დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას "ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთი წლის შემდეგ". როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება სტრასბურგიდან, რეზოლუცია გავიდა ძირითადად ისე, როგორც ის პროექტის სახით იყო წარმოდგენილი. ჩვენს რადიოსთან საუბარში საქართველოს დელეგაციის წევრებმა, როგორც ხელისფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უკიდურესი კმაყოფილება გამოთქვეს რეზოლუციის საბოლოო ტექსტით. მიღებულ რეზოლუციაში შესულია ის ტექსტი, რომელმაც კენჭისყრამდე აზრთა დიდი დაპირისპირება გამოიწვია. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთს 2010 წლის 1 იანვრამდე დაუწესდა ვადა, რომელშიც მან უნდა შეასრულოს ევროპის საბჭოს ძველი რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები (ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, ჯარის გაყვანა ომამდელ პოზიციამდე, საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის მის მიერ დაკავებულ არეალებში შესვლის უფლების მინიჭება, ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნისთვის ხელის შეწყობა). ხუთშაბათს ევროპის საბჭოში გაიმართება დებატები რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების თაობაზე.