მთავრობისთვის კრიზისი გადალახულია, ექსპერტებისთვის - არა

მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ საბანკო სფეროში კრიზისი დასრულებულია. ცოტა უფრო ადრე კრიზისის შეჩერების შესახებ განცხადებები მთავრობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ხელისუფლება აშკარად იმედოვნებს, რომ ქვეყანა 2009 წელს იმაზე უკეთესი მაჩვენებლებით დაასრულებს, ვიდრე ბევრი ექსპერტი თუ საერთაშორისო ინსტიტუტი ვარაუდობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, საბანკო სექტორმა მესამე კვარტალი მოგებით დაასრულა. ამ დროისათვის ბანკების მოგება თითქმის 8 მილიონ ლარს შეადგენს. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ქადაგიძე მიიჩნევს, რომ კრიზისი დაძლეულია. მანამდე კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა პრემიერმა გილაურმაც, რომელიც, წლეულს ეკონომიკის 4%-იანი ვარდნის შემდეგ, გაისად დაახლოებით ამავე მოცულობის ზრდას ვარაუდობს.

თუმცა ხელისუფლების ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს. ქართველი ექსპერტების პარალელურად, სკეპტიციზმს უცხოელებიც ამჟღავნებენ. მაგალითად, ბრიტანული „ეიჩ–ეს–ბი–სი ბანკის“ წარმომადგენელი საქართველოში, გაი ლუისი, მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რეცესიაში მეორედ ჩავარდნის რისკი. ქართველ ექსპერტებს მსგავსი ვარაუდის საფუძველს ისიც აძლევს, რომ კვლავ მცირდება ბაზრობებზე მოვაჭრე ინდმეწარმეთა რაოდენობა. დაეცა დიდი ბიზნესის სარეკლამო კომპანიების რენტაბელობაც. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მიუხედავად განცხადებებისა, მათი საკრედიტო აქტივობა საგრძნობლად არ გაზრდილა, დაბალია აქტივობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც.
საქართველოს საინვესტიციო ჯგუფ “პლიუსის” ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ეცემა. ამის ნიშანი კი, მათი აზრით, ბანკებში დეპოზიტების ზრდა და ამ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაცემაა. მათივე მტკიცებით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისის შემდგომ დეპრესიის პერიოდში შედის. საინვესტიციო ჯგუფის შეფასებით, მსოფლიო კრიზისების ისტორია გვაჩვენებს, რომ მხოლოდ ეროვნული პროდუქციის და წარმოების ხელშეწყობით არის შესაძლებელი კრიზისის დაძლევა. ამისთვის კი, ჯგუფის ექსპერტების განცხადებით, აუცილებელია დღეს არსებული ძვირი ფულის საწინააღმდეგო მონეტარული პოლიტიკის გატარება.

სხვათა შორის, კრიზისის დაძლევის თაობაზე განცხადებების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა კვლავ იზრდება. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩანაწერები კიდევ 81 055 ერთეულით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 286 900 ჩანაწერი შეადგინა, რაც არსებული პრობლემების კიდევ ერთი დასტურია.

პარლამენტმა კი საგაისო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ახალ პროექტში შეცვლილია როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების მაჩვენებელი. პროექტის პირვანდელ ვარიანტში ბიუჯეტის შემოსავლები 4,865 მლრდ ლარი იყო, ახლა კი 5,107 მლრდ-მდეა გაზრდილი. რაც შეეხება ხარჯებს, პირვანდელი ვარიანტის ხარჯვითი ნაწილი 5,281 მლრდ ლარი უნდა ყოფილიყო, გადამუშავებულ ვარიანტში კი ხარჯვითმა ნაწილმა 5,399 მლრდ ლარს მიაღწია.

გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია პარლამენტის რამდენიმე შენიშვნა. კერძოდ, გაზრდილია ჯანდაცვის რამდენიმე პროგრამის დაფინანსება. ასევე, იზრდება განათლების, გზების რეაბილიტაციის, სოფლის პროგრამის, პენიტენციალური სისტემის და დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება. გარდა ამისა, ახალი წლიდან სიღარიბის დადგენის კრიტერიუმებიც იცვლება. არის თუ არა ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ამის დადგენის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად, უპირველესად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ. ამასთან, კრიტერიუმებიდან საერთოდ ამოვარდება ე.წ. ხანგრძლივი მოხმარების საგნების საკითხი. უფრო ზუსტად, ოჯახში ტელევიზორის ან მაცივრის არსებობა-არარსებობას სიღარიბის დონის დადგენისას აღარ გაითვალისწინებენ. ახალი კრიტერიუმები უკვე ტესტირების რეჟიმში 2010 წლის იანვრიდან იმოქმედებს.

პარლამენტისვე გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ფინანსური პოლიცია აღდგება. ახალი კანონის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს საგამოძიებო დეპარტამენტი გამოეყოფა და იგი, გაძლიერებული უფლებებით, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება. სამსახურის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ ადრე ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა.

შემოსავლების სამსახური სამოქალაქო სტრუქტურად ჩამოყალიბდება და ის გადასახადების ადმინისტრირებასა და გადამხდელებზე იქნება ორიენტირებული. პოლიციური ფუნქცია კი საგამოძიებო სამსახურს დაევალება, რადგან მთავრობამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია ამ სამსახურების ცალ-ცალკე სტურუქტურებად საქმიანობა.

ექსპერტების ვარაუდით, საგამოძიებო სამსახურისთვის უფლებების გაზრდა საბიუჯეტო კრიზისმა განაპირობა. არც მთავრობაში მალავენ მოლოდინს, რომ გამკაცრებული ადმინისტრირება ბიუჯეტში უფრო მეტი შემოსავლების მობილიზებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების შემცირებას. ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი სოციალური ვალდებულებები აქვს დასაფინანსებელი, ამიტომ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით საგადასახადო შემოსავლების მობილიზება სჭირდება. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია საამისოდ ახალი პოლიციური მექანიზმის შექმნა, მით უმეტეს, ფინანსური კრიზისის პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრირებას არათუ ამკაცრებს, არამედ ამარტივებს.
თუმცა გამკაცრებული ადმინისტრირება არც ფინანსური პოლიციის აღდგენამდეა უცხო ხილი. მაგალითად, თბილისის საგადასახადო ინსპექცია ოქტომბრის ბოლოდან ელიავას ბაზრობაზე შევიდა და, შემოწმების შედეგად, რამდენიმე ათეული ჯიხური დაილუქა და მაღაზიის მფლობელებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ათასობით ლარი დაეკისრათ.

მაღაზიების დახურვის მიზეზი მოვაჭრეთათვის გაურკვეველია. მით უფრო, როცა მათ ნაწილს არანაირი დავალიანება და დარღვევა არ ერიცხება. საგადასახადო ინსპექციის ასეთი ვიზიტები საბიუჯეტო კრიზისის თანმხლები ატრიბუტია და სწორედ დამატებითი შემოსავლების მობილიზებას ემსახურება.

ასეთ ფონზე პარლამენტში ახალი გადასახადების შემოღებასა და გაზრდაზე რეფერენდუმის გზით გადაწყვეტილების მიღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შევიდა.
]
საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია. ცვლილების თანახმად, გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს დაადგენს საქართველოს ორგანული კანონი. ამასთან, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ექნება.

იდეას ყველა საპარლამენტო ჯგუფი იზიარებს და, სავარაუდოდ, კონსტიტუციაც მალე ჩასწორდება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ საკონსტიტუციო სიახლით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური თავისუფლების აქტი პრაქტიკულ რეალიზებას იწყებს.