ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

გასული კვირა ქართულ პრესაში ნიუ-იორკში მიმდინარე შეხვედრების ანალიზითა და, ამ ფონზე, საქართველოს მომავალზე მსჯელობით დაიწყო.

”დასავლეთი რუსეთს სამეგობროდ ეპატიჟება და ამისთვის მრავალი მიზეზიც აქვს: რუსეთი ახლოს დგას დასავლურ ცივილიზაციასთან, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და მათ ასათვისებლად დასავლური კაპიტალი აუცილებელია. რუსეთი პირდაპირ საფრთხეს ვერ უქმნის დასავლეთს, მაგრამ, მტრობის შემთხვევაში, ბევრ პრობლემას შეუქმნის. ასე რომ, დღეს ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის “ჩათრევის” პოლიტიკას, რომელსაც ამერიკა და ნატო ერთობლივად ახორციელებენ. ამ კონტექსტში ჯერ კიდევ პასიურია ევროკავშირი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გააქტიურებაც მოხერხდება”, - აცხადებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს: “საქართველოს ხელისუფლებისათვის ამ სიტუაციის სწორად გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი სწრაფ შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას.”

გაზეთი ”მთელი კვირა” კი ორშაბათს აშშ-ის დაზვერვის ვრცელ მოხსენებაზე საუბრობს, სადაც რუსეთი იმ ქვეყანათა სიაში მოხვდა, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. ” როგორი იქნება თეთრი სახლის სტრატეგია უახლოეს პერიოდში? - ხომ არ ეწინააღმდეგეება ერთმანეთს სადაზვერვო მოხსენებაში რუსეთის, როგორც “ბოროტების ღერძის”, ახალი წევრის დასახელება და ობამას გადაწყვეტილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიის შეცვლის შესახებ? აქ გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს - პირიქით, სტრატეგია ნათელია - ვაშინგტონი გახსნილია თანამშრომლობისთვის და მზადაა კომპრომისებისთვის - თუმცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იტოვებს ადეკვატური მოქმედების უფლებას.... - ობამას გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, ეს თანამედროვე “ცივი ომის” შემდგომ შექმნილი საერთაშორისო სისტემაა, სადაც კომპრომისი მარცხად არ აღიქმება”, - წერს ნიუ-იორკიდან სპეციალურად გამოცემისთვის გამოგზავნილი სტატიის ავტორი დავით სტურუა.

ნიუ-იორკის შეხვედრების ფონზე, პრესაში უკვე შუა კვირაში იყო ნახსენები ტალიავინის კომისიის დასკვნა. პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა ”ალიას” უთხრა:

” გუშინწინ ტალიავინის კომისიის დასკვნა გადაეცა გაერო-ს გენერალურ მდივანს. სხვა წყაროებიდან ვიცი, რომ, ტალიავინის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი 80 პროცენტით დამნაშავეა. ეს უკვე დაიწერა დასავლურ პრესაში. ეს დასკვნა არის კატასტროფულად უარყოფითი და ამიტომაც იყო ნიუ-იორკში ჩასული სააკაშვილი ცუდ ხასიათზე. როგორც ჩანს, დასკვნაში ძალიან სკანდალური რაღაცები წერია.” - ინტერვიუში რამაზ კლიმიაშვილი გაზეთ “გარდიანში” გამოქვეყნებულ წერილზეც საუბრობს. იგი ამ პუბლიკაციას 20 წლის წინანდელი პრეზიდენტების ღია წერილს უწოდებს. ”ახლა, ვაცლავ ჰაველი ფულს არ აიღებს, იგივე მიხნიკი და სხვები, - უთხრა მან ”ალიას”, მაგრამ სტატიის დაბეჭდვაში ფული რომ იქნება გადახდილი, ეს ცხადია. სტატია დააწერინეს ვინმეს და მერე სთხოვეს მავანსა და მავანს, ხელი მოეწერა”, - აცხადებს რამაზ კლიმიაშვილი.

ტალიავინის დასკვნას შაბათის ”ახალ თაობაში” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც ახსენებს. მან გაზეთს უთხრა: ”ძირითადი მნიშვნელობა სააკაშვილის გამოსვლას აქვს იმ ჭრილშიც, რომ სულ რამდენიმე დღეში, 30 სექტემბერს, ტალიავინის ცნობილი კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება. ამიტომ დღეს მსოფლიო საზოგადოებას ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება მეტი დამატებითი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, რომ ტალიავინის დასკვნა თავის ფორმატში, მოცულობასა და პოლიტკორექტულობის ჭრილში ერთგვარად შეზღუდულია. ამიტომ ჩემთვის სააკაშვილის ამ გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მსოფლიოსთვის უფრო გასაგები იყოს რუსეთის განგრძობადი აგრესია საქართველოს მიმართ.”

ამ კვირაში თბილისის მერობის ახალი კანდიდატების ამბავი იყო აქტუალური ქართულ პრესაში.

“ირაკლი ალასანიამ არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნებისმიერ არჩევნებში - მათ შორის, ადგილობრივ არჩევნებში - მონაწილეობის მისაღებად მზად არის. ამ საკითხთან დაკავშირებით მას პრობლემები არც “ალიანსის” სხვა სუბიექტებთან - “ახლებსა” და “რესპუბლიკელებთან” აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, მოკავშირეების მოძებნა უჭირს ოპოზიციის სხვა ლიდერებს შორის - ვინც “არალეგიტიმური ხელისუფლების” “არალეგიტიმურ არჩევნებში” მონაწილეობას არ გეგმავს”, - წერს “24 საათი” სტატიაში, სათაურით ”ოპოზიციის შემოდგომა”.

”ახალ თაობაში” კი ვკითხულობთ:
“მართალია, ალასანია ხელისუფლების თამაშის მოთამაშედ მიიჩნევა, მაგრამ ნაციონალებში ისიც ბევრს არ მოსწონს. ოპოზიციის ნაწილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ალასანიასთვის ხელისუფლების გადაბარება უკვე დაიწყო. გუშინდელი განცხადების შემდეგ ოპოზიციას ეს აზრი უკვე განუმტკიცდა. ქვეყანაში რომ ცვლილებების დროა, ამაში ეჭვი არც ალასანიას ახალ თანამებრძოლ სუბარს ეპარება. ის მოუთმენლად ელის, როდის შეიცვლება ხელისუფლება, თუმცა ამბობს, რომ ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს.”

შაბათს ”რეზონანსი” მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. “აგვისტოში ხელისუფლებაში დაწყებული საკადრო ცვლილებები რომ არ დასრულებულა, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმაც გააკეთა და პრემიერ-მინისტრმაცო”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ჯანდაცვის მინისტრმა გილაურის ნდობის მოსაპოვებლად მიცემული საგამოცდო ვადა როგორ გაიარა და შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას. მით უმეტეს, რომ კულუარებში კვიტაშვილის შემცვლელად, ერთი ვარიანტით, პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი განიხილება. ამასთან, იმაზეც იყო საუბარი, რომ კერვალიშვილი მერობის კანდიდატი იქნებოდა, რადგან უგულავას ამბიციები ხელისუფლების მმართველი გუნდის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მას შემდეგ კი, რაც ირაკლი ალასანიამ თავი მერობის კანდიდატად დაასახელა, სამთავრობო წრეებში უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ სააკაშვილი მერობის კანდიდატად უგულავას დატოვებს და კერვალიშვილი სწორედ ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნება. გაჩნდა მოლოდინი, რომ სამთავრობო ცვლილებები სააკაშვილის საქართველოში ამერიკიდან დაბრუნებისთანავე განხორციელდება, სადაც პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც ქვეყანაში ხორციელდება და, როგორც წესი, ხელისუფლება რეფორმების მორიგ ტალღას ყოველთვის საკადრო ცვლილებებით იწყებს”, - წერს ”რეზონანსი” შაბათის ნომერში.