სააკაშვილი: ”ქართველი ხალხი ვერ და არ შეეგუება ახალ დაყოფას”

მიხეილ სააკაშვილი

ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ცდილობს გააღრმავოს დემოკრატიული რეფორმები - "ძლიერი დემოკრატია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმ ახალი კედლის დასამხობად", რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს.

სააკაშვილის გამოსვლის მთავარი ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს დაეთმო. სააკაშვილმა პარალელი გაავლო ბერლინის კედელსა და "ახალ ხელოვნურ გამყოფ ხაზს" შორის, რომელსაც აშენებენ "ზუსტად ის ადამიანები, რომელთა იდეებიც კოლექტიურად და გადაჭრით დაამარცხეს 20 წლის წინ", როცა ბერლინის კედელი დაინგრა. "საქართველო არ მოელის, რომ ეს კედელი ერთ დღეში გაქრება" - განაცხადა სააკაშვილმა. "გვესმის მოთმინების საჭიროება. მაგრამ ბერლინის კედლის ისტორია გვასწავლის, რომ მოთმინება პასიური არ უნდა იყოს" - აღნიშნა მან.

"ბერლინის კედელი დაინგრა კედლის ორივე მხარეს მებრძოლი, მოწესრიგებული და ენერგიული თავისუფლების პარტიზანების გაბედული ძალისხმევის მეშვეობით. ისინი განუწყვეტლივ შეახსენებდნენ მსოფლიოს ამ კედლის არალეგიტიმურობისა და უკანონობის შესახებ, მისი დანგრევის დასაჩქრებლად." "შეიძლება არაპოპულარული იყოს, მაგრამ ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა. სიმართლე კი ის არის, რომ კედლის არსებობა აკნინებს პროგრესს, რომლის მოწმეც ვიყავით 20 წლის წინანდელი ნათელი დღის შემდეგ, როცა ბერლინის კედელი დაინგრა." საქართველოზე გამავალი "კედლის" შესახებ სააკაშვილმა თქვა: "ეს კედელი ჩვენი ტერიტორიის ერთ მეხუთედს გვაჭრის, ევროპას კიდევ ერთხელ ჰყოფს კედელი, ის ქმნის რეპრესიისა და შიშის ახალ ხაზებს - ხელოვნურად ჰყოფს ევროპული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებს."

თავის სიტყვაში სააკაშვილი შეეხო ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლასაც: "ისინი, ვინც ჩემს რეგიონში ომი გააჩაღა და ჩემს ქვეყანაში ეთნიკური წმენდა განახორციელა, გუშინ ამ დარბაზში აცხადებენ, რომ იძულებული იყვნენ, ეს გაეკეთებინათ 'უსაფერთხოების განუყოფლობის პრინციპის განსახორციელებლად'. მათ თქვეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ... რადგან მათი წინაპრები შეიჭრნენ პოლონეთში 1939 წელს, ფინეთში - 1940 წელს, უნგრეთში 1956-ში, ჩეხოსლოვაკიაში - 1968-ში და ავღანეთში - 1979 წელს. დიახ, მათ უნდა აღეგავათ პირისაგან მიწისა 400 ათასი ადამიანით დასახლებული გროზნო იმისათვის, რათა დაენგრიათ და გაენადგურებინათ ჩეჩენი ერის სიამაყე და დაეხოცათ ათობით ათასი უდანაშაულო ქალი და ბავშვი" - განაცხადა სააკაშვილმა.

"დღეს სისასტიკის ეს აქტები უპასუხოდ რჩება, საერთაშორისო სამართლის, ამ ორგანიზაციისა და ვითარების გამოსწორებისთვის საერთაშორისო დონეზე ხელმოწერილი შეთანხმებების საწინააღმდეგოდ. ეს არის ფაქტები, რომლებიც ხდება ჩვენი შეკრების პარალელურად. და, ამ ფაქტებს აქვს სახელი: შეიარაღებული აგრესია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები და მიმდინარე უკანონო ოკუპაცია" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა: "მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს ხალხი ვერ და არ შეეგუება ამ ახალ დაყოფას. ეს უცვლელი მიდგომაა."

საქართველოს ლიდერმა გაეროს მოუწოდა სერთაშორისო სამართლის დაცვისა და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლის არდაშვებისკენ.

გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. ახსენა ისიც, რომ ხელისუფლებამ საშუალება მისცა ოპოზიციას, სამი თვის მანძილზე საპროტესტო აქციები ეწარმოებინა მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მთავარი ქუჩა და მოახდინეს სახელისუფლებო შენობების პარალიზება.

"ხელისუფლებამ უკვე მისცა ლიცენზია ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სატელევიზიო სადგურებს მთელ ქვეყანაზე მაუწყებლობისთვის" - განაცხადა მან და ისაუბრა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიწვევისა და მათთვის სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

სააკაშვილი შეეხო 30 მაისისთვის მოსალოდნელი ადგილობრივი არჩევნების თემასაც და განაცხადა, რომ მთავრობა "აპირებს ყველა მერის პირდაპირი არჩევის" წესის შემოღებას. საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, რომ დაწყებულია ისეთ საარჩევნო წესებზე მუშაობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შორის "კონსენსუსს დაეფუძნება".