.