განუმეორებელი ქართული არტისტიზმი

როცა გამოჩენილმა მევიოლინემ ნატან მილშტეინმა ჯორჯ ბალანჩინს (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძეს) ცნობილი ნიუიორკელი იუველირი კლოდ არპელსი გააცნო, დიდი ქორეოგრაფი ძლიერ კმაყოფილი დარჩა. ბალანჩინს მაშინ უთქვამს, ძვირფასი ქვები ძალიან მიყვარს - მე ხომ ქართველი ვარო!

ეს შემთხვევა ბალანჩინის მიერ საოცარი არტისტიზმით გაჟღენთილი შესანიშნავი სამბალეტიანი ციკლის - "ძვირფასეულობების" - შექმნის საბაბი გახდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯორჯი ნამდვილი პეტერბურგელი იყო და რუსული ადათ-წესებისა და ტრადიციების ატმოსფეროში იზრდებოდა. მისი ძმა, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე, რომელსაც ჭაბუკობისას შევხვედრივარ, სიცოცხლის ბოლომდე რუსულენოვანი იყო. ამის მიუხედავად, საქართველოში ძნელად მოიძებნებოდა ასეთი თავდადებული და თავგანწირული პატრიოტი.

ახლა კი სულ სხვა მაგალითს მივმართოთ. გადმოცემით ვიცი, რომ მოსკოვში, სტალინის მმართველობის პერიოდში ჩატარებული ქართული ხელოვნების დეკადის დღეებში, ბელადმა ცივად მოუჭრა "აღტაცებულ" მლიქვნელებს: "მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ - ჩემთვის ეს უცხოა." ეს თქვა სოსო ჯუღაშვილმა, რომელიც ჭაბუკობაში მშვენიერ პატრიოტულ ლექსებს მშობლიურ ქართულ ენაზე წერდა!

შეიძლება დიდხანს ვიმსჯელოთ ორივე ფენომენის თაობაზე, თუმცა ნათელია, რომ ერთ შემთხვევაში იმუშავა გენეტიკამ, ხოლო მეორეში - პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ, რომელმაც ეს გენეტიკა ქვეცნობიერის სიღრმეში ჩამალა. ღმერთმა მომიტევოს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავის ყველაზე საზარელ დანაშაულებს სოსო სტალინი ისე არტისტულად ჩადიოდა, რომ ბერნარდ შოუს და ლიონ ფოიხტვანგერის დარი გამოჩენილი პიროვნებები შეცდომაში შეჰყავდა. დიდი დიქტატორი დიდი მსახიობიც იყო.

აქ ცოტა ხანს შევჩერდეთ და შედარებისთვის ჯეროვნად შევაფასოთ ქართველი ხალხის ნიჭი, რომელიც, საკუთარი არტისტული ბუნებიდან გამომდინარე, არ წამოეგო ამ ანკესს - მან მშვენივრად იცოდა როგორც თავისი მრისხანე თანამემამულის, ისე მისი "თანამებრძოლების" ნამდვილი სახე. გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკებთან უთანასწორო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ქართველებმა ლოდინის პოლიტიკას მიმართეს და დროებით "იატაკქვეშეთს" შეაფარეს თავი - მით უფრო, რომ იმ პერიოდში განადგურდა ერის "ოქროს" გენოფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემთხვევითი როდია, რომ პროცენტული აღრიცხვით სწორედ საქართველოზე მოდიოდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა: სტალინმა კარგად იცოდა "ვინ ვინ იყო" მის ისტორიულ სამშობლოში და 1937 წელს თითქმის მთლიანად გაანადგურა ქართული საზოგადოების მოაზროვნე ელიტა.

საბჭოთა დროში ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობის თვალშისაცემი კეთილდღეობა და ხალისიანობა ადვილად აიხსნებოდა: ჩვენ ვირტუოზულად ვიპარავდით "სახელმწიფო" ქონებას და იმავდროულად უაღრესად არტისტულად ვასაღებდით თავს მისი იდეოლოგიის მომხრეებად. პოლიტიკური სპექტაკლი დიდი წარმატებით მიდიოდა: არსებობდა გამჭოლი ქმედებაც, - ფიზიკური გადარჩენა - და ზეამოცანაც - ერისა და კულტურის შენარჩუნება. ამას უდავოდ ხელს უწყობდა ქართველების ისტორიული გამოცდილება.

რახან საუბარი ქართულ არტისტიზმს შეეხო, არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა საოცრად თვითმყოფად ქართულ თეატრზე. ქართველი მსახიობების მეტყველება განსაკუთრებული ვიბრაციით ხასიათდება. მაგალითისთვის, მევიოლინეები დაკვრის დროს ორი სახის, თითების წვრილ და მაჯის მსხვილ, ვიბრაციას იყენებენ. ქართულ თეატრში, შეიძლება ითქვას, სულის ვიბრაცია სუფევს. ის მსახიობის სხეულის ვიბრაციასთან, მის პლასტიკასთან, მოძრაობების და ჟესტების თანმიმდევრობასთან რეზონანსში შედის. არტისტის ბუნება თითქოს აკუმულირდება ენერგიის თავისებურ წყაროში, რომელიც სულიერი განცდების მთელ სპექტრს ასხივებს. მსგავს მოვლენას თავის დროზე მხოლოდ ერთხელ, "კომედი ფრანსეზის" სპექტაკლზე წავაწყდი. მარივოს პიესაში მთავარ როლებს ჟან ვილარი და მარია კაზარესი თამაშობდნენ. რაც შეეხება ვიბრაციას, ეს განსაკუთრებით კაზარესს ეხებოდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კაზარეს კიროგა (ასეთია მარიას ნამდვილი სახელი და გვარი) წარმოშობით ბასკია, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ალბათ, შეიძლება უკვე დამტკიცებულად ჩაითვალოს ბასკებისა და ქართველების ნათესაობრივი კავშირი - იქაც და აქაც, იბერიაშიც და ივერიაშიც, რომანტიზმი საკმაოდ ხშირად ჰიპერტროფირებულ ტრაგიზმში გადადის.

ვფიქრობ, სამთვიანი საპროტესტო აქციები თბილისში ქართველი ერის ბუნებრივი არტისტიზმის კიდევ ერთ უტყუარ საბუთად იქცა, სტადიონზე შეკრება კი მის აპოთეოზად შეიძლება ჩაითვალოს. ქართველების არტისტული "ეგო" ისევ და ისევ ბედნიერებისა და თავისუფლების ძიებაშია.