დაბადების დღე


I Read The News Today Oh Boy…

დაიბადა ლივერპულში 1940 წლის 9 ოქტომბერს, დილის შვიდის ნახევარზე. ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, მისთვის დამახასიათებელი სარკაზმით იტყვის: “პლანეტის მოსახლეობის 90 პროცენტის დაბადების მიზეზი, განსაკუთრებით დასავლეთში, შაბათ საღამოს გამოცლილი ვისკის ბოთლია. ადამიანების 90 პროცენტი შემთხვევითობაა და არა გეგმიურად გაჩენილი ბავშვი. ყველა ჩვენგანი არის შაბათ საღამოს სპეც-გამოშვება.”

მსოფლიო მას სირენების კივილითა და ბომბების აფეთქებით შეეგება: ჰიტლერის ავიაციამ იმ ღამით რიგითი, გამანადგურებელი დაბომბვა მოუწყო ქალაქს.

თუმცა მოგვიანებით ზოგიერთმა ისტორიკოსმა ეჭვი გამოთქვა - იმ დღეს დაბომბვა საერთოდ არ ყოფილაო, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა: იმდენად უხდება ჩვენს გმირს ეს ლეგენდა, რომ მის უამრავ თაყვანისმცემელს მთელს მსოფლიოში, მისი დაბადება სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია.

ოთხი წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და ის დეიდასთან იზრდებოდა. ბავშვობის საყვარელმა წიგნმა, “ალისა საოცრებათა სამყაროში”, დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებასა და, საერთოდ, მის აზროვნებაზე.

12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გენიოსი იყო და ძალიან უკვირდა, რომ სხვები ვერ ამჩნევდნენ ამას. როცა რადიოთი პირველად მოისმინა ელვის პრესლის Heartbreak Hotel, თქვა: “ჩემთვის აღარაფერი არსებობდა როკ-ენ-როლის გარდა; მხოლოდ როკ-ენ-როლი, სექსი, საჭმელი და ფული”.

მისი ოცნება, გამხდარიყო მდიდარი და სახელგანთქმული - სწრაფად ასრულდა. მიუხედავად დეიდამისის გაფრთხილებისა - “გიტარა კარგია როგორც ჰობი, მაგრამ ამით ვერ იცხოვრებ” - თავისი მრავალმხრივი, არაორდინარული მონაცემებიდან საკუთარი მე ყველაზე უკეთ მუსიკით გამოხატა და სწორედ ამან მოუტანა დიდება. 1967 წელს დაწერა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ წაიკითხა გაზეთში სევდიანი ახალი ამბავი.

30 წლისამ გადაწყვიტა, რომ ცხოვრება მხოლოდ მუსიკა არ იყო და დაიწყო მშვიდობისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა. მისი საპროტესტო აქციები ისეთივე ორიგინალური იყო, როგორც ყველაფერი სხვა, რასაც ხელს ჰკიდებდა. მისი ზეგავლენა იმდენად დიდი იყო საზოგადოებაზე, რომ ხუთი წელი დასჭირდა ამერიკაში ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის: ქვეყნის უმაღლეს ადმინასტრაციას ეშინოდა ადამიანის, რომელმაც 26 წლის ასაკში განაცხადა, ქრისტეზე პოპულარული ვარო. მთელი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში გაატარა; მისი სახელი მასმედიის საშუალებებს არ მოსცილებია.

იმდენად სახელგანთქმული გახდა, რომ თავისუფლად შეეძლო ავტობუსში ან ბარში შესვლა - მას ვერ ცნობდნენ; უბრალოდ, ვერ წარმოედგინათ, რომ ის - ის იყო.

ერთხელ ყველაფერს თავი დაანება, სახლში ჩაიკეტა და შვილს ზრდიდა. ასე გაგრძელდა ხუთი წელიწადი. იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და პოპულარული ძიძა გახდა. როცა ბავშვი წამოიზარდა, ისევ მუსიკას დაუბრუნდა და მშვენიერი ალბომი ჩაწერა; სამწუხაროდ, უკანასკნელი.

ერთხელ ნათქვამი ჰქონდა: “მე არ მეშინია სიკვდილის. მე მისთვის მზად ვარ, რადგან არ მჯერა მისი. ეს ისეა, როგორც ერთი მანქანიდან გადმოსვლა და მეორეში ჩაჯდომა”.

1980 წლის 8 დეკემბერს თავის სახლთან, მანქანიდან გადმოსულს, თაყვანისმცემელმა ხუთი ტყვია ესროლა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გადიყვანეს, მაგრამ საავადმყოფომდე ვერ მიაღწია. მეორე დღეს მთელი მსოფლიო კითხულობდა სევდიან ახალ ამბავს.

აქამდე როკ-მუსიკოსები ავია- და ავტოკატასტროფებში იღუპებოდნენ, ალკოჰოლი ან ნარკოტიკები უღებდათ ბოლოს, უკურნებელი სენით შეპყრობილნი საკუთარ საწოლში ღაფავდნენ სულს. იგი პირველი იყო, ვინც თაყვანისცემამ მოკლა.

სიკვდილიდან 15 წლის შემდეგ მეგობრებმა დიდებული საჩუქარი გაუკეთეს მსოფლიოს, როცა მაგნიტოფონზე ჩაწერილი მისი ხმა ახალი სიმღერისთვის გამოიყენეს.

მეგობრებს ერქვათ პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი.