ნიკოლო მიწიშვილის დაგვიანებული რეაბილიტაცია

ნიკოლო მიწიშვილი

ორიოდე დღის წინ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გასული საუკუნის 30-იან წლებში დახვრეტილი პოეტის ნიკოლო მიწიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ გამოფენას უმასპინძლა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნახევარი საუკუნის წინ, 1956 წელს, რეაბილიტირებული პოეტის ნამდვილი რეაბილიტაცია ახლა, მისი წიგნების გამოცემებითა და ცხოვრების ამსახველი გამოფენის მოწყობით, მოხდა.

გასული საუკუნის 30-იან წლებში პოლიტიკურმა რეპრესიებმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამშობლოსა და ხალხის ღალატის ბრალდებით დახვრეტილთა შორის აღმოჩნდნენ ქართველი მწერლებიც. მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა სახლის ეზოში აღმართულ მემორიალურ დაფაზე 13 მწერლის - მათ შორის, ნიკოლო მიწიშვილის - სახელია ამოტვიფრული. ილამაზ მიწიშვილი, რეპრესირებული მწერლის შვილი, იხსენებს, რომ 1922 წლის, ანუ სამშობლოში დაბრუნების, შემდეგ ნიკოლო მიწიშვილი აქტიურ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა: იყო „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი და ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რედაქტორობდა ჟურნალ „ქართულ მწერლობას”, ხელმძღვანელობდა „სახელგამს“. ილამაზ მიწიშვილის თქმით, 30-იანი წლების საქართველოში ამგვარი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ რჩებოდა.

ილამაზ მიწიშვილი
„ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც მაშინდელი საქართველო იყო, ყელაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. ეს იყო ბერია. ერთ-ერთი წვეულების დროს ითქვა ბერიას სადღეგრძელო. ნიკოლომ დემონსტრაციულად უარი თქვა დალევაზე. ეს გაიგო ბერიამ და დაემუქრა, ციხეში ამოგალპობო. 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს კი დახვრიტეს.“ ილამაზ მიწიშვილის ვარაუდით, მამამისი, სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად, სოღანლუღთან ახლოს, ტრიალ მინდორში, დახვრიტეს. საფლავთან ერთად დაიკარგა დაპატიმრების ოქმში აღნუსხული, ხელნაწერებით სავსე, სამათეულამდე საქაღალდეც, თუმცა როგორც ნიკოლო მიწიშვილის შემოქმედების მკვლევარი, ფილოლოგი მანანა ჩიტიშვილი ამბობს, ფასდაუდებელია დაპატიმრებამდე გამოქვეყნებული ტექსტებიც:

მანანა ჩიტიშვილი
„ნიკოლო მიწიშვილის შემოქმედებით ჩემი დაინტერესება დაიწყო ლექსით „ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი“. ეს ლექსი საუკეთესოა არა მარტო ნიკოლო მიწიშვილის შემოქმედებაში, არამედ მთელი იმ დროის ქართულ პოეზიაში. ლექსი ასე საოცრად იწყება:

„შემახის გზაზე ვიღაც შავმა, შავნაბდიანმა

შუაღამისას დაძრა შავი ყარაბახული...“

ეს „შ“ ბგერის ალიტერაცია თავიდანვე ქმნის შიშისა და დაძაბულობის ატმოსფეროს, რაც პოეტური ოსტატობის მაჩვენებელია. პოეზია ნამდვილად ღირებულია, მაგრამ ნიკოლო მიწიშვილის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ მან სათავე დაუდო ქართულ დოკუმენტურ პროზას.“

დოკუმენტური პროზიდან გამორჩეულია „თებერვალი“, რომელშიც ნიკოლო მიწიშვილი 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების ბათუმში შესვლას ასე აღწერს: „გაჩნდა მთავრობა ბოლშევიკების. დაჯდა გუბერნატორის სახლში - რევკომი“. და კიდევ: „მათ დარჩათ ტფილისი, მათ დარჩათ ქუთაისი. და მრავალი ხალხი, რომელიც მოაწყდა ბათომს, გრძნობდა: დარჩებოდა ბოლშევიკებს ქალაქი ბათომიც.“ მწერალ გივი შახნაზარის თქმით, დოკუმენტური პროზის მსგავსად, მნიშვნელოვანია ნიკოლო მიწიშვილის პუბლიცისტური წერილებიც:

გივი შაჰნაზარი
„ჯერ მარტო „ფიქრები საქართველოზე“ რად ღირს. ამ წიგნმა გამწარებული წამოყარა მთელი საქართველო. ის, რაც დაწერა, ტკივილით, სიყვარულით იყო გაჟღენთილი და გამოფხიზლების ზარივით რეკავდა.“

გივი შაჰნაზარის თქმით, „ფიქრები საქართველოზე“, რომელიც ნიკოლო მიწიშვილმა 1926 წელს „ქართულ მწერლობაში“ გამოაქვეყნა, გამორჩეულად მწარე, თვითკრიტიკით სავსე პუბლიცისტური წერილია. მასში ვკითხულობთ:

„საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ). საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც. ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის. მე მგონია, ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი...“

ეს იყო ნაწყვეტი წიგნიდან „ფიქრები საქართველოზე“, რომელიც სულ ახლახან გამომცემლობა არტანუჯმა დაბეჭდა. „არტანუჯთან“ ერთად ნიკოლო მიწიშვილის შემოქმედება თანამედროვე მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახადა გამომცემლობა „ინტელექტმაც“, რომლის დამფუძნებლის კახმეგ კუდავას თქმით, „თებერვლის“, „წმინდანიანის“, „ქრონიკების რევოლუციური დროიდან“ და „სამარადისო ზღაპრის“ გამოცემით მხოლოდ მკითხველის ინტერესი როდი დაკმაყოფილდა:

„რეპრესირებული მწერლების უმრავლესობა 1956 წელს იქნა რეაბილიტირებული, მათ შორის - ნიკოლო მიწიშვილიც. მაგრამ ეს რეაბილიტაცია იყო მხოლოდ პირობითი. მწერლის რეაბილიტაცია გულისხმობს იმას, რომ მისი ნაწარმოებები უნდა გამოდიოდეს მაღალი ტირაჟით. ნიკოლო მიწიშვილის რეაბილიტაცია დაიწყო ახლა, როცა ქართველ მკითხველს მისი ნაწარმოებების გაცნობის საშუალება მიეცა.“

რეზო ჭეიშვილი
კახმეგ კუდავას თქმით, გამოსაცემად მზადდება პუბლიცისტური წერილების მორიგი ტომი, რომელშიც არაერთი საინტერესო მასალა - მათ შორის, მწერალთა კავშირში დახვრეტამდე ორი კვირით ადრე წარმოთქმული სიტყვა - შევა. თუმცა ნიკოლო მიწიშვილი მხოლოდ პოეტი და პუბლიცისტი როდი იყო. მწერალ რეზო ჭეიშვილის თქმით, მიწიშვილის სახელს უკავშირდება ეროვნული საგამომცემლო საქმის აღორძინება. მისი გამოცემულია კონსტანტინე გამსახურდიას „გოეთეს ცხოვრება“, ბოროზდინის „სამეგრელო“ , ვახტანგ კოტეტიშვილის „ხალხური პოეზია“ და მრავალი სხვა. ცხადია, ნიჭიერ პოეტს, რედაქტორსა და გამომცემელს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ, პარტიისა და საბჭოთა სამშობლოს სახელით, ნიკოლო მიწიშვილი 41 წლის ასაკში შეაჩერეს. არადა, ჯერ კიდევ 1922 წელს, ემიგრაციაში ყოფნისას, ნიკოლო მიწიშვილმა იცოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს არ აცოცხლებდა, მაგრამ უცხოეთში მაინც ვერ გაძლო. მასვე ეკუთვნის სიტყვები:

„ღმერთო, უშველე შენს მონას ნიკოლოს,

რომ არ მოკვდეს, არ დაეცეს, არ ჩაიქოლოს, ღმერთო!“

ღმერთმა მხოლოდ ნაწილობრივ შეისმინა პოეტის ეს ვედრება. კიდევაც მოკლეს და კიდევაც ჩაქოლეს, მაგრამ არ დაეცა. თუ მწერალ რეზო ჭეიშვილს დავუჯერებთ, დროის გამოცდას გაუძლო ნიკოლო მიწიშვილის შემოქმედებამაც, ანუ მოკლეს ადამიანი, მაგრამ პოეტს ვერაფერი დააკლეს.