რუსეთმა და აფხაზეთმა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გააფორმეს

სერგეი ლავროვი (მარცხნივ) და სერგეი ბაღაფში

საქართველოსთან ომის დასრულების აღსანიშნავად აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ესტუმრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ვიზიტის ფარგლებში, ლავროვმა, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერების გარდა, შეხვედრები გამართა სოხუმის უნივერსიტეტსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ნაწილებში.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის რამდენიმედღიანი ვიზიტი დღეს სრულდება. სოხუმში ვიზიტისას ლავროვი სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერებს შეხვდა და თავის აფხაზ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს შეთანხმება როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას შიდა პასპორტებითაც კი უვიზოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამ შეთანხმებას თბილისიდან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე:

დავით ბაქრაძე
„ლავროვს შეეძლო გაეფორმებინა უვიზო მიმოსვლა პერმის, კოსტრომის ან ნოვოსიბირსკის ოლქებთან, რადგან აფხაზეთი არანაირ წარმონაქმნს არ წარმოადგენს. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ამიტომ ყველა მცდელობა, რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიას შესძინონ რაიმე სახით სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.“

ბაქრაძის პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები სრულებით საკმარისია აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად.

„ხალხის ცხოვრების თვალსაზრისით, ეკონომიკის ფუნქციონირების თვალსაზრისით, სოციალური და სხვა პრობლემების გადასაჭრელად და ასევე, რაც მთავარია, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არავითარი დამატებითი აღიარება, გარდა იმისა, რაც რუსეთის ფედერაციამ გააკეთა, აუცილებელი არ არის.“

ლავროვმა იქვე აღნიშნა, რომ, ნიკარაგუისა და ვენესუელას გარდა, სხვა სახელმწიფოებიც აცნობიერებენ ახალ რეალობას, რომელიც გასული წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა, და მათ აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარების სურვილი უჩნდებათ. ეს კი რაღაც ეტაპზე იურიდიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად გადაიქცევაო, – დასძინა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.

ლავროვის სოხუმში ვიზიტს და იქ გაკეთებულ განცხადებებს მისი ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა:

გრიგოლ ვაშაძე
„ეს ვოიაჟები მოსკოვიდან სოხუმში რუსების სასოწარკვეთილების კიდევ ერთი გამოხატულებაა. იციან, მშვენივრად იციან, რომ მოუწევთ აფხაზეთიდან წასვლა და რამდენ ხელშეკრულებასაც არ უნდა მოაწერონ ხელი, რუსეთის ყველა დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ არის დოკუმენტირებული და სამართლებრივად დამტკიცებული.“

ჯერჯერობით კი რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში პოზიციების გამყარებითაა დაკავებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მოსკოვმა აფხაზეთს საკუთარი შიდა სატელეფონო კოდი მიანიჭა. ამის შემდეგ აფხაზეთიდან საზღვარგარეთთან დაკავშირება და, პირიქით, რუსეთის საერთაშორისო სატელეფონო კოდით განხორციელდება. აქამდე აფხაზეთი საქართველოს საერთაშორისო კოდით სარგებლობდა.