ავღანეთის იმიტაცია ვაზიანში

წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

სამი კვირის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში 180-მდე სამხედრო პირის გაგზავნას გეგმავს. ნატოს ჯარებთან ერთად ისინი სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვებიან. მანამდე კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ქართულ-ამერიკული სწავლების - „დაუყოვნებელი პასუხი 2009“-ის - ფარგლებში, იმიტირებული სამშვიდობო ოპერაცია მიმდინარეობს.

ყველა სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ჯარისკაცები ჩავაყენეთ, ეყრდნობა ავღანეთის რეალური სიტუაციებიდან გამომდინარე სცენარებს
ვაზიანი. თბილისის გარეუბანი. ქართველი სამხედროები კალაშნიკოვის ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით პირობითი მტრის - „ტერორისტების“ - ალყაში მოქცევას ცდილობენ. ჯარისკაცებს უკან მიჰყვება ამერიკელი ინსტრუქტორი, რომელიც ოპერაციის მსვლელობას აკვირდება.

რამდენიმე თვეში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მომზადებული ჯარისკაცების ნაწილს, შესაძლოა, ასეთივე ამოცანების შესრულება რეალურად მოუხდეს ავღანეთის მთებში, ამბობს სწავლების მთავარი ინსტრუქტორი მაიკლ ოლივერი:

“ეს ძალიან ჰგავს იმ მისიას, რომლის შესრულებაც მათ, სავარაუდოდ, ავღანეთშიც მოუწევთ. ყველა სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ჯარისკაცები ჩავაყენეთ, ეყრდნობა ავღანეთის რეალური სიტუაციებიდან გამომდინარე სცენარებს.“

მეორე ქვეითი ბატალიონის 180-მდე ქართველი ჯარისკაცი და პირადი პერსონალი ავღანეთში სამ კვირაში გაემგზავრება. საამისოდ მათ თითქმის ორთვიანი სპეციალური მომზადება გაიარეს. მომავალი წლის მარტისთვის საქართველო ავღანეთში, მთლიანობაში, 700 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ისინი ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში ფრანგული ნაწილების შემადგენლობაში იმსახურებენ. მათ შემცვლელთა შორის, შესაძლოა, ის ჯარისკაცებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც, ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, ახლა გადიან წვრთნას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

“სწავლებების მთავარი მიზანია, ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო ოპერაციებისთვის მოემზადონ როგორც ავღანეთში, ისე ერაყში. ჩვენი ნაწილები პრაქტიკულად მზად არიან ამისთვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ქართული მხრიდან სწავლებების მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თომაურმა, რომლის თქმითაც, ქართულ ნაწილებს აქვთ სამხედრო ოპერაციების გამოცდილება როგორც ერაყში, ისე კოსოვოში და, შესაბამისად, მზად არიან შეასრულონ სამშვიდობო მისია.

მსგავსი სამხედრო წვრთნები საქართველოში, ამერიკელი სამხედროების დახმარებით, 2002 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. მიმდინარე წელს იმიტირებულ შეიარაღებულ ოპერაციაში 130 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს. რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ტაქტიკურ წვრთნებსაც გადის იმისათვის, რომ მოგვიანებით დამოუკიდებლად შეძლონ ჯარისკაცების მომზადება.

მნიშვნელოვანია ის, რომ ერთობლივი მოქმედებით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად მომავალში
ამ სამხედროთა ნახევარზე მეტი უკვე მსახურობდა ერაყში. ერაყში 2000-მდე ქართველი ჯარისკაცი იმყოფებოდა - ისინი, ძირითადად, ირანის საზღვართან პატრულირებდნენ. ერაყიდან ქართველი ჯარისკაცები, თითქმის სრული შემადგენლობით, გასულ წელს - აგვისტოს ომის დროს - დაბრუნდნენ საქართველოში.

ერაყისა და ავღანეთისთვის მომზადების განმასხვავებელ თავისებურებებზე სწავლების ადმინისტრატორი გენერალი ჯეფერსონ ბიორტონი საუბრობს:

“სიტუაციები, რომლებშიც სამხედროები თავიანთ ამოცანებს ასრულებენ ერაყსა და ავღანეთში, განსხვავებულია. ერაყში ბევრი შენობა და ნაგებობაა, მაშინ როდესაც ავღანეთში ქალაქი ცოტაა და, ძირითადად, სოფლის ტიპის დასახლებები გვხვდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთობლივი მოქმედებით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად მომავალში. ჩვენ ვურთიერთობთ და ამაშია მთელი აზრი “, განაცხადა გენერალმა ჯეფერსონ ბიორტონმა.