გალელებმა აფხაზური პასპორტი ნოემბრამდე უნდა აიღონ

აფხაზური პასპორტი

გარკვეული პაუზის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლეობისგან აფხაზური პასპორტების აღებას კვლავ აქტიურად მოითხოვს.

განსაკუთრებული ზეწოლა ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებ პედაგოგებსა და ექიმებზეა. გალის რაიონის სოფელ ოტობაიას საშუალო სკოლის მასწავლებელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მათგან მოითხოვენ, აფხაზური პასპორტები ნოემბრისთვის აიღონ. ოტობაიელი პედაგოგი ამბობს, რომ იძულებულნი არიან საბუთები შეაგროვონ, ნოტარიულად დაამოწმონ და აფხაზური პასპორტისთვის 300 რუსული რუბლი გადაიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლის დახურვით ემუქრებიან. „ათასგვარ საბუთს ითხოვენ. იმხელა რიგია და განუკითხაობა, რომ ნამდვილი წამებაა“ - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სკოლის პედაგოგმა. მისივე თქმით, გალის რაიონში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას ბაღაფშის ოპოზიცია ეწინააღმდეგება და ხელოვნურად ქმნიან სირთულეებს.

პასპორტის სასწრაფოდ მიღების მოთხოვნა რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმაც დაუდასტურა. ის ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ სამსახურს დაკარგავენ, არამედ საკუთარი სახლების დატოვებაც მოუწევთ. რესპონდენტის დაკვირვებით, ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას მოჰყვა. აქამდე აფხაზური პასპორტის აღების მოთხოვნა ნაკლებად კატეგორიული იყო.

პასპორტიზაციის პროცესის გააქტიურებას ოკუპირებულ აფხაზეთში 12 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებს უკავშირებს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავაც. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გალის რაიონის მოსახლეობისგან აფხაზური პასპორტების აღების მოთხოვნა პერიოდულად აქტუალობას კარგავდა, თუმცა არჩევნების წინ ვითარება შეიცვალა. აფხაზეთის დევნილ მთავრობაში ფიქრობენ, რომ სერგეი ბაღაფში არჩევნებში განსაკუთრებულ მხარდაჭერას სწორედ გალის რაიონის მოსახლეობისგან ელის.